LIVE

როგორ გარდაქმნა ტიმ კუკმა Apple $2.3 ტრილიონიან გიგანტად

11 თებ 202111:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 2591
როგორ გარდაქმნა ტიმ კუკმა Apple $2.3 ტრილიონიან გიგანტად
Bloomberg

2012 წელს ჯო ბაიდენის კითხვაზე, რატომ არ შეიძლება Apple-მა პროდუქცია აშშ-ში აწარმოოს, ტიმ კუკმა, სტივ ჯობსისგან განსხვავებით, დიპლომატიური პასუხი გასცა - კითხვა უპასუხოდ არ დატოვა, თუმცა პასუხი არავის ახსოვს. წლებით ადრე ბარაკ ობამას იგივე კითხვაზე სტივ ჯობსის ხისტი პასუხი ყველა მედიის მთავარი თემა გახდა- "ეს სამუშაო ადგილები არასდროს დაბრუნდება ამერიკაში". 

იმ წლის ბოლოს, კუკმა ისიც დასძინა, რომ ზოგი მაკი აშშ-ში დამზადდებოდა. ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო Apple-ის დირექტორისგან. თუმცა, მას შემდეგ კომპანიის ჩინეთზე დამოკიდებულება კიდევ უფრო გაიზარდა.

შეიძლება იფიქროთ, რომ დონალდ ტრამპის ანტი-ჩინური პოლიტიკის გამო, კუკი მძიმე პოლიტიკური გამოწვევების წინაშე დადგებოდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ტრამპის ადმინისტრაციის დროს Apple კიდევ უფრო გაიზარდა.

2018 წლის აგვისტოში კომპანიის საბაზრო ღირებულებამ 1 ტრილიონ დოლარს მიაღწია. 24 თვის შემდეგ, მაშინაც კი, როდესაც ტრამპმა იმ კომპანიების წინააღმდეგაც გაილაშქრა, რომლებიც პროდუქტს ჩინეთში აწარმოებდნენ, Apple-ის ღირებულებამ  2 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.

კონკურენტ კომპანიებში აღმასრულებლები და ვაშინგტონის ინსაიდერები ამას კუკის გამჭრიახი მენეჯმენტის უნარებსა და თანაბრად გამჭრიახ პოლიტკორექტულობას მიაწერენ. კუკმა ტექნოლოგიური ომის პირობებში ტრამპიც დაიმეგობრა და პეკინის კმაყოფილებაც შეინარჩუნა.

ტიმ კუკის მშვიდი ტემპერამენტი  კარგად ერგება პოლარიზებულ პოლიტიკურ კლიმატს. მოკავშირეები აქებენ მის ოპერაციულ უნარებსა და დიპლომატიურ ინსტინქტებს. "შეიძლება, სტივი უკეთეს პროდუქტს ქმნიდა" - ამბობს უორენ ბაფეტი -"მაგრამ ძალიან ცოტა CEO გრძნობს დინამიკას ისე, როგორც ტიმი".

ჯობსისგან განსხვავებით, ტიმ კუკს არც აქვს პრეტენზია შემოქმედებითობაზე. მისი რეპუტაცია კოლეგებში და მეტოქეებში ყიველთვის შეუწყვეტელ, თავდადებულ მუშაობას უკავშირდებოდა.

კუკი Apple– ში 1998 წელს IBM– ში მუშაობის შემდეგ მივიდა. თავიდან Apple- ის წარმატებას სტივ ჯობსის გენიალურობას მიაწერდნენ, მაგრამ კუკმა პროდუქციის მასიური წარმოება შეძლო და კომპანია ეკონომიკურ და კულტურულ ძალად გარდაქმნა. მან HP-ის, Compaq-ისა და Dell-ის სტრატეგიით იხელმძღვანელა.  მიუხედავად იმისა, რომ ჯობსი ვერ იტანდა, რასაც ეს კომპანიები წარმოადგენდნენ, კუკმა მათი უცხოური წარმოების მეთოდები აითვისა და გააუმჯობესა.

კუკმა Foxconn და სხვა მწარმოებლები აიძულა, ჯობსის და  ჯონ აივის ექსტრავაგანტულ ესთეტიკას და ხარისხს მორგებოდნენ. Apple– ის ინჟინრებმა შექმნეს სპეციალიზებული საწარმოო მოწყობილობები და კონკურენტებისგან განსხვავებით ხშირად მოგზაურობდნენ ჩინეთში. ასევე, კოლეგებისგან განსხვავებით, ცოტა დროს ატარებდნენ საკონფერენციო დარბაზებში და ძირითად დროს პროდუქტის წარმოებაზე ხარჯავდნენ და მუდმივად მუშაობდნენ ტექნიკის დახვეწაზე.

კუკმა Apple სხვებისგან იმით გამოარჩია, რომ მან ბევრად მეტი დახარჯა მომავალი თაობის ნაწილების შესაძენად - ეს წლებით ადრე გააკეთა, ვიდრე მისმა კონკურენტებმა და თანაც  ძირითადი კომპონენტებისთვის ექსკლუზიურობის გარიგებებით. ამით Apple მეტოქეებზე ბევრად  წინ წავიდა. ამავდროულად, კუკი შეპყრობილი იყო Apple- ის ხარჯების კონტროლით.

კომპანიის წარმატება იმანაც განაპირობა, რომ Apple– ის  ძალაუფლება მის მომწოდებლებზე iPhone– ის გამოშვების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2009 წელს iPhone– ის მიწოდების მენეჯერი ამბობს, რომ Apple– მა მკაცრი ურთიერთობა აირჩია აზიის მიმწოდებლებთან და ვენდორებთანაც, ვინც მის პროდუქციას ყიდდა.

ჯობსის გარდაცვალების შემდეგ, სკეპტიკოსები ელოდნენ, რომ Apple-ის დომინაცია, მისი გამოგონებების მუდმივი ნაკადის გარეშე, შესუსტდებოდა და საბოლოოდ გარქებოდა. სინამდვილეში,  რეალური  გამოწვევა  ჩინეთში მიწოდების ჯაჭვის შენარჩუნება იყო. დაზოგვის მიზნით ყველა მილიმეტრი მოწმდებოდა, ერთი შეხედვით ნაკლებად მნიშვნელოვანი  ნაწილებიც კი. 

ჯობსის გარდაცვალების შემდგომ,  კუკმა ბიზნესი იმ გზით გააფართოვა, რასაც ჯობსი ეწინააღმდეგებოდა. ჯობსი ამაყობდა იმით, რომ Apple– ის პროდუქტის კატალოგი იმდენად მცირე იყო, რომ პატარა მაგიდაზე ეტეოდა.  მის გარდაცვალებამდე  Apple  ორ iPhone-ს და ერთ iPad-ს ყიდდა. დღეს ის გთავაზობთ შვიდ iPhone -ს და ხუთ iPad-ს. კუკმა ასევე დაამატა მაღალ ფასიანი პროდუქტები, ფლაგმანური მობილური მოწყობილობების აქსესუარების სახით, როგორიცაა AirPods და Apple Watch.

კუკმა Apple უფრო მრავალფეროვან კომპანიად აქცია, თუმცა მისი დამოკიდებულება ჩინეთზე ვერ და არ სუსტდება.

მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი ყალბ რეალობას ქმნიდა, თითქოს Apple-ის პროდუქტების წარმოება აშშ-ში იდგამდა ფესვებს და ეს "ამერიკული ოცნების" ნაწილი იყო,  კუკი მზად იყო გაეკეთებინა ყველაფერი, რაც Apple- ის ჩინური მიწოდების ჯაჭვის დასაცავად იყო საჭირო. Apple-ის მასშტაბის წარმოების ჩინეთიდან ამერიკაში ერთი ხელის მოსმით გადატანა მარტივი არ არის, მათ შორის, სამუშაო ძალის თვალსაზრისითაც და ეს კუკმა კარგად იცოდა, თუმცა მისი დიპლომატიური ლავირევის უნარით, ის ყოველთვის ახერხებდა პრეზიდენტებისთვის სასურველი სურათი ეჩვენებინა.

იმავდროულად, Apple–მა AirPods–ის გარკვეული წარმოება  ვიეტნამში გადაიტანა,  iPhones-ის კი ინდოეთში. ორივეგან კომპანია მასშტაბის და ხარისხის პრობლემებს წააწყდა.  წარმოების უფრო მნიშვნელოვან დივერსიფიკაციას წლები დასჭირდება. 

ეთიკური პრობლემების და მასწარმოების გამოწვევების მიუხედავად, კომპანია კუკის მმართველობაში გამარჯვებების სერიას განაგძობს. 27 იანვარს Apple– მა გამოაცხადა, რომ  მსოფლიოში 1 მილიარდზე მეტი აქტიური  iPhone-ია. კუკისთვის ეს ვარსკვლავური მიღწევაა. მან Apple- ის მომარაგების ჯაჭვის ნავიგაცია ამ უპრეცედენტო დროში ისე მოახდინა, რომ ტექნოლოგიურ ცივ ომს აშშ-სა და ჩინეთს შორის თავი აარიდა.

მიუხედავად ამისა ეთიკური დილემები Apple-ის რადარზე არ წყდება. სანამ ანტიმონიპოლიური ორგანიზაციები და ტექ. კომპანიები, როგორიცაა Facebook, Spotify და Epic Games, Apple-ს  App Store-ში მონოპოლიური პრაქტიკების გამო ადანაშაულებენ, კომპანია კიდევ უფრო იზრდება. კუკი ამ ბრალდებებს საკუთარი ნარატივით პასუხობს და ხაზს კონფიდენციალურობას და მომხმარებლების მონაცემთა დაცვის მნიშვნელობას უსვამს. პოლიტიკური კლიმატი, სადაც ამ მონაცემების არაეთიკური  გამოყენების გამო ტექ. კომპანიები მუდმივად კრიტიკის ქარცეცხლში ხვდებიან, მის სასიკეთოდ მოქმედებს.

კოვიდ-პანდემიის მორიგი ტალღისა და ეკონომიკური გაურკვევლობის ფონზე, წინა კვარტალში Apple-მა $ 111 მილიარდიანი შემოსავალი დააფიქსირა. ეს კიდევ ერთი რეკორდული მაჩვენებელია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ოსტინ კარი და მარკ გურმანი