LIVE

USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამამ უკრაინის ომზე საპასუხოდ გამოცხადებული სწრაფი რეაგირების საგრანტო კონკურსით 6 ინიციატივა დააფინანსა

12 სექ 202210:56
3 წუთის საკითხავი
clock clock 694
USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამამ უკრაინის ომზე საპასუხოდ გამოცხადებული სწრაფი რეაგირების საგრანტო კონკურსით 6 ინიციატივა დააფინანსა

USAID წლების მანძილზე აქტიურად ეხმარება და აძლიერებს სამოქალაქო საზოგადოებას, რაც ამ სექტორის მდგრადობისა და განვითარებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამა (CSEP) არის ხუთწლიანი ინიციატივა, რომელსაც აფინანსებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI).

პროგრამის მიზანია, გააძლიეროს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება: დაეხმაროს ახალ და არსებულ სამოქალაქო აქტორებს შესაძლებლობების განვითარებაში, ლეგიტიმაციისა და ნდობის გაზრდაში, რათა მათ ეფექტიანად წარმოადგინონ მოქალაქეთა ინტერესები.

პროგრამა მხარს უჭერს სამოქალაქო ჯგუფების გაძლიერებასა და მობილიზებას საკუთარი უფლებების დასაცავად, რათა ჩამოყალიბდეს სამოქალაქო აქტივისტების ძლიერი ეკოსისტემა და ხელმისაწვდომი გახდეს რესურსების მრავალფეროვანი წყაროები. პროგრამა ასევე მხარს უჭერს სამოქალაქო მოძრაობებს, სამოქალაქო აქტივისტებსა და სამოქალაქო ორგანიზაციებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

უკრაინაში მიმდინარე ომზე საპასუხოდ და საქართველოზე მისი გავლენების გასაანალიზებლად სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამამ სწრაფი რეაგირების საგრანტო პროგრამა „იმოქმედე ახლა“ გამოაცხადა. 

პროგრამის ფარგლებში ექვსი ინიციატივა დაფინანსდა, მათ შორის, „ორბელიანი საქართველოს“ სოლიდარობის ექსპო - „მეტი უკრაინისთვის“ და საინფორმაციო პლატფორმა - Dopomoga Ukraini, რომელმაც ერთ სივრცეში მოუყარა თავი უკრაინის დახმარების მსურველ კერძო სექტორსა და სამოქალაქო საზოგადოებას.

 „ორბელიანი საქართველო“

„ორბელიანი საქართველო“ არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის მიზანია საქართველოს მასშტაბით სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერა, რათა თითოეულ მოტივირებულ მოქალაქეს ჰქონდეს შესაძლებლობა, უკეთესობისკენ შეცვალოს საკუთარი თემის და საზოგადოების  ცხოვრება; დაეხმაროს მოქალაქეთა ჯგუფებს თემში დადებითი ცვლილებების მისაღწევად გამიზნული პროექტების განხორციელებაში და რაც მთავარია, ქვეყანაში დანერგოს  ქრაუდფანდინგის - ადგილობრივი რესურსების მობილიზებისა და მოქალაქეთა ჩართულობის კულტურა.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში „ორბელიანის“ ონლაინპლატფორმის (app.orbeliani.net) მეშვეობით დონორი ორგანიზაციებისა და მოქალაქეებისგან მოძიებული ფინანსური რესურსებით არაერთი საჭირო, პრაქტიკული და კრეატიული იდეა განხორციელდა. თითოეული ინიციატივა  დამოუკიდებლადაა შექმნილი და მის უკან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები: რეჟისორები, მუსიკოსები, არტისტები, დიზაინერები, სტუდენტები, ახალგაზრდები თუ თემის ლიდერები დგანან.

ადგილობრივ დონეზე არსბული რესურსების მოძიებისა და დადებითი ცვლილებების მომტანი პროექტების განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის მიზნით, ორგანიზაციამ გადაწყვიტა,  ხალხისთვის მიეცა შესაძლებლობა, თავად ჩართულიყო სასურველ კამპანიაში და დაეფინანსებინა ისეთი იდეები, რომელიც პასუხობს ადგილობრივ დონეზე არსებულ პრობლემებსა და საჭიროებებს. სწორედ ამას ემსახურება ონლაინპლატფორმა www.orbelianimeti.geრომელიც USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში მომავალი ხუთი წლის მანძილზე რეგულარულად გამოაცხადებს იდეების კონკურსსა და დაგეგმავს ქრაუდფანდინგ კამპანიებს.

უკრაინაში დაწყებულმა ომმა, სხვების მსგავსად, „ორბელიანის“ წევრებიც დააფიქრა, რისი გაკეთება შეიძლებოდა  არსებული პლატფორმის საშუალებით საქართველოში ჩამოსული ლტოლვილებისთვის. ორბელიანი საქართველოს ინიციატივით დაიგეგმა მასშტაბური სოლიდარობის ექსპო, რომელმაც სამოქალაქო საზოგადოება და კერძო სექტორი გააერთიანა უკრაინაში მიმდინარე ომის საპასუხოდ. უფრო დაწვრილებით ამ ღონისძიებისა და მისი შედეგების შესახებ „ორბელიანი საქართველოს“ პროექტის ხელმძღვანელი, მარიამ მიროტაძე გვესაუბრება.

- როგორ გაჩნდა „ორბელიანი საქართველოს“ იდეა - გაგემართათ უკრაინის მხარდამჭერი ღონისძიება, სადაც ერთ სივრცეში მოუყრიდით  თავს ამ საკითხით დაინტერესებულ ორგანიზაციებს?

- უკრაინაში დაწყებული უსამართლო ომიდან ძალიან მალე  საქართველოში არსებული კერძო და არასამთავრობო სექტორი, სამოქალაქო აქტივისტები აქტიურად გამოხატავდნენ მხარდაჭერას, პატივისცემასა და სიყვარულს უკრაინელი ერის  მიმართ. ამ ყველაფრის ფონზე, ორგანიზაციაში დავიწყეთ ფიქრი, რისი გაკეთება შეიძლებოდა საომარი ქმედებების გამო ჩვენს ქვეყანაში დროებით მყოფი უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად. გავაცნობიერეთ, რომ აუცილებელი იყო  სრული მობილიზება, რათა უკრაინიდან ლტოლვილებისთვის  მიგვეწოდებინა საჭირო ინფორმაცია და სრულფასოვანი ცხოვრების მეტი შესაძლებლობა მიგვეცა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით გადავწყვიტეთ, ჩაგვეტარებინა ღონისძიებაა სახელწოდებით - „ერთად მეტი უკრაინისთვის“.

ფართომასშტაბიანი ღონისძიების ფარგლებში კერძო, არასამთავრობო და სამთავრობო სექტორი ერთ სივრცეში გავერთიანდით, რომლის მთავარი მიზანი იყო შეხვედრა უკრაინიდან ლტოლვილებთან, ყველა შესაძლო გზით მათი დახმარება, კომუნიკაცია ერთმანეთთან და ქართველებთან. ასევე, სურვილის შემთხვევაში, საქართველოში მათი ინტეგრაციის მხარდაჭერა.

- რამდენი ორგანიზაცია მონაწილეობდა ღონისძიებაში - „მეტი უკრაინისთვის“? როგორ გააერთიანეთ სხვადასხვა სექტორის  წარმომადგენლები და რა სირთულეებს უკავშირდებოდა ეს პროცესი?

- 2022 წლის 2 აპრილს „ორბელიანი საქართველოს“ ინიციატივით და USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით გამართულ მასშტაბურ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 50-ზე მეტმა კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციამ. ისინი სხვადასხვა ფორმით ჩაერთნენ ღონისძიებაში: 13-მა კომპანიამ ღონისძიებაზე მოსულ უკრაინის მოქალაქეებს საჩუქრები გადასცა; 12 კომპანიისგან მიიღეს  სხვადასხვა სახის კონსულტაცია: იურიდიული, საფინანსო, საგანმანათლებლო, სამედიცინო და ფსიქოლოგიური მიმართულებით; გაეცნენ 10 კომპანიის მიერ შემოთავაზებულ ვაკანსიებს და სასწავლო პროგრამებს. ამავე ღონისძიების ფარგლებში, „ორბელიანის“ შუამავლობით, უკრაინის 15 მოქალაქე საცხოვრებლით უზრუნველვყავით.

მონაწილე კომპანიებმა შეხვედრაზე მოსულ 70-ზე მეტ უკრაინელ ბავშვს საჩუქრები გადასცეს. მათ შორის იყვნენ: სააფთიაქო ქსელი PSP, კომპანია „ზედაზენი“, „ალტე უნივერსიტეტი“, სავაჭრო ცენტრები - „ისთ ფოინთი“ და „გალერია თბილისი,“ სოციალური საწარმოები - „კოდალა“ და „პოტერია“, სათამაშოების მაღაზიათა ქსელი „ჭიტა“ და სხვ.

ღონისძიებაში სხვადასხვა კომპანიისა და ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, აქტიურად ჩაერთნენ მსახიობები და მუსიკოსები, რომლებმაც მასშტაბური ღონისძიება კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადეს. წამყვანი - გიორგი ცხადაძე, მუსიკოსები - ნიკოლოზ რაჭველი, ნინო ქათამაძე და ორკესტრის მცირე ნაწილი ღონისძიებას მოხალისეობრივად შეუერთდნენ და საღამოს ემოციური მუხტი შემატეს. 

ჩვენი გუნდის სახელით მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ კომპანიას, ორგანიზაციას და ადამიანებს მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობისთვის. მათი წვლილი მნიშვნელოვანი იყო  და ყველამ ერთად შევძელით, მეტი სიკეთე გაგვეკეთებინა უკრაინისთვის.

-  თავად ღონისძიების შესახებ გვიამბეთ - როგორ ჩაიარა, გაამართლა თუ არა თქვენი მოლოდინი და რა შედეგით დასრულდა უკრაინელი სტუმრებისთვის?

- ღონისძიების მასშტაბმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა:  სასტუმრო „სტამბაში“ გამართულ ღონისძიებას 500-მდე უკრაინის მოქალაქე დაესწრო, საერთო ჯამში კი 700-მდე ადამიანს ვუმასპინძლეთ. ღონისძიება მოიცავდა საგამოფენო და საექსპოზიციო სივრცეს, სადაც განთავსდა 40-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია, რომლებიც საკონსულტაციო ფორმატში ხვდებოდნენ უკრაინელებს.

აღსანიშნავია პროექტის ფარგლებში განხორციელებული ქრაუდფანდინგდის კამპანია #მეტიუკრაინისთვის, რომლის მიზანი იყო თანხის შეგროვება საქართველოში ჩამოსული დევნილებისთვის. მთლიანობაში, „ორბელიანი მეტის“ პლატფორმაზე საზოგადოებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერით 21190 ლარი შეგროვდა, რომელიც სრულად მოხმარდება ჩვენს ქვეყანაში მყოფ უკრაინელთა საჭიროებებს.

საბოლოო ჯამში, ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა. სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებმა მოკლე დროში შევძელით ერთი მიზნის - საქართველოში მყოფი უკრაინელი მოქალაქეების დასახმარებლად გაერთიანება, რაც ძალზე მნიშვნელოვანია არსებულ ვითარებაში.

- ეს პროექტი USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა. როგორ შეაფასებდით მათ ინიციატივას, რამდენად დროული იყო ეს ნაბიჯი? რა მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან მსგავს თანადგომას კონკრეტული სექტორების და მთლიანად, საქმისთვის?

- სწრაფი რეაგირების საგრანტო პროგრამის - „იმოქმედე ახლა“ გამოცხადება, მიმდინარე მოვლენების ფონზე ყველაზე სწორი, საჭირო, ღირებული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო, რომელმაც  შესაძლებლობა მოგვცა, მოკლე დროში განგვეხორციელებინა უაღრესად მნიშვნელოვანი და საჭირო პროექტი - „მეტი უკრაინისთვის“.

არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციათა მსგავსი თანადგომა, ვინაიდან მათი მხარდაჭერით ჩნდება მეტი შესაძლებლობა, საზოგადოების/თემის ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალოთ.

- „მეტი უკრაინისთვის“ სექტორთაშორის თანამშრომლობის კარგი მაგალითია, იმის დადასტურება, თუ რა შეუძლია ბევრი თანამოაზრის ერთად დგომას. სამომავლოდ თუ აპირებთ მსგავსი  ღონისძიებების გამეორებას?

- პროექტმა „მეტი უკრაინისთვის“ მართლაც საუკეთესო კუთხით დაგვანახა სექტორთაშორის თანამშრომლობის მნიშვნელობა; ნათლად გვაჩვენა, რა შეუძლია ერთი იდეის გარშემო გაერთიანებული სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა ძალისხმევას. ვფიქრობ, აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში მნიშვნელოვანი და ღირებული კოლაბორაციის მომსწრენი გავხდით.

ჩვენი ორგანიზაცია მომავალშიც გეგმავს მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებას და სხვადასხვა კეთილშობილური იდეის ირგვლივ სექტორთაშორის თანამშრომლობის გაგრძელება/გაძლიერებას. ეს მნიშვნელოვანია როგორც კონკრეტული სფეროს, ასევე ზოგადად, ბიზნესის კორპორაციული პასუხისმგებლობის გაძლიერებისთვის. 

   Dopomoga Ukraini

Dopomoga Ukraini ომის დღეებში მოხალისეების მიერ შექმნილი პლატფორმაა, რომელიც თავს უყრის ინტერნეტ სივრცეში ქაოსურად გაბნეულ ინფორმაციას - რა სახის დახმარება შეიძლება გაუწიონ არასამთავრობო ორგანზაციებმა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა სამშობლოდან იძულებით დევნილ უკრაინელებს. პლატფორმა, რომელიც ვებგვერდს, სოციალური ქსელების გვერდსა და ჯგუფებს აერთიანებს, ძალიან სწრაფად გახდა ონლაინ სივრცეში პოპულარული და უამრავ ადამიანს მისცა საშუალება, მიზნობრივად დახმარებოდა მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა ომის პირველ დღეებში. მისი საქმიანობა დღესაც გრძელდება და მხარში უდგას უკრაინის მოქალაქეებს სხვადასხვა სახის ინფორმაციის მოძიებასა და კონკრეტულ ჯგუფებთან დაკავშირებაშიპლატფორმის დაარსების, საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ მის ერთ-ერთი დამფუძნებელს, თეონა ჭკადუას ვესაუბრებით.

- თქვენი ინიციატივის შესახებ გვიამბეთ: როდის და როგორ გადაწყდა შეგექმნათ პლატფორმა, სადაც თავს მოუყრიდით ყველანაირ ინფორმაციას საქართველოში მცხოვრები უკრაინელებისთვის?

- ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა დიდი ნაწილის მსგავსად, ომის პირველივე  დღეებიდან დიდი სურვილი გვქონდა, უკრაინას დავხმარებოდით. ასეთ დროს ფიქრობ, რისი გაკეთება შეგიძლია, რით შეიძლება აღმოჩნდე სასარგებლო, რამაც მოხალისეობრივ, ჰუმანიტარულ საქმიანობაში ჩართვა გადაგვაწყვეტინა.

დავფიქრდით, საქართველოში დარჩენილ ან ჩამოსულ უკრაინელებს ყველაზე მეტად რა დასჭირდებოდათ და დავასკვენით, რომ მათთვის ძალზე მნიშვნელოვანი იქნებოდა სრული და გადამოწმებული ინფორმაციის მიწოდება სამედიცინო დახმარების, დასაქმების, იურიდიული, ფსიქოლოგიური კონსულტაციების შესახებ. ასე შეიქმნა Dopomoga Ukraini - საინფორმაციო პლატფორმა, რომელიც ვებგვერდს  www.dopomoga.ge, სოციალური ქსელების გვერდებსა და ჯგუფებს (ფეისბუქი, ინსტაგრამი, ტელეგრამი) აერთიანებს. მთავარი საკომუნიკაციო პლატფორმა მისი ვებგვერდია, სადაც უკრაინულ და ქართულ ენებზეა განთავსებული ინფორმაცია ყველა იმ სერვისის შესახებ, რომელსაც კერძო პირები, საჯარო და კერძო ორგანიზაციები თუ საინიციატივო ჯგუფები სთავაზობენ საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს.

პროექტში ოთხი მეგობარი გავერთიანდით, რომლებიც სხვადასხვა ორგანიზაციაში, განსხვავებულ სფეროებში ვმუშაობთ. თითოეულის გამოცდილება, კონტაქტები და უნარები ძალიან გამოგვადგა. თავიდან საკმაოდ რთული იყო საქმიანობა, მაგრამ მალევე გამოგვიჩნდნენ მხარდამჭერები. ბევრი ადამიანი დაგვეხმარა: ცოდნით, დროთი - ვისაც რა რესურსი ჰქონდა.

პროექტში ყველას თავისი როლი აქვს: ზოგი ვებგვერდზეა პასუხისმგებელი, ზოგი - სოციალურ მედიაზე, ზოგს - კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობა ევალება. ხშირად შემოდის სხვადასხვაგვარი თხოვნები, რომლებიც სწრაფ რეაგირებას საჭიროებს. ამ ყველაფერს პირადად ვუწევთ მონიტორინგს, კოორდინაციას.

-  რამდენად აქტუალური აღმოჩნდა არსებულ ვითარებაში Dopomoga Ukraini-ის იდეა, როგორ იმუშავა რეალურად და მონაცემთა მოძიების პროცესი რა სირთულეებს უკავშირდება? 

- Dopomoga Ukraini-ის მიზანია მოიპოვოს, გადაამოწმოს და გაავრცელოს ინფორმაცია, რომელიც უკრაინიდან ჩამოსული ნებისმიერი ადამიანისთვის პირველად საჭიროებას უკავშირდება. საქართველოში ძალიან ბევრი ჯგუფი მუშაობს უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, რაც საამაყო და მისასალმებელია.

პროექტი სამ მიმართულებაზეა ორიენტირებული: შეკრიბოს, გადაამოწმოს და, რაც ასევე მნიშვნელოვანია, უკრაინულად თარგმნოს საჭირო ინფორმაცია. გვინდოდა, მომხმარებლისთვის შეძლებისდაგვარად გაგვემარტივებინა ვებგვერდის გამოყენება. ამასთან, თავი მოგვეყარა სხვადასხვა სივრცეში გაფანტული მონაცემებისთვის. ვფიქრობ, საერთო ძალისხმევით ამ მიზნის მიღწევა შევძელით.

ვებგვერდთან ერთად შევქმენით გვერდები უკრაინელებს შორის ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელებში და დღეს Dopomoga Ukraini-ის ტელეგრამის, ინსტაგრამის, და fb გვერდებზე, გარკვეული კრიტერიუმების და წესების დაცვით, ყველა მსურველს შეუძლია  ინფორმაციის განთავსება. ამ პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელია სიახლეების გადამოწმება, რომელიც მუდმივად იცვლება. ვცდილობთ, ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ყოველთვის იყოს განახლებული, სწრაფად გავრცელდეს, მიწოდების სწორი ფორმა და ტერმინები შევარჩიოთ.

- რა სახის სერვისებს ან დახმარებას სთავაზობენ საქართველოში მყოფ უკრაინელებს  პროექტში ჩართული პარტნიორი ორგანიზაციები? რამდენად არის ეს ყველაფერი მათ საჭიროებებთან მორგებული? რომელი სერვისები სარგებლობს ყველაზე დიდი მოთხოვნით?

- პირველივე დღეებიდან ძალიან ბევრი საქართველოს მოქალაქე, კერძო პირი თუ ორგანიზაცია გვთავაზობდა დახმარებას. ამდენი უფასო სერვისით ამაყები და სასიამოვნოდ გაოცებულნი ვიყავით. თავდაპირველად პროცესი ცოტა ქაოსური იყო - ერთ ადამიანს სხვადასხვა სახის მომსახურებას ათობით პიროვნება სთავაზობდა, თუმცა, ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდა. dopomoga.ge იქცა პლატფორმად, რომელიც ცდილობდა და ახლაც ცდილობს ამ პროცესების მოგვარებას. საქართველოს მოქალაქეები საქართველოში მყოფ უკრაინელებს სთავაზობენ საცხოვრებელ ფართს, ჰუმანიტარულ დახმარებას და ბევრ სხვა სერვისს. ამ ეტაპზე გამოვყოფდი რამდენიმეს, რომლებზეც  მოთხოვნა დიდია. ეს არის მედიკამენტები, ჯანდაცვის სერვისები, დასაქმება, ბავშვების სწავლა-განათლება თუ სხვადასხვა გამახალისებელი აქტივობა.

- პლატფორმის დაარსების დღიდან რამდენმა უკრაინელმა ისარგებლა თქვენი მომსახურებით და თუ გაქვთ რაიმე სახის ურთიერთობა ამ ადამიანებთან? 

- ჩვენმა კომუნიკაციამ უკვე მოიცვა 638,208-ზე მეტი ადამიანი, 40 000-მდე ჩართულობა და უკუკავშირი გამოიწვია. ვებგვერდს ჰყავს 7500-მდე აქტიური უნიკალური მომხმარებელი, რომელთა 90%  უკრაინულად და რუსულად ეძებს ინფორმაციას. მასზე წვდომა მხოლოდ ქართულ და უკრაინულ ენებზეა შესაძლებელი, რაც გულისხმობს, რომ მომხმარებლები ძირითადად უკრაინელები არიან, ან ადამიანები, რომელთაც სურთ მათი დახმარება. ვებგვერდზე დაყოვნების საშუალო დროც ორი წუთი და მეტია, რაც ასევე მნიშვნელოვნად განსაზღვრავს საჭირო სერვისებზე წვდომის კოეფიციენტს.

მნიშვნელოვანია, რომ ფეისბუქ თუ ტელეგრამ ჯგუფები თვითორგანიზებადი გახდა. ადამიანები ამ პლატფორმის საშუალებით ცდილობენ, ერთმანეთს დაეხმარონ, იპოვონ საცხოვრებელი, დასაქმდნენ, გაუზიარონ გამოცდილება.

სხვადასხვა ჯგუფებში ყოველდღიურად აზიარებენ ჩვენი ვებგვერდის ბმულებს, ინფორმაციას - ამა თუ იმ კითხვის პასუხად. ათობით ორგანიზაცია და საინიციატივო ჯგუფი მოგვმართავს მათი აქტივობის გასაზიარებლად.

- თქვენი პროექტი USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით მომზადდა. როგორ შეაფასებდით მათ ინიციატივას, რამდენად დროული იყო ეს ნაბიჯი და რა მნიშვნელობა აქვს  მსგავს თანადგომას  საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან?

მარტის დასაწყისში, იდეის განხორციელების პირველ ეტაპზე, საკუთარი შესაძლებლობებით მოვიძიეთ, შევაგროვეთ ინფორმაცია და მოხალისე თარჯიმანს უკრაინულ ენაზე ვათარგმნინეთ, რომელიც შემდეგ სოციალურ ქსელებში განვათავსეთ. მუშაობის პროცესში დავინახეთ, რომ მონაცემები გაფანტული იყო, არ იძებნებოდა უკრაინელთათვის გასაგებ ენაზე, ბევრს აკლდა მისამართი, ტელეფონი. მივხვდით, რომ საქმიანობის მასშტაბი უნდა გაგვეფართოებინა. ამაში ძალიან დაგვეხმარა USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის სწრაფი რეაგირების საგრანტო პროგრამა - მოკლე დროში შევძელით ვებგვერდის შექმნა და ინფორმაციის გავრცელება. ახლა უკვე თავად კერძო კომპანიები, მოხალისეები გვაწვდიან ინფორმაციას სერვისებზე, რომლებიც ხელმისაწვდომია უკრაინელთათვის.

- რამდენ ხანს გასტანს და როგორ გაგრძელდება Dopomoga Ukraini? როგორ მოხდება ამ პროექტის განვითარება?

- ჩვენი გუნდი ბევრს ფიქრობს პროექტის გაგრძელებასა და განვითარებაზე. სამწუხაროდ, ომის დასასრული ჯერ არ ჩანს და  შემდგომი რეაბილიტაცია და ნეგატიური ეფექტიც დიდხანს გასტანს. უკრაინის მოქალაქეებს ყველგან, მათ შორის, საქართველოშიც, გრძელვადიანი და სტაბილური დახმარება და მხარდაჭერა სჭირდებათ.

ბევრი რამ არის აუცილებელი უკრაინიდან დევნილებისთვის: დაბინავება, სამედიცინო სერვისები, განათლების ხელმისაწვდომობა... სახელმწიფომ და მოქალაქეებმა არ უნდა შეწყვიტონ მუშაობა, თუმცა, მათივე მოთხოვნებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით გამოვყოფდით დასაქმებას. გვინდა, უფრო მეტად წარმოვაჩინოთ ჩვენს პლატფორმაზე ეს მიმართულება და მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი უკრაინელთა დასაქმებას. ამჟამად ვეძებთ საუკეთესო მექანიზმებს, რითაც შეიძლება დამსაქმებელსა და დასაქმების მსურველთა შორის ეფექტურად გავცვალოთ ინფორმაცია.

ასევე, ვფიქრობთ განვავითაროთ ბლოგის მიმართულებაც, სადაც ინტეგრაციის პროცესებზე, ნაბიჯებზე და ეტაპებზე ვისაუბრებთ.  ეს იქნება ერთი მხრივ, უშუალოდ უკრაინელის მხრიდან დანახული ინტეგრაციის ეტაპები, სად ვის რაზე მიმართავს, რა სირთულეებია, რა რეკომენდაციები აქვს თავისი მოქალაქეებისთვის, რა საჭიროებებია და ა.შ.

ასევე, ჩვენი მხრივ პლატფორმა შესთავაზებს ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე და საჭიროებებზე დეტალურ ანალიზს, მაგალითად როგორ მიიყვანონ ბავშვი სკოლაში. რა ეტაპებია გასავლელი, რა საბუთები იქნება საჭირო. როგორ მიიღონ ჯანდაცვის უფასო და ფასიანი სერვისები და ა.შ.

ამ ყველაფერს მივცემთ უფრო სტატიის/ბლოგის სახეს და გავაზიარებთ როგორც ინდივიდუალურ გამოცდილებებს, ასევე ოფიციალურ ეტაპებს, ვადებს და გზებს.

სტატია მომზადებულია გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ, ყოველკვარტალური ჟურნალისთვის SUSTAINABILITY SPOTLIGHT, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.