LIVE

რუსეთის ბაზარზე დასავლურ ბრენდებს ჩინური ანაცვლებს

31 აგვ 202219:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 918
რუსეთის ბაზარზე დასავლურ ბრენდებს ჩინური ანაცვლებს

რუსეთში გერმანულ და სამხრეთ კორეულ იმპორტს ჩინური მანქანები, ტელევიზორები და სმარტფონები ცვლის. რუსეთი ცდილობს, რომ ვაჭრობის შეფერხება იმ ქვეყნების საქონლის მეშვეობით აირიდოს, რომლებიც უკრაინაზე თავდასხმის გამო, მის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებს არ შეუერთდნენ. 

ევროსა და დოლარში შესყიდვების აკრძალვის შემდეგ, მოსკოვი ახალ წესებს ადგენს, რათა მის სუვერენულ ფონდს ინვესტიციების ჩინურ, ინდურ და თურქულ ვალუტაში განხორციელების საშუალება ჰქონდეს.

ომმა რუსეთის აზიისკენ სწრაფვა დააჩქარა. ცვლილებებს, რომლებსაც ადრე წლები სჭირდებოდა, ახლა თვეებში ხდება. ტრანსფორმაცია ხაზს უსვამს იმ პროცესს, რომელიც პუტინმა ოც წელზე მეტი ხნის წინ, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო და მოიცვა მთელი ეკონომიკა.

ჩინური კომპანიების: Great Wall Motor-ისა და Geely Automobile Holdings-ის მანქანების გაყიდვები ივლისში სტაბილურად შენარჩუნდა, მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილების ბაზარი, გასულ წელთან შედარებით, 75%-იან კლებას განიცდის.  შესაბამისად, ჩინური ავტომობილები ყველაზე გაყიდვადი მანქანების სიაში აღმოჩნდა.

Avtostat-ის მონაცემებით, გასულ კვარტალში ახალი ავტომობილების იმპორტის 81% ჩინური იყო, პირველ კვარტალში ეს მაჩვენებელი 28%-ს შეადგენდა. 

Samsung-ის ჩანაცვლება

მას შემდეგ, რაც Apple-მა და Samsung Electronics-მა რუსეთში პროდუქტის მიწოდება შეაჩერეს, სმარტფონების ბაზარი ასევე ჩინეთზე გადაერთო.

Mobile TeleSystems-ის მიხედვით, რუსეთში მეორე კვარტალში სმარტფონების გაყიდვებში ლიდერი აღმოჩნდა Xiaomi, რომელმაც ჩაანაცვლა Samsung-ი. ამასთან, ხუთეულში სამი ჩინური ბრენდი იყო.

"მიმდინარეობს გადანაწილება. ნათელია, რომ ჩინური ბრენდების Android სმარტფონებზე მოთხოვნა გაზრდილია", - ამბობს  ელექტრონული კომერციის პლატფორმის Ozon Holding-ის სატელეკომუნიკაციო განყოფილების ხელმძღვანელი ალექსეი ზაიცევი. 

გაზეთ Izvestia-ს მიერ გასულ თვეს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ, ჩინურ ტელევიზორებზე მოთხოვნა თითქმის გაორმაგდა, რადგან იაპონურმა და კორეულმა კომპანიებმა მიწოდება შეაჩერეს. 

იუანით ვაჭრობა

ჩინეთთან ვაჭრობის ტენდენცია ომამდეც იზრდებოდა. გასულ წელს რუსეთში იმპორტის 25% ჩინეთზე მოდიოდა. მიუხედავად ამისა, რუსული ბაზარი ჩინეთის ექსპორტის 2.3%-ს შეადგენს.

მოსკოვს პეკინის პროდუქტი ახლა ყველაზე მეტად სჭირდება, რადგან მის მომხმარებლები არჩევანის ნაკლებობის პრობლემის წინაშე დგანან.  გასულ თვეში რუსეთმა ჩინეთიდან $6,7 მილიარდის საქონელი შეიძინა, რაც გასულ წელთან შედარებით 20%-ით მეტია.

Tass-ის ინფორმაციით, რუსეთ-ჩინეთის ვაჭრობა, ენერგიის გაზრდილი ფასის ფონზე, მიმდინარე წელს შესაძლოა, მესამედით გაიზარდოს და $190 მილიარდს მიაღწიოს.

ახლა, როცა ჩინეთი უფრო მნიშვნელოვანი პარტნიორი გახდა, იუანით ვაჭრობა მოსკოვის ბირჟაზე მიმდინარე წელს 40-ჯერ გაიზარდა.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ წლის ბოლომდე რუსეთში ჩინური საქონლის მოცულობა გაიზრდება, რამდენადაც უფრო და უფრო მეტი ჩინური კომპანია პოულობს გზას, რომ რუსეთში იმპორტი სანქციების დარღვევის გარეშე შეიტანოს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია