LIVE

ივანიშვილმა Credit Suisse-ის თაღლით ბანკირს $1.5 მილიონის პრემია გადაუხადა

07 სექ 202216:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 567
ივანიშვილმა Credit Suisse-ის თაღლით ბანკირს $1.5 მილიონის პრემია გადაუხადა
Daro Sulakauri/Bloomberg

სინგაპურში Credit Suisse Group-ის წინააღმდეგ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის $800-მილიონიანი სასამართლო დავა გრძელდება. დღეს ცნობილი გახდა, რომ იმ დროს, როცა სკანდალური მოვლენები ვითარდებოდა, მილიარდერმა თაღლით ბანკირს პრემიის სახით $1.5 მილიონი გადაუხადა, რადგან შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ის საქმეს კარგად ასრულდება. 

ივანიშვილმა სინგაპურის სასამართლოს განუცხადა, რომ მაშინ, როცა 2008 წლიდან პატრის ლესკოდრონთან თანხები Credit Suisse-ის ინფორმირების გარეშე, კერძო ანგარიშებზე ირიცხებოდა, მას არ ეცალა, რომ ლოჯისტიკაში ჩართულიყო და გაერკვია თუ როგორ და სად მიდიოდა თანხები.

ივანიშვილმა აღიარა, რომ, როგორც ახლა აფასებს", შეთანხმება უცნაურად გამოიყურებოდა, მაგრამ "სამწუხაროდ, მაშინ ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია".

ივანიშვილი სასამართლოზე ბანკის ტრასტის ადვოკატის, ლი ენ ბენის კითხვებს პასუხობდა. Bloomberg-ის შეფასებით, ის ცდილობდა, ეჩვენებინა, რომ მილიარდერსა და მის ბანკირს აქტიური ურთიერთობა ჰქონდათ, რაც დავისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის უნდა იყოს.  

Credit Suisse წლებია ამტკიცებს, რომ ის და მისი საზღვარგარეთული წარმომადგენლობები არ იყვნენ ინფორმირებული პატრის ლეკოდრონის თაღლითური სქემის შესახებ. ივანიშვილის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ CS Trust-მა ვერ შეასრულა "ძირითადი მოვალეობა" -  მიბარებული აქტივების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

CS Trust-ის ადვოკატის განცხადებით, ტრასტის მოვალეობა იყო სტრუქტურული ადმინისტრირება და არა რაიმე საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღება. ივანიშვილს შეეძლო თავისი აქტივები სხვა ბანკში გადაეტანა.

გუშინ Credit Suisse-მა განაცხადა, რომ ყიდის თავის სატრასტო ბიზნესს სინგაპურის ერთეულის ჩათვლით. ბანკის განცხადებით, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა რეგულარული განხილვის ფარგლებში, ისე, რომ მას მიმდინარე სასამართლო დავა არ უხსენებია. 

სასამართლო პროცესი ხვალ ივანიშვილისა და მისი საინვესტიციო მრჩევლის გიორგი ბაჩიაშვილის ჩვენებით განახლდება. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჰუგო მილერი და ლოუ დე ვეი