LIVE

რუსეთი $70 მილიარდის იუანისა და სხვა "მეგობრული" ვალუტების ყიდვას განიხილავს - Bloomberg

02 სექ 202219:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 666
რუსეთი $70 მილიარდის იუანისა და სხვა "მეგობრული" ვალუტების ყიდვას განიხილავს - Bloomberg

რუბლის გაუფასურების შესაჩერებლად, რუსეთი წელს $70 მილიარდის ღირებულების იუანისა და სხვა "მეგობრული" ვალუტების ყიდვის გეგმას განიხილავს. 

Bloomberg-ის ინფორმაციით, გეგმამ მთავრობისა და ცენტრალური ბანკის მაღალჩინოსნების, მათ შორის, ბანკის ხელმძღვანელის, ელვირა ნაბიულინას პირველადი მხარდაჭერა მოიპოვა.  

სხვა ზომებთან ერთად, ეს განხილვა კრემლის მიერ მინიმუმ გასული 10 წლის განმავლობაში გატარებული ეკონომიკური პოლიტიკის უარყოფას ნიშნავს. აშშ-სა და მისი მოკავშირეების მიერ დაწესებული სანქციების ფონზე, მოსკოვი სტრატეგიას ცვლის.

მიდგომა ხაზს უსვამს, როგორ შეიცვალა რუსეთის ეკონომიკური სტრატეგია მას შემდეგ, რაც დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ $640 მილიარდის ღირებულების სავალუტო რეზერვების დაახლოებით ნახევარი გაუყინეს და კრემლი ფულზე ხელმისაწვდომობის გარეშე დატოვეს. 

"ახალ ვითარებაში, სამომავლო კრიზისებისთვის ლიკვიდური სავალუტო რეზერვების შენახვა უკიდურესად რთულია და მიზანშეწონილი არ არის", - ნათქვამია შეხვედრისთვის მომზადებულ პრეზენტაციაში. 

წლების განმავლობაში კრემლი ზოგავდა ასობით მილიარდ დოლარს, ევროს და სხვა უცხოურ ვალუტას, როგორც "ბალიშს", რომელსაც ეკონომიკა ნავთობის ფასების რყევისგან უნდა დაეცვა.

"გაყინულმა $300 მილიარდმა ვერ უშველა რუსეთს. პირიქით, ის დაუცველი გახდა და ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობად იქცა", - ნათქვამია პრეზენტაციაში, რაც იმ იშვიათ შემთხვევას განეკუთვნება, როცა რუსეთი სანქციების ნამდვილ გავლენას აღიარებს. 

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ თანხის შენახვა ნიშნავს რუსეთში ინვესტიციების პირდაპირ შემცირებას სხვა ქვეყნებში ინვესტიციების გაზრდის სასარგებლოდ. 

ამავე დოკუმენტის მიხედვით, "მეგობრული" ქვეყნების ვალუტების ყიდვაც კი პრობლემურია. მისი გაყიდვა "საჭიროებს ცალკე შეთანხმებას ჩინეთთან, რომელიც ძალიან რთული იქნება კრიზისის დროს". სხვა ვალუტები, მაგალითად, არაბული დირჰამი "მაღალ პოლიტიკურ რისკებს" უკავშირდება, რადგან შეიძლება ამ მთავრობებმა თავიანთი პოლიტიკა შეცვალონ, თურქული ლირა კი დიდი გაუფასურების რისკის წინაშეა.

Bloomberg-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტის ასლის ავთენტურობა საკითხში გარკვეულმა პირებმა დაადასტურეს. მთავრობამ და ცენტრალურმა ბანკმა გეგმის შესახებ კომენტარის თხოვნა უპასუხოდ დატოვეს.  

როდესაც ოფიციალურმა პირებმა ივნისში რუბლის გაუფასურების შესანელებლად "მეგობრული" ვალუტების ყიდვის იდეა გააჟღერეს, იმ დროს ეკონომიკის მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა წინადადება გააკრიტიკა და თქვა, რომ ეს არ იქნება საკმარისი.

ომამდე, დივერსიფიკაციის  მიზნით, რუსეთი სტაბილურად ზრდიდა იუანის ინვესტიციებს. ის გახდა ჩინეთის ვალუტის რეზერვების ერთ-ერთი უდიდესი მფლობელი მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ ეს აქტივები აშშ-ისა და ევროპის სანქციებით არ არის გაყინული, რუსეთს მასზე ჯერ კიდევ შეზღუდული წვდომა აქვს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია