LIVE

მსოფლიოში სასურსათო კრიზისი ღრმავდება

23 სექ 202210:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 674
მსოფლიოში სასურსათო კრიზისი ღრმავდება

უკრაინის ომი აღრმავებს სასურსათო უსაფრთხოებისა და საკვების გლობალურ კრიზისს. ამის მიზეზი ენერგიის მაღალი და არასტაბილური ფასი, მიწოდების ჯაჭვის შეფერხებები, სასუქის ფასები და შემზღუდავი სავაჭრო პოლიტიკაა. 

სასურსათო კრიზისს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები მეორე ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურნენ. განცხადების ტექსტს ხელს სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF), მსოფლიო ბანკის ჯგუფის (WBG), მსოფლიო სურსათის პროგრამისა (WFP) და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) ხელმძღვანელები აწერენ. გლობალური სასურსათო უსაფრთხოების კრიზისის გადასაჭრელად ისინი სასწრაფო ზომების მიღებას მოითხოვენ. 

ორგანიზაციებისთვის საგანგაშოა, რომ ფასისა და ექსტრემალური ამინდის გამო, საკვები ბევრისთვის მიუწვდომელია და ეს ტენდენცია კიდევ უფრო მწვავდება.  

სასუქების ბაზრები მსოფლიოში არასტაბილური რჩება, განსაკუთრებით ევროპაში, სადაც ბუნებრივი აირის მიწოდების და ფასის გამო, ზოგიერთმა მწარმოებელმა მუშაობა შეწყვიტა. ამის გამო, მომდევნო სეზონზე, შესაძლოა, შემცირდეს სასუქის მოხმარება, რაც თავის მხრივ, გაახანგრძლივებს და გააღრმავებს კრიზისის გავლენა 

"ჩვენს პირველ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია ოთხი ძირითადი მიმართულებით მიღწეული პროგრესი. ყველა ეკონომიკისთვის განხორციელებული ან დაგეგმილი სოციალური მხარდაჭერის ზომები 2022 წლის აპრილიდან სექტემბრამდე პერიოდში გაოთხმაგდა და 37-დან და 148-მდე გაიზარდა", - აღნიშნულია განცხადებაში.   

ორგანიზაციები მიესალმებიან გლობალურ კრიზისზე რეაგირების ჯგუფის ძალისხმევას და შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივას: ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრის მეშვეობით, უკრაინიდან უკვე ექსპორტირებულია 3 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეული და საკვები პროდუქტები. 

"გვამხნევებს, რომ ქვეყნების მიერ ვაჭრობის შემზღუდავი ზომების კლების ტენდენცია ფიქსირდება და იმედი გვაქვს, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება. სხვადასხვა ინიციატივის მეშვეობით, იზრდება ყველაზე დაუცველი ქვეყნების საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერა", - აღნიშნულია განცხადებაში.  

სასურსათო კრიზისის დასაძლევად მსოფლიო ბანკი $30-მილიარდიან პროგრამას ახორციელებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი, საგანგებო დაკრედიტების ინსტრუმენტების ფარგლებში, ახალი ინიციატივებით გამოდის. ამასთან, FAO-მ შეიმუშავა პოლიტიკის რეკომენდაციების სერია და მოამზადა ნიადაგის კვების დეტალური რუკები, რაც ქვეყნებს სასუქების გამოყენების ეფექტურობის გაზრდაში დაეხმარება. 

ორგანიზაციების თანახმად, იმპულსის შენარჩუნება და მომავლისთვის მდგრადობის უზრუნველყოფა მოითხოვს მუდმივ ყოვლისმომცველ და კოორდინირებულ ძალისხმევას შემდეგი მიმართულებებით: ეფექტური წარმოებისა და ვაჭრობის მხარდაჭერა, გამჭვირვალობის გაუმჯობესება, ინოვაციების დაჩქარება და ერთობლივი დაგეგმვა და კვების სისტემის ტრანსფორმაციის ინვესტირება.