LIVE

მასკის კოლეჯის ფოტოები და სამახსოვრო ნივთები აუქციონზე $165000-ად გაიყიდა

16 სექ 202211:56
3 წუთის საკითხავი
clock clock 742
მასკის კოლეჯის ფოტოები და სამახსოვრო ნივთები აუქციონზე $165000-ად გაიყიდა

Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის ყოფილმა შეყვარებულმა კოლეჯის პერიოდის ფოტოები და სამახსოვრო ნივთები აუქციონზე $165 000-ად გაყიდა. ამის შესახებ ბოსტონის აუქციონის სახლმა RR Auction-მა განაცხადა. 

აუქციონის სახლის ინფორმაციით, საუბარია, მასკის შეყვარებულის, ჯენიფერ გვინის, აქამდე უცნობ 18 ფოტოსა და სამახსოვრო ნივთების კოლექციაზე. აუქციონზე გატანილი ნივთები მოიცავს მასკის მიერ ხელმოწერილ დაბადების დღის მისალოცს და საჩუქარს, ოქროს ყელსაბამს. 

ყველაზე ძვირად, $51,000-ად გაიყიდა ზურმუხტისთვლიანი ყელსაბამი. ძვირფასი ქვა ზამბიის იმ მაღაროდან არის, რომელსაც მასკის მამა ეროლი ფლობს. მას მოსდევს სხვა სტუდენტებთან ერთად გადაღებული მასკისა და გვინის ფოტო ($42,000) და დაბადების დღის ბარათი (თითქმის $17,000), სადაც ილონი ჯენიფერს "ბუ-ბუს" უწოდებს. 

"ჩვენ დავშორდით იქამდე, სანამ ის მსოფლიოს დაპყრობას დაიწყებდა", - თქვა გვინმა, რომელმაც მედიას განუცხადა, რომ შემოსავლის ნაწილს გერის განათლებას მოახმარს.

მასკი და გვინი ერთმანეთს 1994 წლიდან 1995 წლამდე, პენსილვანიის უნივერსიტეტში სწავლის დროს ხვდებოდნენ. გვინის თქმით, როდესაც მასკმა სწავლა დაასრულა და კალიფორნიაში გადავიდა, მათი ურთიერთობა დასრულდა, რადგან ტელეფონზე საუბარი მასკისთვის დროის კარგვა იყო. 

Insider Edition-თან ინტერვიუში გვინმა აღნიშნა, რომ Tesla-ს მომავალი ხელმძღვანელი სტუდენტობის დროს ელექტრომობილებით უკვე დაინტერესებული იყო. 

"ის ისაუბრებდა ელექტრო მანქანებზე, საუბრობდა საწვავის ალტერნატიულ წყაროებზე", - უთხრა მან Insider Edition-ს. 

მასკმა კოლექციის შემადგენელი ერთ-ერთი ძველი ფოტო Twitter-ის საკუთარ გვერდზე ატვირთა.