LIVE

კომპანიები, რომლებმაც რუსეთში საქმიანობა შეაჩერეს

09 სექ 202217:38
3 წუთის საკითხავი
clock clock 1754
კომპანიები, რომლებმაც რუსეთში საქმიანობა შეაჩერეს

იელის უნივერსიტეტის მენეჯმენტის სკოლა რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ აკვირდება 1200 კომპანიას და მათ საქმიანობას ომთან მიმართებაში.

დღემდე 1000-მდე კომპანიამ საჯაროდ დაგმო რუსეთის აგრესია და შეაჩერა საქმიანობა რუსეთის ფედერაციაში. თუმცა არის ისეთი კომპანიებიც, რომლებიც უარს აცხადებენ რუსეთის ბაზრის დატოვებაზე.

იელის უნივერსიტეტის სია თავდაპირველად მოიცავდა კომპანიების ორ კატეგორიას: საქმიანობა შეაჩერეს (withdraw) და აგრძელებენ საქმიანობას (remain). ამჟამად კი კომპანიები დაყოფილი არიან ხუთ კატეგორიად - ანბანის მიხედვით: შეაჩერეს საქმიანობა სრულად; შეაჩერეს საქმიანობა ნაწილობრივ; სავარაუდოდ აგრძელებენ გარკვეული ტიპის საქმიანობას, სრულად აგრძელებენ საქმიანობას და ა.შ.

სიის განახლება ხდება ყოველდღიურად ჯეფრი სონენჰეილდის (Jeffrey Sonnenfeld) და ექსპერტების ჯგუფის მიერ. აღნიშნულ სიას იყენებენ როგორც მსოფლიო ლიდერები, ასევე მედია საშუალებები. სიის შემქმნელებთან დაკავშირება შეუძლია ყველას და საკუთარი რეკომენდაციების გაზიარება jeffrey.sonnenfeld.celi@yale.edu.

კომპანიების ჩამონათვალი, რომლებმაც რუსეთში საქმიანობა შეაჩერეს:  

Signet Jewelers

Kay Jewellers და Zales-ის მფლობელი და მსოფლიოში ბრილიანტის სამკაულების უდიდესი საცალო მოვაჭრე.

სტატუსი: განცხადება რუსულ სუბიექტებთან, მსოფლიოში ძვირფასი ქვების ყველაზე დიდ მომწოდებლებთან თანამშრომლობის  შეწყვეტის შესახებ გაკეთდა 17 მარტს.

განცხადება: „Signet-მა შეაჩერა ძვირფასი ლითონებითა და ბრილიანტებით ყველა ვაჭრობა, რომელიც შექმნილია ასეთი სანქცირებული რუსული წყაროებიდან და ამიტომ მოგიწოდებთ, შეწყვიტოთ Signet-ისთვის მსგავსი მიწოდება, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას(ებს), რომელშიც თქვენ მოღვაწეობთ შესაძლოა არ ჰქონდეს დაწესებული სანქციები რუსულ ძვირფას ლითონებსა და ბრილიანტებზე“.

Pfizer

მრავალეროვნული ფარმაცევტული და ბიოტექნოლოგიური კორპორაცია.

სტატუსი: განცხადება რუსეთში საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში არ გაგრძელების შესახებ და რუსული შვილობილი კომპანიის მიერ მიღებული მთლიანი მოგების უკრაინაში ჰუმანიტარულ დახმარებაზე მოხმარების შესახებ გაკეთდა 14 მარტს.

განცხადება: „Pfizer-მა გადაწყვიტა, რომ რუსეთში მედიკამენტების მიწოდების შეჩერება იქნება კომპანიის ფუნდამენტური პრინციპის - პირველ რიგში დავაყენოთ პაციენტები - პირდაპირი დარღვევა.  მედიკამენტების, მათ შორის კიბოს ან გულ-სისხლძარღვთა თერაპიის, მიწოდების შეწყვეტა გამოიწვევს პაციენტთა მნიშვნელოვან ტანჯვას და პოტენციურ სიკვდილიანობას, განსაკუთრებით ბავშვებსა და მოხუცებში. თუმცა, რუსეთში მედიკამენტების მიწოდების შენარჩუნება არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ჩვეულ საქმიანობას რუსეთში. დღეს ჩვენ ვაცხადებთ, რომ დღეიდან დაუყოვნებლივ, Pfizer-ის რუსული შვილობილი კომპანიის მთლიანი მოგება მოხმარდება უკრაინელი ხალხისათვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნებს.’’

Deutsche Bank

საერთაშორისო საინვესტიციო საფინანსო კომპანია.

სტატუსი: განცხადება რუსეთში საქმიანობის შეწყვეტის და ახალი საქმიანობის არ დაწყების შესახებ გაკეთდა 11 მარტს.

განცხადება: „განვმარტავთ: Deutsche Bank-მა არსებითად შეამცირა რუსეთში საქმიანობა 2014 წლიდან. ზოგიერთი საერთაშორისო კომპანიის მსგავსად და ჩვენი სამართლებრივი და მარეგულირებელი ვალდებულებების შესაბამისად, ჩვენ ამჟამად ვართ დარჩენილი საქმიანობის შეწყვეტის პროცესში რუსეთში, ვეხმარებით რა ჩვენს არა-რუს, მრავალეროვან კლიენტებს თავიანთი ოპერაციების შემცირებაში. რუსეთში ახალ საქმიანობას აღარ ვგეგმავთ’’.

Western Union

ფულის გადარიცხვის საერთაშორისო სერვისები.

სტატუსი: განცხადება რუსეთსა და ბელორუსიაში საქმიანობის შეწყვეტის შესახებ გაკეთდა 10 მარტს.

განცხადება: "Western Union Company (NYSE: WU) დგას მსოფლიოს გვერდით, გმობს უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ შეჭრას. ყველა ჩვენგანი ვიზიარებთ შოკს, უარყოფის გრძნობასა და მწუხარებას, რომელიც გამოწვეულია ამ ტრაგედიითა და ჰუმანიტარული კატასტროფით. ჩვენ ვფიქრობთ უკრაინელ ხალხზე და ჩვენს კოლეგებზე, მომხმარებლებზე, აგენტებზე და პარტნიორებზე, რომლებიც დაზარალდნენ. ”

JP Morgan

ამერიკული მრავალეროვნული საინვესტიციო ბანკი და ფინანსური მომსახურება.

სტატუსი: განცხადება რუსეთში საქმიანობის შეწყვეტის შესახებ გაკეთდა 10 მარტს

განცხადება: „მსოფლიო მთავრობების დირექტივების შესაბამისად, ჩვენ აქტიურად ვასრულებთ საქმიანობას რუსულ ბაზარზე და აღარ ვაწარმოებთ რაიმე ახალ ბიზნესს რუსეთში“.

Goldman Sachs

ფინანსური ორგანიზაცია, რომელიც ეწევა ისეთ სერვისებს, როგორიცაა საინვესტიციო საბანკო მომსახურება, ფასიანი ქაღალდები, ინვესტიციების მართვა და სამომხმარებლო საბანკო მომსახურება.  

სტატუსი: განცხადება რუსეთში საქმიანობის შეწყვეტის შესახებ გაკეთდა 10 მარტს.

განცხადება: "Goldman Sachs წყვეტს საქმიანობას რუსეთში მარეგულირებელი და სალიცენზიო მოთხოვნების შესაბამისად’’ - ნათქვამია ანდრეა ვილიამსის, ბანკის პრეს სპიკერის ელექტრონულ შეტყობინებაში

Uniqlo

ყოველდღიური ტანსაცმელი, რომელიც შექმნილია და დამზადებულია იაპონიაში.

სტატუსი: განცხადება რუსეთში ოპერირების შეწყვეტის შესახებ გაკეთდა 10 მარტს, წინა განცხადებაში კი ნათქვამი იყო რომ კომპანია აგრძელებდა საქმიანობას რუსეთში.

განცხადება: „რუსეთში UNIQLO-ს ბიზნესის გაგრძელებისას ჩვენთვის ცხადი გახდა, რომ მთელი რიგი სირთულეების გამო ვეღარ ვაგრძელებთ მუშაობას. ამიტომ, დღეს გადავწყვიტეთ დროებით შევაჩეროთ ჩვენი საქმიანობა. კომპანია კატეგორიულად ეწინააღმდეგება ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებას. ჩვენ ვგმობთ აგრესიის ყველა ფორმას, რომელიც არღვევს ადამიანის უფლებებს და საფრთხეს უქმნის ცალკეულ პირთა მშვიდობიან არსებობას“.

FedEx

კომპანია ორიენტირებულია ტრანსპორტირებაზე, ელექტრონულ კომერციასა და მომსახურებაზე.

სტატუსი: განცხადება რუსეთში გადაზიდვების შეწყვეტის შესახებ გაკეთდა 9 მარტს.

განცხადება: „ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ იმით, რაც ხდება უკრაინაში, და სოლიდარული ვართ მიმდინარე ძალადობის შედეგად დაზარალებული ხალხის მიმართ. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია გუნდის წევრებისა და მათი ოჯახების უსაფრთხოება. მათ და დაზარალებულ მოსახლეობას ვუწევთ პირდაპირ ფინანსურ დახმარებას. ჩვენ დროებით ვწყვეტთ რუსეთსა და ბელორუსიაში ყოველგვარ მომსახურებას, შემდგომ შეტყობინებამდე. როგორც ადრე აღინიშნა, უკრაინაში ოფისები დროებით დაიხურა და უკრაინაში შემომავალი და გამავალი სერვისები დროებით შეჩერებულია“.

Apple

ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც სპეციალიზირებულია სამომხმარებლო ელექტრონიკაში, პროგრამულ უზრუნველყოფასა და ონლაინ სერვისებში.

სტატუსი: რუსეთში ყველანაირი გაყიდვების შეჩერების შესახებ განცხადება გამოქვეყნდა 8 მარტს.

განცხადება: „ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ რუსეთის შეჭრით უკრაინაში და ვდგავართ ყველა იმ ადამიანის გვერდით, ვინც ძალადობას მსხვერპლია. მხარს ვუჭერთ ჰუმანიტარულ ძალისხმევას, ვეხმარებით ლტოლვილთა კრიზისის მოგვარებას და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მხარი დავუჭიროთ ჩვენს გუნდებს რეგიონში.

შემოჭრის საპასუხოდ არაერთი ქმედება მივიღეთ. ჩვენ შევაჩერეთ ყველანაირი პროდუქტის გაყიდვა რუსეთში. გასულ კვირას შევაჩერეთ ყველანაირი ექსპორტი ჩვენი გაყიდვების მიმართულებით ქვეყანაში. Apple Pay და სხვა სერვისები შეზღუდულია. RT News და Sputnik News აღარ არის ხელმისაწვდომი App Store-იდან ჩამოსატვირთად რუსეთის ფარგლებს გარეთ. ჩვენ გავთიშეთ საგზაო მოძრაობისა და საგზაო შემთხვევების აღნიშნვის ფუნქცია Apple Maps-ში უკრაინაში, როგორც უსაფრთხოებისა და პრევენციის ღონისძიება უკრაინის მოქალაქეებისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ სიტუაციის შეფასებას და კომუნიკაციაში ვიქნებით შესაბამის მთავრობებთან ჩვენს მიერ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით.  ვუერთდებით მთელს მსოფლიოს, მშვიდობისკენ მოწოდებებში“.

Pepsi

სურსათისა და სასმელების კომპანია სხვადასხვა პროდუქტებით, მათ შორის Pepsi, Lays, Mountain Dew, Gatorade, Aquafina და Tropicana.

სტატუსი: რუსეთში წარმოებისა და რეალიზაციის შეჩერების შესახებ განცხადება გაკეთდა 8 მარტს. კომპანია გააგრძელებს რძის, სხვა რძის პროდუქტების, ბავშვის ფორმულის და ბავშვთა კვების გაყიდვას.

აღმასრულებელი დირექტორის რამონ ლაგუარტას განცხადება: „როგორც სურსათისა და სასმელების კომპანია, ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, უნდა დავრჩეთ ჩვენი ბიზნესის ჰუმანიტარული ასპექტის ერთგული. ეს ნიშნავს, რომ გვაქვს პასუხისმგებლობა, გავაგრძელოთ ჩვენი სხვა პროდუქტების შეთავაზება რუსეთში, მათ შორის ყოველდღიური საჭიროების პროდუქტების, როგორიცაა რძე და სხვა რძის პროდუქტები, ბავშვის ფორმულა და ბავშვთა კვება“.

McDonald's

მაკდონალდსი არის ამერიკული მრავალეროვნული სწრაფი კვების კორპორაცია.

სტატუსი: განცხადება რესტორნების დროებით დახურვისა და რუსეთში საქმიანობის შეჩერების შესახებ გაკეთდა 8 მარტს.

განცხადება: „მაკდონალდსმა გადაწყვიტა დროებით დახუროს ყველა ჩვენი რესტორანი რუსეთში და შეაჩეროს ოპერირება ბაზარზე“.

Starbucks

ყავის სახლებისა და ყავახანების მრავალეროვნული ქსელი.

სტატუსი: რუსეთში საქმიანობის შეჩერების შესახებ განცხადება გაკეთდა 8 მარტს.

განცხადება: „ჩვენ ვაგრძელებთ ტრაგიკულ მოვლენებზე თვალყურის დევნებას და დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება შევაჩეროთ ყველანაირი ბიზნეს საქმიანობა რუსეთში, მათ შორის Starbucks-ის ყველა პროდუქტის მიწოდება. ჩვენი ლიცენზირებული პარტნიორი თანახმაა დაუყოვნებლივ შეაჩეროს მაღაზიის საქმიანობა და გაუწევს მხარდაჭერას თითქმის 2000 პარტნიორს რუსეთში, რომლებიც ეკონომიკურად დამოკიდებულნი არიან სტარბაქსზე’’.

Amazon

მრავალეროვნული ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ფოკუსირებულია ელექტრონულ კომერციაზე, ღრუბლოვან გამოთვლებზე, ციფრულ სტრიმინგზე და ხელოვნურ ინტელექტზე.

სტატუსი: განცხადება რუსეთსა და ბელორუსიაში რეგისტრირებული მომხმარებლებისთვის საცალო პროდუქციის მიწოდების შეწყვეტის, რუსეთიდან და ბელორუსიიდან ახალი AWS მომხმარებლებისა და ამაზონის მესამეული სელერების მიღების შეწყვეტასთან დაკავშირებით გაკეთდა 8 მარტს. კომპანია ასევე უჩერებს წვდომას Prime Video-ზე რუსეთში მცხოვრებ მომხმარებლებს და აღარ მიიღებს შეკვეთებს New World-ზე, რომელიც Amazon-ის მიერ  პირდაპირ რუსეთში გაყიდული ერთადერთი ვიდეო თამაშია.

განცხადება: „რუსეთსა და უკრაინაში არსებული ვითარების გათვალისწინებით, ჩვენ მივიღეთ დამატებითი ქმედებები რეგიონში. ჩვენ შევაჩერეთ საცალო პროდუქციის მიწოდება რუსეთსა და ბელორუსში მყოფი მომხმარებლებისთვის და აღარ მივიღებთ რუსეთსა და ბელორუსიაში მცხოვრებ ახალ AWS მომხმარებლებს და Amazon-ის მესამე მხარის სელერებს. ჩვენ ასევე ვწყვეტთ წვდომას Prime Video-ზე რუსეთში მცხოვრები მომხმარებლებისთვის და აღარ მივიღებთ შეკვეთებს New World-ზე, რომელიც ერთადერთი ვიდეო თამაშია, რომელსაც პირდაპირ რუსეთში ვყიდით“.

American Express

მრავალეროვნული კომპანია სპეციალიზირებული საბარათე გადახდების მომსახურებაზე.

სტატუსი: განცხადება ოპერაციებს რუსეთსა და ბელორუსიაში საქმიანობის შეჩერებასთან დაკავშირებით გაკეთდა 6 მარტს.

თავმჯდომარისა და აღმასრულებელი დირექტორის სტივენ სკვერის განცხადება: „დღეს გამოვაცხადეთ, რომ ვაჩერებთ ყველა ოპერაციას რუსეთში. შედეგად, გლობალურად გამოშვებული American Express ბარათები აღარ იმუშავებს რუსეთის სავაჭრო ქსელსა და ბანკომატებში. გარდა ამისა, რუსული ბანკების მიერ ადგილობრივად რუსეთში გამოშვებული ბარათები აღარ იმუშავებს ქვეყნის გარეთ American Express-ის გლობალურ ქსელში. ჩვენ ასევე ვწყვეტთ ყველანაირ საქმიანობას ბელორუსში. ეს დამატებითი შეზღუდვებია, იმასთან ერთად რაც ადრე გვქონდა ამოქმედებული, რაც გულისხმობდა რუსულ ბანკებთან თანამშრომლობის შეჩერებას აშშ-ის და საერთაშორისო მთავრობების სანქციების შესაბამისად’’. 

Netflix

ამერიკული სააბონენტო სტრიმინგ მომსახურება და მწარმოებელი კომპანია.

სტატუსი: განცხადება რუსეთში მომსახურების მიწოდების შეჩერებასთან დაკავშირებით გაკეთდა 6 მარტს.

განცხადება: „ადგილზე არსებული გარემოებების გათვალისწინებით, ჩვენ გადავწყვიტეთ შევაჩეროთ ჩვენი მომსახურება რუსეთში“ - განაცხადა Netflix-ის პრესსპიკერმა.

Mastercard

ამერიკული მრავალეროვნული საფინანსო მომსახურება.

სტატუსი: განცხადება რუსეთში ყველანაირი საქმიანობის შეწყვეტასთან დაკავშირებით გაკეთდა 5 მარტს.

პრესსპიკერის განცხადება: „ჩვენთვის მარტივი არ ყოფილა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება. Mastercard 25 წელზე მეტია ოპერირებს რუსეთში. ჩვენ 200-მდე კოლეგა გვყავს რუსეთში, ვინც კრიტიკულად მნიშვნელოვანს ხდის დაინტერესებულ მხარეებთან ჩვენს თანამშრომლობას. ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გავაგრძელებთ მათ უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე ზრუნვას, გავაგრძელებთ რა მათთვის ხელფასებისა და დამატებით ბენეფიტების დარიგებას. როდესაც ეს შესაძლებელი და ნებადართული იქნება, ჩვენ ხელახლა გამოვიყენებთ მათ ძალისხმევას, რათა აღვადგინოთ ოპერირება ქვეყანაში“. 

Visa

ციფრული გადახდების ამერიკული მრავალეროვნული საფინანსო მომსახურება.

სტატუსი: განცხადება რუსეთში საქმიანობის შეწყვეტასთან დაკავშირებით გამოქვეყნდა 5 მარტს.

Visa-ს აღმასრულებელი დირექტორის და თავმჯდომარის, ალ კელის განცხადება: „ჩვენ იძულებული ვართ ვიმოქმედოთ რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინაში. ვწუხვართ იმ ზეგავლენაზე, რასაც მიღებული გადაწყვეტილება იქონიებს ჩვენს ძვირფას კოლეგებზე და კლიენტებზე, პარტნიორებზე, სავაჭრო ობიექტებზე და ბარათების მფლობელებზე, რომლებსაც ვემსახურებით რუსეთში. ეს ომი და მშვიდობისა და სტაბილურობის მუდმივი საფრთხე მოითხოვს, ვიმოქმედოთ ჩვენი ღირებულებების შესაბამისად“. 

Samsung

მოიცავს სამომხმარებლო ელექტრონიკას, IT & მობილურ კომუნიკაციებს და მოწყობილობებს.

სტატუსი: რუსეთში პროდუქციის მიწოდების შეწყვეტის შესახებ განცხადება გაკეთდა 5 მარტს.

განცხადება: „ფიქრებით ყველა დაზარალებულ ადამიანთან ვართ და ჩვენთვის პრიორიტეტს წარმოადგენს თანამშრომლებისა და მათი ოჯახების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ჩვენ ვგეგმავთ რეგიონში აქტიურ ჰუმანიტარულ დახმარებას, მათ შორის ლტოლვილებისთვის’’.

Microsoft

ამერიკული მრავალეროვნული ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც სპეციალიზირებულია კომპიუტერულ პროგრამულ უზრუნველყოფაში, სამომხმარებლო ელექტრონიკაში და პერსონალურ კომპიუტერებში.

სტატუსი: განცხადება რუსეთში ყველანაირი გაყიდვების შეწყვეტის შესახებ გამოცხადდა 4 მარტს.

პრეზიდენტისა და ვიცე-თავმჯდომარის ბრედ სმიტის განცხადება: „ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთში პროდუქციისა და მომსახურების ახალი გაყიდვების შეჩერებას. გვჯერა, რომ ყველაზე ეფექტიანი ვიქნებით უკრაინის დახმარების კუთხით თუ გავაგრძელებთ  კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას, მთავრობების მიერ მიღებული კოორდინირებული გადაწყვეტილებების შესაბამისად. აღნიშნული მთავრობები და ჩვენ გადავდგამთ დამატებით ნაბიჯებს, იმის მიხედვით თუ როგორ გაგრძელდება სიტუაცია“.

TikTok

მოკლე ვიდეო რგოლების მობილური აპლიკაცია.

სტატუსი: განცხადება რუსეთიდან ახალი კონტენტის შეწყვეტასთან დაკავშირებით გაკეთდა 4 მარტს.

განცხადება: „ჩვენთვის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს ჩვენი თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოება. იძულებულები ვართ შევაჩეროთ რუსეთიდან ახალი კონტენტის გაშვება ჩვენ ვიდეო სერვისში, მანამ სანამ არ შევისწავლით კანონით (fake news) გათვალისწინებულ უსაფრთხოების შედეგებს“.

Electronic Arts

ამერიკული ვიდეო თამაშების კომპანია.

სტატუსი: განცხადება იმისა შესახებ, რომ კომპანია აღარ გაყიდის თამაშებს, ციფრულ კონტენტს ან პროდუქტებს რუსეთსა და ბელარუსში გამოცხადდა 4 მარტს.

განცხადება: „მივიღეთ გადაწყვეტილება, შევაჩეროთ თამაშებისა და კონტენტის, მათ შორის ვირტუალური ვალუტის პაკეტების გაყიდვები რუსეთსა და ბელორუსიაში, სანამ ეს კონფლიქტი გრძელდება. შედეგად, ჩვენი თამაშები და კონტენტი აღარ იქნება ხელმისაწვდომი რუსეთის რეგიონში Origin-ზე ან EA აპში, მათ შორის თამაშის შიდა მაღაზიებში. ჩვენ ასევე ვმუშაობთ პლატფორმის პარტნიორებთან, რათა წავშალოთ ჩვენი სათაურები მათი მაღაზიებიდან და შევაჩეროთ ახალი თამაშის შიდა კონტენტის გაყიდვა რეგიონში“. 

Adobe

კომპიუტერული უზრუნველყოფის კომპანია, რომელიც ცნობილია როგორც Adobe Creative Cloud კომპიუტერული უზრუნველყოფა.

სტატუსი: განცხადება რუსეთში ყოველგვარი ახალი გაყიდვების შეჩერებასთან დაკავშირებით გამოქვეყნდა 4 მარტს.

აღმასრულებელი დირექტორის შანტანუ ნარაიენის განცხადება: „Adobe დაუყოვნებლივ წყვეტს ყველანაირი ახალი პროდუქტებისა და სერვისების გაყიდვას რუსეთში“. 

Airbnb

ამერიკული ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს როგორც ინტერნეტზე დაფუძნებული კომერციული ცენტრი ბინების გაქირავებისა და ტურისტული აქტივობების საკითხებზე.

სტატუსი: განცხადება რუსეთსა და ბელორუსიაში ბინის გამქირავებლების ახალი შეკვეთების დაბლოკვასთან დაკავშირებით გაკეთდა 3 მარტს.

ვებსაიტის განცხადება: „ჩვენ ვბლოკავთ ბინების გამქირავებლების კალენდრებს, რათა მათ ორივე ქვეყანაში ვერ შეძლონ ახალი ჯავშნების მიღება. ჩვენ ასევე შევზღუდავთ ბელარუსსა და რუსეთში მომხმარებლების მიერ სტუმრის რანგში ახალი რეზერვაციების გაკეთებას“. 

Volkswagen

გერმანული მანქანის მწარმოებელი კომპანია.

სტატუსი: განცხადება რუსეთში მანქანების წარმოების შეწყვეტისა და ექსპორტის შეჩერების შესახებ გაკეთდა 3 მარტს.

განცხადება: „რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და გამოწვეული შედეგების საპასუხოდ, Volkswagen AG-ის მმართველთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება შემდგომ შეტყობინებამდე შეწყვიტოს მანქანების წარმოება რუსეთში. აღნიშნული გადაწყვეტილება ეხება რუსეთში წარმოების ადგილებს კალუგასა და ნიჟნი ნოვგოროდში“.  

Ikea

შვედური წარმოშობის, ჰოლანდიური სათაო ოფისის მქონე სახლის ავეჯის ბრენდი.

სტატუსი: განცხადება გაკეთდა 3 მარტს, რომ კომპანია წყვეტს საწარმოო საქმიანობას რუსეთსა და ბელორუსში, თუმცა რჩება ღია, რათა მოსახლეობას ჰქონდეს წვდომა ისეთ ძირითადი მოხმარების საგნებზე, როგორიცაა საკვები, სურსათი და ფარმაცევტული პროდუქცია.

განცხადება: „Inter IKEA Group-მა მიიღო გადაწყვეტილება შეწყვიტოს ყოველგვარი ექსპორტი და იმპორტი რუსეთსა და ბელარუსში.  Inter IKEA Group-მა მიიღო გადაწყვეტილება შეწყვიტოს საწარმოო საქმიანობა რუსეთში. რაც გულისხმობს, რომ ყველა ქვე-მომწოდებლის მიერ აღნიშნული საწარმოო ადგილებისთვის მიწოდება იქნება შეჩერებული“. 

T.J Maxx & Marshalls

ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელი. 

სტატუსი: 2 მარტს გაკეთდა განცხადება, რომ უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად კომპანია უარს ამბობს თავის წილობრივ საკუთრებაზე რუსულ საცალო კომპანიაში - Familia.

განცხადება: „უკრაინაში რუსეთის შეჭრის გათვალისწინებით, The TJX Companies, Inc. (TJX) აიღო ვალდებულება უარი თქვას თავის წილობრივ საკუთრებაზე Familia-ში, უკრაინის ხალხის მხარდასაჭერად. 2022 წლის 2 მარტის მდგომარეობით, დაგ მიზიმ და სკოტ გოლდენბერგმა დატოვეს დირექტორის და დამკვირვებლის თანამდებობები, შესაბამისად, Familia-ს დირექტორთა საბჭოშიც, რაც ამოქმედდება დაუყოვნებლივ“.

H&M

სწრაფი მოდის კომპანია, რომელიც ემსახურება კაცებს, ქალებს, ბავშვებს და ასევე ყიდის სახლის ნივთებს.

სტატუსი: რუსეთში ყველანაირი გაყიდვების შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა 2 მარტს.

განცხადება: „H&M Group ღრმად შეშფოთებულია უკრაინაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო და თანადგომას გამოხატავს განსაცდელში მყოფი ადამიანების მიმართ. H&M Group-მა მიიღო გადაწყვეტილება დროებით შეაჩეროს ყოველგვარი გაყიდვები რუსეთში. უკრაინაში მაღაზიები უკვე დროებით დაიხურა მომხმარებლებისა და კოლეგების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით“. 

Universal Studios

Comcast-ის მფლობელობაში არსებული ფილმების მწარმოებელი და სადისტრიბუციო კომპანია NBCUniversal Film-ისა და NBCUniversal-ის გასართობი განყოფილების მეშვეობით.

სტატუსი: განცხადება რუსეთის კინოთეატრებში ფილმების ჩვენებების შეწყვეტასთან დაკავშირებით გაკეთდა 1 მარტს.

განცხადება: „უკრაინაში მიმდინარე ჰუმანიტარული კრიზისის საპასუხოდ, Universal Pictures წყვეტს რუსეთში დაგეგმილ კინოჩვნებებს“, - განაცხადა კომპანიის პრესსპიკერმა.

Paramount

ამერიკული კინოსა და სატელევიზიო წარმოებისა და დისტრიბუციის კომპანია და Paramount Global-ის მთავარი შვილობილი კომპანია.

სტატუსი: განცხადება რუსეთის კინოთეატრებში ფილმების ჩვენებების შეწყვეტასთან დაკავშირებით გაკეთდა 1 მარტს.

განცხადება: „უკრაინაში მიმდინარე ტრაგედიის ფონზე, გადავწყვიტეთ შევაჩეროთ რუსეთში ფილმების კინოთეატრებში გამოშვება, მათ შორის The Lost City და Sonic the Hedgehog 2. ჩვენ გვერდში ვუდგავართ დაზარალებულ ყველა პირს უკრაინაში, რუსეთსა და ჩვენს საერთაშორისო ბაზრებზე და გავაგრძელებთ სიტუაციის მონიტორინგს“.

YouTube

Google-ის მფლობელობაში მყოფი ვიდეოების გაზიარების ონლაინ და სოციალური პლატფორმა.

სტატუსი: 1 მარტს გაკეთდა განცხადება, რომ კომპანია დაიწყებს RT და Sputnik YouTube-ის დაბლოკვას ევროპის მასშტაბით. 11 მარტს გაკეთდა განცხადება, რომ წაშლის კონტენტს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შესახებ.

განცხადება: „ჩვენი საზოგადოების სახელმძღვანელო პრინციპები კრძალავს კონტენტის უარყოფას, მინიმიზაციას ან ტრივიალიზაციას კარგად დოკუმენტირებული ძალადობრივი მოვლენების შესახებ. ჩვენ ახლა ვშლით კონტენტს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ, რომელიც არღვევს ამ პოლიტიკას“. 

Sony Pictures

მედია და გასართობი სტუდიის კონგლომერატი, რომელიც აწარმოებს, იძენს და ავრცელებს გადაღებულ გასართობს მასალას, მრავალი პლატფორმის საშუალებით.

სტატუსი: კომპანიამ გააკეთა განცხადება 28 თებერვალს, რომ შეაჩერებს ახალი ფილმების გამოშვებას რუსეთში.

განცხადება: „უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების და ამ რეგიონში წარმოქმნილი გაურკვევლობისა და ჰუმანიტარული კრიზისის გათვალისწინებით, ჩვენ შევაჩერებთ რუსეთში დაგეგმილ კინოჩვენებებს, მათ შორის Morbius-ის მომავალ გამოშვებას. ვფიქრობთ და ვლოცულობთ დაზარალებულებზე და ვიმედოვნებთ, რომ ეს კრიზისი სწრაფად მოგვარდება“, - ნათქვამია ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ განცხადებაში Sony Pictures Entertainment-ის პრესსპიკერის მიერ.

Disney

Walt Disney Company არის ამერიკული მრავალეროვნული გასართობი და მედია კონგლომერატი და ABC News-ის მფლობელი კომპანია.

სტატუსი: განცხადება რუსეთში ახალი პროდუქციის კინოჩვენებების შეჩერების შესახებ გაკეთდა 28 თებერვალს.

პრესსპიკერის განცხადება: „უკრაინაში არაპროვოცირებული შეჭრისა და ტრაგიკული ჰუმანიტარული კრიზისის გათვალისწინებით, ჩვენ ვაჩერებთ რუსეთის კინოთეატრებში  ფილმების გამოშვებას, მათ შორის, მოახლოებული Turning Red from Pixar. ჩვენ მომავალ ბიზნეს გადაწყვეტილებებს მივიღებთ, განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე. იმავდროულად, ლტოლვილთა კრიზისის მასშტაბებიდან გამომდინარე, ჩვენ ვმუშაობთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, პარტნიორებთან, რათა ლტოლვილებს გავუწიოთ სასწრაფო დახმარება და სხვა ჰუმანიტარული მხარდაჭერა“. 

UPS

გადაზიდვის, მიღება-მიწოდების ჯაჭვის მართვის მრავალეროვნული კომპანია.

სტატუსი: განცხადება გაკეთდა 27 თებერვალს, კომპანიის მიერ უკრაინაში, ბელარუსსა და რუსეთში მიწოდების სერვისის შეჩერების შესახებ.

პრესსპიკერის განცხადება: „[ჩვენ] განვახორციელეთ საგანგებო გეგმები, რათა განვაგრძოთ მომხმარებლებისთვის მომსახურების გაწევა, მაგრამ არ ვიფრენთ შეზღუდულ ზონებში, როგორიცაა რუსეთი“.

               დამატებით, კომპანიების ჩამონათვალი სექტორების მიხედვით, რომელმაც საქმიანობა შეაჩერეს რუსეთში (წყარო: nytimes)

სამომხმარებლო საქონელი და საცალო ვაჭრობა:

  • Nestlé-მ განაცხადა, რომ აჩერებს რუსეთში ომამდელი მოცულობის პროდუქციის „უმრავლესობის“ გაყიდვებს, მათ შორის შინაური ცხოველების საკვებს, ყავას და ტკბილეულს, რომლებიც იყიდება KitKat-ისა და Nesquik-ის ბრენდებით. მან უკვე შეაჩერა „არაარსებითი საქონლის“ იმპორტი და ექსპორტი რუსეთში და მის გარეთ, რეკლამასთან და კაპიტალურ ინვესტიციებთან ერთად.
  • Unilever-მა, რომელიც ფლობს ბრენდებს, როგორიცაა Dove და Sunsilk, შეაჩერა იმპორტი და ექსპორტი.
  • Canada Goose, რომელიც დაფუძნებულია ტორონტოში, შეწყვეტს რუსეთში საბითუმო და ელექტრონული კომერციის გაყიდვებს.
  • Adidas-მა განაცხადა, რომ შეაჩერებს გაყიდვებს რუსეთში, რითაც 1 პროცენტით შეამცირებს შემოსავლების მოსალოდნელ ზრდას. კომპანიას აქვს 500-მდე მაღაზია რუსეთში და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში.

ენერგეტიკა:

  • Shell ტოვებს ერთობლივ საწარმოს გაზპრომთან, რუსული ბუნებრივი აირის გიგანტთან.
  • BP გაყიდის რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად ნავთობკომპანია Rosneft-ის წილის თითქმის 20%-ს.
  • Exxon Mobil შეწყვეტს მონაწილეობას ნავთობისა და ბუნებრივი გაზის დიდ პროექტში.

საფინანსო სექტორი:

  • Société Générale-მა, საფრანგეთის სიდიდით მესამე ბანკმა, განაცხადა, რომ გაყიდის თავის საკონტროლო წილს Rosbank-ში, მოსკოვში დაფუძნებულ კრედიტორში, რის შედეგად მიიღებს 3,1 მილიარდ ევროს (3,3 მილიარდი დოლარი).
  • საკონსულტაციო ფირმა Bain-მა განაცხადა, რომ ის არ იმუშავებს არცერთ რუსულ ბიზნესთან და რომ 2020 წელს დანერგა პოლიტიკა „არ იმუშაოს რუსეთის მთავრობისთვის ნებისმიერ დონეზე - ცენტრალური, სახელმწიფო თუ უწყებრივი“.
  • McKinsey & Company-მ განაცხადა, რომ ის არ შეასრულებს რაიმე ახალ სამუშაოს რუსეთში, შეწყვეტს მუშაობას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სუბიექტებისთვის და „აღარ მოემსახურება არცერთ სამთავრობო უწყებას რუსეთში“.
  • Boston Consulting Group არ მიიღებს ახალ კლიენტებს რუსეთში და „დაიწყო სამუშაოების შეწყვეტა, სადაც ეს შესაძლებელია და არ შეასრულებს ახალ სამუშაოებს“, - ნათქვამია განცხადებაში. McKinsey-მ და Boston Consulting Group-მა განაცხადეს, რომ მათ არ აქვთ რაიმე კონტრაქტი „ცენტრალურ მთავრობასთან“.
  • Citigroup-მა, რომელსაც დაახლოებით 3000 თანამშრომელი ჰყავს რუსეთში, თქვა, რომ „დააჩქარებს’’ ქვეყნიდან გასვლას, მანამდე კი განაცხადა, რომ „აფასებდა“ თავის საქმიანობას რუსეთში. Citi-ს სამომხმარებლო განყოფილება უკვე შეზღუდულ ოპერაციებს აწარმოებდა, ხოლო თავად ბიზნესი იყიდება, როგორც გასულ წელს გამოცხადებული საზღვარგარეთის ბაზრების გაფართოებული დატოვების ნაწილი. მისი გაყვანა მოიცავს ბიზნესის დამატებითი ხაზების შემცირებას და ახალი ბიზნესისა და კლიენტების მოთხოვნის დასრულებას.
  • დიდი ოთხეულის საბუღალტრო ფირმები - Deloitte, EY, KPMG და PWC - ტოვებენ ქვეყანას.

კვების სექტორი:

  • Heineken-მა განაცხადა რომ ის რუსეთიდან გადის.
  • Restaurant Brands International, რომელიც ფლობს Burger King-ს, წყვეტს კორპორატიულ მხარდაჭერას დაახლოებით 800 ლოკაციისთვის, რომელსაც მართავს ადგილობრივი ფრენჩაიზები რუსეთში და არ დაამტკიცებს რაიმე დამატებით ინვესტიციას ან გაფართოებას.
  • M&M’s და Snickers-ის მწარმოებელმა Mars-მა შეაჩერა ახალი ინვესტიციები რუსეთში.
  • Little Caesars აჩერებს ყველა ოპერაციას რუსულ მაღაზიებში, რომლებიც ფრენჩაიზების მფლობელობაშია.
  • Carlsberg-მა, მსოფლიოში სიდიდით მესამე ლუდსახარშმა, განაცხადა, რომ შეაჩერა ინვესტიციები და შეწყვეტს ლუდის ფლაგმანი ბრენდის გაყიდვას რუსეთში. Carlsberg Group-ის Baltika Breweries, რომელიც მდებარეობს სანქტ-პეტერბურგში, იმუშავებს ცალკე ბიზნესად.
  • Heineken-მა განაცხადა, რომ შეწყვეტს ლუდის წარმოებას, რეკლამირებას და გაყიდვას რუსეთში.
  • Starbucks-მა განაცხადა, რომ ის ხურავს თავის ყველა ლოკაციას რუსეთში, რომელიც მათ ეკუთვნით და რომელთაც ოპერირებას უწევს ქუვეითის კონგლომერატი Alshaya Group.
  • Yum Brands ხურავს კომპანიის კუთვნილ 70 KFC რესტორანს და ფრენჩაიზის საკუთრებაში არსებულ 50-ვე Pizza Hut რესტორანს.

მედია:

  • Bloomberg-მა შეაჩერა ოპერაციები რუსეთსა და ბელორუსიაში, რითაც ჩამოაშორა ქვეყნებს Bloomberg-ის ყველა პროდუქტი, მათ შორის მისი ელექტრონული სავაჭრო პლატფორმები. ეს ეტაპი მას შემდეგ განხორციელდა, რაც კომპანიამ ამ თვეში ჟურნალისტები რუსეთიდან გაიყვანა.

ტექნოლოგიები:

  • პროგრამული უზრუნველყოფის გერმანულმა კომპანია SAP-მა განაცხადა, რომ ის წყვეტს თავის საქმიანობას რუსეთში მას შემდეგ, რაც ქვეყანაში სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში საქმიანობს. კომპანიამ განაცხადა, რომ მან უკვე შეაჩერა გაყიდვები რუსეთსა და ბელორუსიაში.
  • Nokia-მ განაცხადა, რომ დატოვებს რუსეთს.  კომპანიამ შეაჩერა ახალი ბიზნესი, შეაჩერა მიწოდება და ბოლო კვირების განმავლობაში კვლევითი და განვითარების სამუშაოები ქვეყნიდან გადაიტანა.
  • Ericsson-მა განაცხადა, რომ ის რუსეთში ბიზნესს განუსაზღვრელი ვადით შეაჩერებს და თავის თანამშრომლებს ქვეყანაში ანაზღაურებად შვებულებაში გაუშვებს. კომპანიამ რუსეთში მომხმარებელთათვის მიწოდება თებერვალში შეწყვიტა.
  • Intel-მა განაცხადა, რომ აჩერებს ყველანაირ საქმიანობას რუსეთში. განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც ნახევარგამტარულმა კომპანიამ ერთი თვის წინ განაცხადა, რომ შეაჩერებს მიწოდებას რუსეთსა და ბელორუსში.
  • LG Electronics-მა განაცხადა, რომ აჩერებს თავისი პროდუქციის მიწოდებას რუსეთში. განცხადებაში ტექნიკის მწარმოებელმა აღნიშნა, რომ იგი „ღრმად შეშფოთებულია ყველა ადამიანის ჯანმრთელობითა და უსაფრთხოებით’’ და გააგრძელებს „მოვლენებზე თვალყურის დევნებას’’.
  • Google-მა შეაჩერა რეკლამა, მათ შორის მის საძიებო და YouTube-ის პროდუქტებზე. YouTube-მა განაცხადა, რომ გლობალურად დაბლოკავს ყველა არხს, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის სახელმწიფო დაფინანსებულ მედიასთან, მათ შორის RT და Sputnik-ის ჩათვლით, რაც მათი თქმით არღვევს მისი პოლიტიკის „უარყოფას, მინიმიზაციას ან ტრივიალიზაციას კარგად დოკუმენტირებული ძალადობრივი მოვლენების შესახებ“. კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ წაშლის სხვების ვიდეოებს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შესახებ, რომელიც არღვევს პოლიტიკას.
  • Amazon Web Services-მა შეწყვიტა ახალი კლიენტების მიღება ღრუბლოვანი გამოთვლითი სერვისებისთვის.
  • IBM-მა შეაჩერა საქმიანობა.
  • Cogent-მა და Lumen-მა, რომლებიც უზრუნველყოფენ ეგრეთ წოდებულ backbone ინტერნეტ სერვისებს, შეწყვიტეს წვდომა.
  • Uber-მა განაცხადა, რომ ის ცდილობს „დააჩქაროს“ მისი გასცლა რუსული ინტერნეტ კომპანია Yandex-ისგან, რომელიც ახორციელებს მგზავრობის სერვისს.

მოგზაურობა და ლოგისტიკა:

  • სასტუმროების ქსელებმა Hyatt and Hilton-მა შეაჩერეს დეველოპერული სამუშაოები ქვეყანაში და ჰილტონმა დახურა თავისი კორპორატიული ოფისი მოსკოვში.
  • Amadeus-მა და Sabre-მა, რომლებიც აწვდიან ავიაკომპანიებს ბილეთების გაყიდვის ტექნოლოგიას, გაწყვიტეს ურთიერთობა Aeroflot-თან, სახელმწიფოს მთავარ გადამზიდავთან და ყველაზე დიდ ავიაკომპანიასთან რუსეთში.
  • DHL-მა შეაჩერა მიწოდება და ოპერაციები რუსეთსა და ბელორუსში.
  • Airbus-მა და Boeing-მა შეაჩერეს რუსული ავიახაზებისთვის ნაწილების მიწოდება, ტექნიკური მომსახურება და ტექნიკური მხარდაჭერა. Boeing-მა ასევე განაცხადა, რომ მან შეწყვიტა ტიტანიუმის ყიდვა რუსეთიდან, რომელიც ლითონის მთავარი წყაროა საჰაერო კოსმოსური ინდუსტრიისთვის.
  • American Airlines-მა, Delta Air Lines-მა და United Airlines-მა შეწყვიტეს ბილეთების გაყიდვის კუთხით პარტნიორობა რუსულ ავიახაზებთან. სამივე ავიაკომპანიამ ასევე შეწყვიტა ფრენა რუსეთის თავზე.

წარმოება:

  • ინდოეთში დაფუძნებულმა ფოლადის გიგანტმა Tata Steel-მა განაცხადა, რომ შეწყვეტს რუსეთთან ბიზნესის კეთებას და მოიპოვებს „ნედლეულის ალტერნატიულ მარაგს, რათა შეწყვიტოს „მისი დამოკიდებულება“ ქვეყანაზე.
  • ფრანგულმა ავტომობილების მწარმოებელმა Renault-მა განაცხადა, რომ ის წყვეტს მუშაობას მოსკოვის ქარხანაში და გადასინჯავს პარტნიორობას AvtoVAZ-თან, რუსეთის უმსხვილეს ავტო მწარმოებელთან. Renault ფლობს AvtoVAZ-ის 68 პროცენტს, Lada მანქანების მწარმოებელს და რუსეთს ეყრდნობა თავისი ავტომობილების გლობალური გაყიდვების დაახლოებით 18%-ს.
  • Stellantis-მა, Jeep-ის, Fiat-ისა და Peugeot-ის მანქანების მწარმოებელმა, შეაჩერა მთელი წარმოება ქარხანაში, რომელსაც ოპერირებს Mitsubishi-თან ერთად კალუგაში, რუსეთი, ლოგისტიკური სირთულეების მოტივით. მარტში მან შეაჩერა მანქანების ექსპორტი რუსეთიდან და მანქანების იმპორტი ქვეყანაში.
  • Caterpillar, რომელიც აწარმოებს სამშენებლო და მიწის მოძრავ აღჭურვილობას, წყვეტს წარმოებას რუსეთში.
  • იაპონურმა ინდუსტრიულმა კომპანიამ Hitachi-მ განაცხადა, რომ აჩერებს ექსპორტს რუსეთში და აჩერებს წარმოებას.

სტატია მომზადებულია გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ, ყოველკვარტალური ჟურნალისთვის SUSTAINABILITY SPOTLIGHT, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.