LIVE

ფართოზოლოვანი ინტერნეტის ყველაზე მეტი მომხმარებელი „მაგთიკომს“ ჰყავს - ანგარიში

26 აგვ 202216:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 567
ფართოზოლოვანი ინტერნეტის ყველაზე მეტი მომხმარებელი „მაგთიკომს“ ჰყავს - ანგარიში

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, 2022 წლის II კვარტალში ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების აბონენტების რაოდენობა საქართველოში წლიურად 45 000-ით გაიზარდა და ჯამში 1 მლნ 033 ათასი შეადგინა. აბონენტების 5% იურიდიული პირი იყო, 95% კი - ფიზიკური. 

ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ბაზრის ანგარიშის მიხედვით, სადაც II კვარტლის შედეგებია გაანალიზებული, აპრილი-ივნისის პერიოდში ყველაზე მეტი აბონენტი (ჯამურად ფიზიკური და იურიდიული პირები) „მაგთიკომს“ ჰყავდა. კომპანია 507 000 მომხმარებლით ბაზრის 49%-ს იკავებს, მეორე ადგილზე იყო „სილქნეტი“ 316 000 აბონენტითა და ბაზრის 31%-ით. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, „მაგთიკომს“ 26 000-ით მეტი აბონენტი ჰყავს, „სილქნეტის“ აბონენტების რაოდენობა კი 19 000-ით გაიზარდა.

რაც შეეხება შემოსავლებს, 2022 წლის II კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სექტორში არსებული კომპანიების მიერ ფიზიკური და იურიდიული პირი აბონენტებისგან მიღებული შემოსავლები 6 მლნ ლარით გაიზარდა და ჯამში 79 მლნ 200 ათასი ლარი შეადგინა. აქედან „მაგთიკომის“ შემოსავალი 36 მლნ 200 ათასი ლარი იყო, „სილქნეტის“ კი - 27 მლნ ლარი. აღსანიშნავია, რომ, „მაგთიკომის“ შემოსავალი წლიურად 2 მლნ ლარით გაიზარდა, „სილქნეტის“ კი - 2 მლნ 100 ათასი ლარით. 

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, იურიდიული პირი აბონენტების ARPU (საშუალოდ ერთი აბონენტისგან მიღებული შემოსავალი) დიდად აღემატებოდა ფიზიკური პირი აბონენტების ამ მაჩვენებელს. ფიზიკური პირების შემთხვევაში ეს საშუალოდ 19.3 ლარი იყო, იურიდიული პირების შემთხვევაში კი საშუალოდ 152 ლარი.

ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების აბონენტების (ჯამურად ფიზიკური და იურიდიული პირები) 44% თბილისშია, დანარჩენი კი რეგიონებში. აღსანიშნავია, რომ რეგიონებიდან ყველაზე მეტი აბონენტი იმერეთშია.