LIVE

კანონმდებლობა სსიპ-ებში კორუფციისა და ნეპოტიზმის რისკებს კვლავ ვერ აზღვევს - TI

20 სექ 202216:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 614
კანონმდებლობა სსიპ-ებში კორუფციისა და ნეპოტიზმის რისკებს კვლავ ვერ აზღვევს - TI

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ (TI) კვლევის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში (სსიპ) ათობით ათასი ადამიანია დასაქმებული, ბიუჯეტიდან მათზე გაწეული ხარჯი კი ასობით მილიონ ლარს შეადგენს. TI-ს განმარტებით, საკანონმდებლო რეფორმის დაუსრულებლობის გამო სსიპ-ებზე კვლავ არ ვრცელდება ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის იგივე სტანდარტები, რაც საჯარო სამსახურშია.

კვლევის მიხედვით, საჯარო სამართლის იურიდიული პირების მარეგულირებელი კანონმდებლობა კორუფციისა და ნეპოტიზმის რისკებს კვლავ ვერ აზღვევს. „საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის სრულად აუმოქმედებლობის გამო კი სსიპ-ების უმრავლესობაზე მნიშვნელოვანი ანტიკორუფციული მექანიზმის მოქმედება არ ვრცელდება.  

„სსიპ-ებთან მიმართებით „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის სრულად აუმოქმედებლობა იმას ნიშნავს, რომ სსიპ-ების დიდ ნაწილზე დღემდე არ ვრცელდება ისეთი მნიშვნელოვანი ანტიკორუფციული მექანიზმის მოქმედება როგორიცაა „ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონი. შესაბამისად, მრავალი სსიპ-ი, რომელიც საჯარო ფუნქციებს ახორციელებს და ფორმალურად აღიარებულია საჯარო სამსახურად, გარდამავალ პერიოდში საჯარო სამსახურებისთვის დაწესებული შეზღუდვებისა და ვალდებულებების მიღმა არის დარჩენილი“, - აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“.

TI-ს შეფასებით, კორუფციის შემაკავებელი მექანიზმების არარსებობა ნეპოტიზმისთვის, ასევე, დასაქმებული პირების საარჩევნო მიზნით გამოყენებისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის. გარდა ამისა, ეს აჩენს მანკიერ სტიმულებს სსიპ-ების რაოდენობის ხელოვნურად გასაზრდელად. მაგალითად:

  • „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ ჩატარებული კვლევის ფარგლებში შესწავლილ 12 სახელმწიფო უწყებას 2017 წლისთვის 45 სსიპ-ი ექვემდებარებოდა, 2020 წლის ბოლოსთვის კი, სსიპ-ების რაოდენობა იმავე უწყებებში 54-მდე გაიზარდა;
  • 2017 წელს 41 სსიპ-ს 9,288 შტატგარეშე თანამშრომელი ჰყავდა, 2020 წლისთვის კი, აღნიშნულ ორგანიზაციებში ეს რიცხვი 45.5%-ით - 13,517-მდე გაიზარდა;
  • 2017 წელს 42-მა სსიპ-მა შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე 73,826,398 ლარი დახარჯა, 2020 წლისთვის კი იმავე ორგანიზაციების ანალოგიური ხარჯი 108.1%-ით - 153,645,554 ლარამდე გაიზარდა.

TI-ში აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობას „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონპროექტი, საჯარო სამართლის იურიდიული პირების კატეგორიებად დაყოფის გათვალისწინებით, 2016 წლის 1 სექტემბრამდე უნდა მოემზადებინა და პარლამენტისთვის წარედგინა, თუმცა ეს ვალდებულება დღემდე შეუსრულებელია, რითაც კანონი ირღვევა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებით, აუცილებელია, მთავრობამ რაც შეიძლება სწრაფად შეიმუშაოს და პარლამენტს წარუდგინოს კანონპროექტი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“.