LIVE

მეორადი სათამაშოები, შესაძლოა, ბაზრიდან გაქრეს

12 თებ 202117:13
3 წუთის საკითხავი
clock clock 1205

მეორადი სათამაშოების მაღაზიების დიდი ნაწილი, შესაძლოა, დაიხუროს. კომპანიებმა არ იციან, შეძლებენ თუ არა პირველი ივლისიდან სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დაკმაყოფილებას. რეგულაციების გამო, მოსალოდნელია ახალი სათამაშოების გაძვირებაც.

პირველი ივლისიდან სანქცირებას დაექვემდებარება ყველა ბიზნესოპერატორი, რომელიც სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს. რეგლამენტის თანახმად, იმპორტიორი ვალდებულია საქართველოს ბაზარზე სათამაშოების განთავსებისთვის, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე სათამაშოს იმპორტის წინასწარი შეტყობინება წარადგინოს.

ამასთან, ბიზნესოპერატორი ვალდებულია, სათამაშოს თან დაურთოს ქართულ ენაზე შედგენილი შესაბამისი უსაფრთხოების ინსტრუქციები და პროდუქტის უსაფრთხო მოხმარებასთან დაკავშირებული ინფორმაცია. ეს ყველაფერი კი განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა მეორადი სათამაშოების იმპორტიორებისთვის.

„ეს სათამაშოები ამერიკის ბაზრისთვის არის წარმოებული. რა თქმა უნდა, იქ აქვთ თავიანთი რეგულაციები და სათამაშოები ბავშვებისთვის სახიფათო არ არის და არც მავნე ნივთიერებებს შეიცავს. ეს რეგულაციები დააზარალებს მცირე ბიზნესს. უმრავლესობა გაქრება ბაზრიდან“, - განაცხადა Brand Toys-ის მფლობელმა ლიკა მამუკაშვილმა.

სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი სრულად 2021 წლის პირველი იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო. თუმცა პანდემიის ფონზე შექმნილი კრიზისული ვითარების გათვალისწინებით, მთავრობამ რეგულაციები ექვსი თვით გადაავადა. გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი შეღავათი აღმოჩნდა მეორადი სათამაშოების იმპორტიორებისთვის, რადგან უკვე იპორტირებული პროდუქციის რეალიზაციას ამ ექვსი თვის განმავლობაში შეძლებენ. უკვე პირველი ივლისიდან კი არ იციან, შეძლებენ თუ არა ოპერირების გაგრძელებას.