LIVE

ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებული ცვლილება, რომელიც არაფერს ცვლის

22 სექ 202220:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 828
ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებული ცვლილება, რომელიც არაფერს ცვლის

საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში ცვლილებებს იმისთვის, რომ კანონი შესაბამისობაში მოიყვანოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებული მუხლების გარკვეული შინაარსი, ვინაიდან არსებული რედაქცია ზღუდავს საკუთრების უფლებას.

ცვლილების ინიციატორი ირწმუნება, რომ შედეგად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა შესაბამისობაში მოვა საქართველოს კონსტიტუციასთან, თუმცა სპეციალისტები საპირისპიროზე საუბრობენ.

რატომ და როგორ იცვლება კოდექსი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2022 წლის 25 თებერვალს გადაწყვიტა, რომ კონსტიტუციის მე-19 მუხლთან მიმართებაში (საკუთრების უფლება) ძალადაკარგულად იქნას ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვები: „ან/და ამ ქონების მიმართ ჩადენილია დანაშაული ან/და იგი დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული”.

სასამართლოს აზრით, აღნიშნული სიტყვები შესაძლებელს ხდის, რომ ქონებას ყადაღა დაბალი მტკიცებულებითი სტანდარტის ფარგლებში დაედოს, რაც გაუმართლებელია. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს ამბობს, რომ თუ კანონმდებელს სურს, დამნაშავეს ქონებაზე წვდომა შეუზღუდოს დანაშაულის პრევენციის მიზნით, მას შეუძლია ამისთვის ბევრად უფრო ვიწრო რეგულაცია დაადგინოს. მაგალითად, ქონებაზე ყადაღის დადება დაუშვას იმ შემთხვევაში, თუ ამ ქონების ახალი დანაშაულის ჩასადენად გამოყენების დასაბუთებული ვარაუდი არსებობს, დააყადაღოს ქონება მისი განადგურების აღკვეთის ან შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად.

სასამართლომ ასევე ძალადაკარგულად ცნო კოდექსის 158-ე მუხლის ის ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ზემოხსენებული 151-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დადებული ყადაღის მოქმედების ვადას. ნორმა, რომელიც ქონებაზე ყადაღის მოქმედების გაგრძელების შესაძლებლობას იძლევა ძალიან ხანგრძლივი ვადით, სასამართლომ არ მიიჩნია საკუთრების უფლების მზღუდავ პროპორციულ საშუალებად, რადგან „ქონების მესაკუთრე, ისე რომ საქმეზე მისი ბრალეულობაც ვერ დასტურდება და ყადაღის გამოყენების ვადაზეც არ აქვს რაიმე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა, ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოკლებულია ქონების განკარგვის და აუცილებლობის შემთხვევაში, ქონებით სარგებლობის შესაძლებლობას.“

სასამართლოს გადაწყვეტილების და არგუმენტაციის საფუძველზე, პარლამენტმა ქონებაზე ყადაღის დადების საკითხების „ახლებურად“ მოწესრიგების მიზნით, საკანონმდებლო ცვლილების დაჩქარებული წესით განხილვა დაიწყო.

ცვლილების ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ პროკურატურა „დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებას ან ქონებას, რომლის მიმართაც ჩადენილია დანაშაული“ დააყადაღებს იმ შემთხვევაში, თუ:

  • არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ ქონებას ახალი დანაშაულის ჩასადენად გამოიყენებენ;
  • არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ ქონებას გაანადგურებენ ან დააზიანებენ;
  • არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ ქონებას გადამალავენ ან დახარჯავენ;
  • ამ ქონებაზე ყადაღის დადება აუცილებელია მისი შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, რადგან დასაბუთებული ვარაუდის მტკიცებულებითი სტანდარტით დასტურდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლით გათვალისწინებული ქონების ჩამოსართმევად საჭირო შესაბამისი გარემოებების არსებობა.

საკონსტიტუციო სასამართლოს არგუმენტაცია ყადაღის „ძალიან ხანგრძლივ ვადასთან“ დაკავშირებით კი, პარლამენტმა ასე გაიგო და ასე ასახა ცვლილებების პროექტში:

ქონებას ყადაღა სამ ეტაპად ედება და თითოეულ ეტაპზე ყადაღის დადების ვადა არის 12 თვე. ყოველ შემდეგ ეტაპზე დადგენილი 3 ვადით ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდების მხარე, ანუ პროკურატურა მიმართავს. გამოდის, რომ ცვლილებების შემდეგაც, კვლავ პროკურატურის შეხედულებაზე იქნება დამოკიდებული გახანგრძლივდება თუ არა ყადაღა და ამასთან, ცვლილებებში არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ დაცვის მხარეს უნდა ჰქონდეს საშუალება გაასაჩივროს საკუთრების უფლების შეზღუდვის საფუძველი.

რატომ არ ამთავრებს პარლამენტი არაკონსტიტუციურ პრაქტიკას?

იურისტები ამბობენ, რომ კანონის ახალი რედაქცია იმ მანკიერი პრაქტიკის გაგრძელებაა, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე არსებობდა და რომელიც ბიზნეს ინტერესების ხელყოფის ერთგვარი იარაღი იყო პროკურატურის ხელში. მათივე თქმით, ამ პრაქტიკას ხშირად სხვადასხვა ტიპის კულუარული გარიგებებიც ახლდა თან იმის გამო, რომ ყადაღის მოხსნის სამართლებრივი ბერკეტი არ არსებობდა ქონების მესაკუთრის ან დაცვის მხარის ხელში. სხვათა შორის, სპეციალისტებს და დაინტერესებულ მხარეებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს განაჩენი ძალას დააკარგვინებდა ყადაღის არსებულ ნორმას და საკუთრების მფლობელს, მის დაცვის მხარეს მისცემდა საფუძველს სასამართლოსთვის მიემართა ყადაღის გაუქმების შუამდგომლობით, თუმცა როგორც ჩანს, პარლამენტს სწორედ ამ ნაწილის ცვლილება არ სურს. 

„ექვსი თვის განმავლობაში, პარლამენტმა პროკურატურასთან ერთად იფიქრა, იფიქრა და შემოგვთავაზა იმგვარი ცვლილება კანონში, რომელიც პრაქტიკულად წყალში ყრის საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობებს. პრაქტიკულად იგივეს აკანონებს, ახალი ვადით. მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ არ შეიძლება ამ ტიპის ყადაღა ქონებაზე ასეთი ხანგრძლივი ვადით იყოს დაუსაბუთებლად დადებული, რადგან იქ ვადით არ იყო შეზღუდული ეს ყადაღა და განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის ვადამდე იყო ძალაში, ან გამოძიების შეწყვეტამდე. ახალი რედაქციით, კანონმდებელი გვეუბნება, რომ არ აქვს მნიშვნელობა აქამდე არსებულ ყადაღას, რომელზეც საკონსტიტუციომ თქვა, რომ არაკონსტიტუციურია. ახალი რედაქცია, ისევ პროკურატურას აძლევს უფლებამოსილებას, პრაქტიკულად იგივე საფუძვლით, ახალი ვადით, ხელახლა სამი წლით დაადოს ყადაღა ასეთ ქონებებს და საუბარია ძალიან დიდ ქონებებზე. ეს იცით როგორი საქმეებია? გამოძიება რომ დაიწყება და მერე თაროზე რომ შემოდებენ ხოლმე ხანგრძლივი ვადით - 5, 6, 7, 8 10 წელი რომ დევს ხოლმე თაროზე, მაგრამ თან ახლავს ყადაღის განჩინებები და ასეთ მნიშვნელოვან ქონებებს კერძო მესაკუთრეები, ბიზნესის მესაკუთრეები, ინვესტორები ვერ იყენებენ, ვერ განკარგავენ, რადგან ამ ყადაღის გასაჩივრების მექანიზმებს არ ცნობს კანონმდებლობა. საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ პარლამენტს უნდა ეფიქრა, მათ შორის, ამ ყადაღის გადახედვის მექანიზმებზეც. ჩემდა სამწუხაროდ და გასაოცრად, კანონმდებელმა არ იფიქრა ამაზე. მათ ჩადეს ნორმა, რომ მხოლოდ პროკურატურას შეუძლია შევიდეს სასამართლოში ამ ყადაღის გაუქმების მოთხოვნით. ეს სრულიად დისკრიმინაციულია ქონების მესაკუთრესთან მიმართებაში და დაცვის მხარესთან მიმართებაში, ანუ მათ არ შეუძლიათ ყადაღის არსებობის ვადაში, რომელიმე ეტაპზე სადავოდ გახადონ ყადაღის საფუძვლები. სწორედ აქ უნდა ჩაკეტვა კანონმდებელს, რომ ავტომატურად კი არ გაუქმდეს არსებული ყადაღები, რისი მოლოდინიც იყო, არამედ პროკურატურა კიდევ ექვსი თვე იფიქრებს, ზოგ შემთხვევაში იმას მოიფიქრებს, ზოგიერთ შემთხვევაში ამას მოიფიქრებს, არ ვიცი ამის უკან კიდევ რა კულუარული მოლაპარაკებები იქნება. ზოგიერთ შემთხვევაში მიმართავს სასამართლოს ყადაღის გაუქმებაზე, ზოგიერთ შემთხვევაში - მიმართავს ისევ ხელახალი ყადაღის დადების შუამდგომლობით, რაც სრულიად არაკონსტიტუციურია,“ განმარტავს იურისტი.

დასაბუთებული ვარაუდი, ანუ პროკურატურის „უღრანი ტყე“

კანონის ახალ რედაქციაში ყადაღის დადების საფუძვლად აღიარებულ ყველა გარემოებას თან ახლავს სიტყვათშეთანხმება „თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი“. შესაბამისად, ჩვენ ვკითხეთ მაია მწარიაშვილს, რამდენად პრობლემატურია საკითხი თუკი გავითვალისწინებთ, რომ ყველა შემთხვევაში, პროკურატურამ ყადაღის დადება „დასაბუთებული ვარაუდის“ საფუძველზე უნდა მოითხოვოს. იურისტი ამბობს, რომ ეს „დასაბუთებული ვარაუდი“ პრაქტიკაში ყველაზე მსუბუქი და შეუსაბამო სტანდარტია. გარდა ამისა, საუბარია ისეთი ქონების დაყადაღებაზე, რომელიც მეტწილად, არც ბრალდებულს ეკუთვნის და არც მასთან დაკავშირებული პირის.

„ეს არის ბრალის სტანდარტი, რომელიც, როგორც წესი, დასაბუთების არანაირ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს ხოლმე. ყადაღის განჩინებები ხომ საერთოდ დაუსაბუთებელია. როგორც წესი, განჩინებაში მოსამართლე წერს, რომ ეთანხმება პროკურატურის არგუმენტებს, თუმცა არ წერს რა არგუმენტებს - არავინ არ იცის რას ეთანხმება, ან არ ეთანხმება. ეს არის სრულიად უღრანი ტყე, სწორედ ამიტომ იმსჯელა საკონსტიტუციო სასამართლომ და თქვა, რომ არსებული მექანიზმები სრულიად დისპროპორციული იყო საკუთრების უფლებასთან. ეს არის შეჭრა მესაკუთრის უფლებებში - აბა საკუთრების უფლება სხვა რაღაა, თუ ვერ განკარგავ საკუთარ ქონებას ასეთი ყადაღების გამო? თან ეს ყადაღა არ უკავშირდება ბრალდებულის ქონებას, ან მასთან დაკავშირებული პირის ქონებას, ეს არ უკავშირდება ბრალდებულს, ან მასთან დაკავშირებულ პირს. ეს მესამე ნაწილი, რომელიც სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სწორედაც რომ დაუსაბუთებლად აფართოებდა ძალიან ამ ფარგლებს, მიუხედავად იმისა, ვისია დასაყადაღებელი ქონება, პროკურატურა კი აბსოლუტურად არ შედიოდა დასაბუთებაში. სინამდვილეში, ბრალდებულთან შეიძლება არანაირი კავშირი არ ჰქონდეს ამ ქონებას, მაგრამ ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყოს დაყადაღებული აი ამ ნორმის საფუძველზე და ამ დამკვიდრებული პრაქტიკის საფუძველზე,“- განგვიმარტა იურისტმა და მაგალითიც დაასახელა.

მაგალითად, დავუშვათ, გარკვეული ქონება მისმა მფლობელმა შეისყიდა სრულიად კეთილსინდისიერად, თუმცა ეს ქონება თავის დროზე სახელმწიფოს მფლობელობიდან კერძო მფლობელობაში გადავიდა - მოხდა მისი პრივატიზება და იყიდა ბიზნეს სუბიექტმა, რამდენიმე წლის შემდეგ კი გადაყიდა სხვა ინვესტორზე. თუკი გამოძიება დაიწყება რომელიმე თანამდებობის პირთან მიმართებაში იმ ვარაუდით, რომ მან, შესაძლოა, თავის დროზე, პრივატიზების პროცესში ჩაიდინა გარკვეული დანაშაული, რასთანაც ქონების ამჟამინდელ მფლობელს ვერანაირად ვერ ექნება კავშირი, ქონება შეიძლება მაინც დაყადაღდეს პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე.

„წარმოიდგინეთ, მას მერე რამდენმა წყალმა ჩაიარა, ქონება შეიძინა ერთმა ბიზნეს სუბიექტმა, იმან გადაყიდა სხვა ბიზნეს სუბიექტზე, რომელიც ვერასოდეს შევიდოდა დანაშაულებრივ გარიგებაში - უფრო მეტიც, ის თავდაპირველი მფლობელი ხშირად პასუხისგებაშიც არ არის ხოლმე მიცემული, უბრალოდ გამოძიებაა დაწყებული და ამ დროს ქონება, რომელსაც სულ სხვა მფლობელი ჰყავს, ყადაღდება,“ განმარტავს მაია მწარიაშვილი.

სად არის გამოსავალი, ანუ როგორ დავიცვათ საკუთრების უფლება

მაია მწარიაშვილს „პარლამენტის გონიერების და ამ საკითხზე მომუშავე დეპუტატების კვალიფიკაციის დიდი იმედი“ არ აქვს და ადვოკატებს, ქონების მესაკუთრეებს ურჩევს გამოიყენონ მათი კონსტიტუციური უფლება, ისარგებლონ საკონსტიტუციო სასამართლოს ტექსტით, განმარტებებით, მსჯელობებით და ისე, რომ არ დაელოდონ პროკურატურას, თავად მიმართონ სასამართლოს, თავად მოითხოვონ „ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო“ დადებული ყადაღების გაუქმება.

„სამომავლოდ, ახალ საქმეებთან დაკავშირებით, უნდა ვიმოქმედოთ იმ ახალი კანონიდან გამომდინარე და ვფიქრობ, ახალი კანონის შემდეგ პირველივე შემთხვევა გახდება ისევ საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვის საგანი. ანუ, ვინც თავს ჩათვლის დაზარალებულად ხელახლა მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს და პროცედურა უფრო მარტივი იქნება ამ შემთხვევაში. ასევე, ძალიან გამართლებული იქნება და დარწმუნებული ვარ, ყველა ასეთი სარჩელი წარმატებით დასრულდება სტრასბურგის სასამართლოში. მას შემდეგ, რაც ყადაღის ამ ეტაპებს გაივლის, ნებისმიერმა დაინტერესებულმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სტრასბურგის სასამართლოს და ჩვენ ეს პრეცედენტები უნდა შევქმნათ,“- აცხადებს BLB-ის უფროსი პარტნიორი.