LIVE

ევროპულ ბუნებრივ აირზე ფასები ეცემა

29 აგვ 202216:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 624
ევროპულ ბუნებრივ აირზე ფასები ეცემა

ევროპულ ბუნებრივ აირზე ფასები აპრილის შემდეგ ყველაზე მეტად შემცირდა მას შემდეგ, რაც გერმანიამ განაცხადა, რომ მისი გაზის საცავები დაგეგმილზე სწრაფად ივსება.

ჰოლანდიური წინა თვის საორიენტაციო ფიუჩერსები 20%-ით დაეცა და ნაწილობრივ შემოაბრუნა გასული კვირის თითქმის 40%-იანი ნახტომი. პარალელურად, გერმანიაში გაზის მარაგები სწრაფად ივსება და მომავალ თვეში, სავარაუდოდ, ოქტომბრის 85%-იან სამიზნეს მიაღწევს.

ფასის დღევანდელი ვარდნა გარკვეულ შვებას წარმოადგენს სწრაფი ზრდის შემდეგ, მაგრამ ფიუჩერსები ჯერ კიდევ თითქმის ექვსჯერ ძვირია ვიდრე ერთი წლის წინ. ამასთან, რეგიონი რეცესიის ზღვარზეა, ზოგ ქვეყანაში ინფლაციის უმაღლესი მაჩვენებლებით დეკადების განმავლობაში.

მიუხედავად იმისა, რომ ფუნდამენტური სურათი ჯერ კიდევ ძალიან ბუნდოვანია, Nord Stream-ის მიერ გაზის ნაკადის განახლების შესახებ გაურკვევლობის ფონზე, Goldman Sachs-მა აღნიშნა, რომ ფასების ბოლოდროინდელი მოძრაობები ნაწილობრივ ძალიან დაბალი ლიკვიდურობით არის გამოწვეული.

გაზის საცავების შევსებასთან ერთად, ევროპული ქვეყნები ოდნავ უკეთეს მდგომარეობაში არიან მიწოდების შემდგომი შემცირების წინაშე, იმის გათვალისწინებით, რომ Gazprom-ი ოთხშაბათს Nord Stream-ის ტექნიკურ სამუშაოებს იწყებს. ამასთან, დაბალი ტემპერატურა აღმოსავლეთ ევროპაში მომავალ კვირას ასევე დაეხმარება ქვეყნებს მეტი გაზის დაგროვებაში.

თუმცა, სავსე საცავების შემთხვევაშიც კი, გერმანიისთვის რუსული გაზის გარეშე ზამთარი სარისკო იქნება. ამ ფონზე, ჩეხეთი, რომელიც ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარეა, ენერგეტიკის მინისტრების საგანგებო შეხვედრას მოიწვევს, რათა განიხილონ ბლოკის მასშტაბით პრობლემის გადაჭრის გზები.

კრიზისმა ასევე გამოიწვია ძალისხმევის გაძლიერება მოხმარების შესამცირებლად, ევროპა მომავალი ზამთრისთვის გაზის მოხმარების 15%-ით შემცირებას აპირებს. ევროპის მთავრობებმა ენერგიის მოხმარების შეზღუდვისკენ ისეთი მკვეთრი ნაბიჯის გადადგმა დაიწყეს, როგორიცაა შენობების გარე განათების აკრძალვა და შიდა გათბობის ტემპერატურის შემცირება.

შემდეგი თვის ჰოლანდიური ფიუჩერსები ამსტერდამში დილის 10:23 საათზე 11%-ით დაეცა და მეგავატ საათზე 301 ევრო შეადგინა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ვანესა დეზემი