LIVE

გაერო ჩინეთს სინძიანში ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს

01 სექ 202212:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 636
გაერო ჩინეთს სინძიანში ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს
Fabrice Coffrini/AFP/Getty Images

ჩინეთმა სინძიანში "ადამიანის უფლებები სერიოზულად დაარღვია" და პოტენციურად კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა. ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა მიშელ ბაჩელეტმა განაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება ცდილობს ჩინეთი აიძულოს, რომ შეცვალოს ძალადობრივი პოლიტიკა რეგიონის მუსლიმი უმცირესობის მიმართ.

რამდენიმეთვიანი შეფერხების შემდეგ, კომისარმა სინძიანში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიში გუშინ, უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე რამდენიმე საათით ადრე გამოაქვეყნა. 

ანგარიშში შესულია "წამების ან არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის სხვა სახის სასტიკი ფორმების მაგალითები", როგორც კამპანიის ნაწილი, რომელსაც ჩინეთი ექსტრემიზმთან ბრძოლის მცდელობას უწოდებს. 

ბაჩელეტის თქმით, უიღურებისა და სხვა მუსლიმების დაკავება, უფლებების დარღვევის უფრო ფართო კამპანიასთან ერთად, "შეიძლება წარმოადგენდეს საერთაშორისო დანაშაულს, კერძოდ, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს". 

გაეროს შეფასება ადასტურებს რამდენიმე დასავლური მთავრობისა და დამოუკიდებელი უფლებადამცველი ჯგუფის დასკვნებს, თუმცა კომისარს ჩინეთი გენოციდში არ დაუდანაშაულებია. ტრამპის ადმინისტრაციამ სინძიანის რეგიონში უიღურების და სხვა უმცირესობების დარბევა გენოციდად შეაფასა ერთ-ერთ ბოლო აქტში, რაც შემდეგ ბაიდენის ადმინისტრაციამ დაადასტურა.

"ანგარიში განათლების ცენტრებში თავისუფლების ფართოდ აღკვეთას, იქ აღმოჩენილ წამებასა და სექსუალურ ძალადობას, იძულებითი შრომის ალბათობას, რელიგიურ და კულტურულ უფლებებზე შეტევას ადასტურებს", - ამბობს ორგანიზაცია "ჩინეთის ადამიანის უფლებათა დამცველების" კვლევისა და ადვოკატირების კოორდინატორი უილიამ ნი.

პეკინმა სინძიანში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ბრალდებებს უარყოფს და "საუკუნის ტყუილს" უწოდებს. მან საერთაშორისო დიპლომატებისთვის მოაწყო ტურები რეგიონში, რითაც სურდა, რომ პოლიტიკური სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება ეჩვენებინა.  

ანგარიშის საპასუხოდ, ჩინეთი აცხადებს, რომ შეფასება უგულებელყოფს მის მიღწევებს, კომისარი აჭარბებს მანდატს და "უაზროდ ლანძღავს და ცილს სწამებს ჩინეთს".

"ჩინეთის მთავრობა, რომელიც ადამიანზე ორიენტირებულ მიდგომას ატარებს, ადასტურებს, რომ ბედნიერი ცხოვრებით ცხოვრება ადამიანის უპირველესი უფლებაა და ადგას ადამიანის უფლებების განვითარების გზას, რომელიც შეესაბამება თანამედროვეობას", - აცხადებს ჩინეთის მთავრობა.

მაისში ბაჩელეტი ჩინეთს ეწვია. ის გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის პირველი წარმომადგენელია, რომელიც 2005 წლის შემდეგ, ამ ქვეყანაში ჩავიდა. ამ ვიზიტის გამო, მას თავს მწვავე კრიტიკა დაატყდა, რადგან უფლებადამცველი ჯგუფები აცხადებდნენ, რომ მისი ვიზიტი ჩინეთის მთავრობის მიერ მკაცრად იყო გაკონტროლებული. მოგვიანებით მან აღიარა, რომ "შეზღუდვებს" წააწყდა და ვერ შეძლო დაკავებულ უიღურებთან შეხვედრა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია