LIVE

ჯეიმს უების ტელესკოპმა ეგზოპლანეტაზე CO2-ის პირველი ნათელი მტკიცებულება აღმოაჩინა

27 აგვ 202216:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 766
ჯეიმს უების ტელესკოპმა ეგზოპლანეტაზე CO2-ის პირველი ნათელი მტკიცებულება აღმოაჩინა
NASA, ESA, CSA, Joseph Olmsted

NASA-ს ჯეიმს უების კოსმოსურმა ტელესკოპმა უკვე აღმოაჩინა სამყაროს ის ნაწილები, რომლებიც აქამდე არასდროს ყოფილა შესწავლილი და ასევე აჩვენა იუპიტერის, მზის სისტემის უდიდესი პლანეტის განსაცვიფრებელი სურათები. თუმცა, ტელესკოპის შესაძლებლობები ამით არ მთავრდება.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს ნახშირორჟანგის პირველი ნათელი მტკიცებულება ეგზოპლანეტის ატმოსფეროში - გარღვევა, რომელმაც შეიძლება გაუხსნას კარი მსგავსი დაკვირვებებისთვის სიცოცხლისთვის უფრო სტუმართმოყვარე პლანეტებზე.

შედეგები აჩვენებს, რომ ტელესკოპს შეუძლია ამგვარად აღმოაჩინოს და გაზომოს CO2 პატარა, კლდოვანი პლანეტების ატმოსფეროში.

პლანეტა WASP-39 b არის იუპიტერზე ოდნავ დიდი გაზის გიგანტი. ის პირველად 2011 წელს აღმოაჩინეს სახმელეთო დაკვირვებით დედავარსკვლავის შუქზე.

“ეს იყო განსაკუთრებული მომენტი, რომელმაც გადალახა მნიშვნელოვანი ბარიერი ეგზოპლანეტების მეცნიერებაში”, - თქვა ზაფარ რუსტამკულოვმა, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა და JWST Transiting Exoplanet Community Early Release-ის კვლევის ჯგუფის წევრმა.

წინა კვლევებმა დაადგინა წყლის ორთქლის, ნატრიუმის და კალიუმის არსებობა პლანეტის ატმოსფეროში, მაგრამ მხოლოდ ჯეიმს უების უმაღლესი ინფრაწითელი მგრძნობელობით გახდა შესაძლებელი ნახშირორჟანგის არსებობის დადასტურება.

“WASP-39 b-ზე ნახშირორჟანგის ასეთი მკაფიო სიგნალის აღმოჩენა კარგია დედამიწის ზომის პატარა პლანეტებზე ატმოსფეროს აღმოჩენისთვის”, - განაცხადა ნატალი ბატალიამ კალიფორნიის უნივერსიტეტიდან, რომელიც ხელმძღვანელობს გუნდს.

NASA ამბობს, რომ შედეგები აჩვენებს ტელესკოპის უნარს, შეაგროვოს ინფორმაცია გალაქტიკაში პლანეტების შემადგენლობის, ფორმირებისა და ევოლუციის შესახებ.

“ნახშირორჟანგის მოლეკულები პლანეტების წარმოქმნის ისტორიის მგრძნობიარე ინდიკატორია. ნახშირორჟანგის ამ მახასიათებლის გაზომვით, შეგვიძლია განვსაზღვროთ, თუ რამდენი მყარი და აირისებრი მასალა იქნა გამოყენებული პლანეტის შესაქმნელად. მომდევნო ათწლეულის განმავლობაში, JWST-ი ჩაატარებს გაზომვას სხვადასხვა პლანეტაზე, რათა გაიგოს დეტალები, თუ როგორ წარმოიქმნება პლანეტები და დაადასტუროს მზის სისტემის უნიკალურობა”, - თქვა მაიკ ლაინმა არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, მკვლევარების ჯგუფის კიდევ ერთმა წევრმა.