LIVE

გაზრდილი წნეხის ფონზე, რუსული ნავთობი გეზს აზიისკენ იღებს

24 აგვ 202217:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 413
გაზრდილი წნეხის ფონზე, რუსული ნავთობი გეზს აზიისკენ იღებს

ევროკავშირის სანქციების გამკაცრების ფონზე, რუსეთმა შესაძლოა, აზიაში ნავთობპროდუქტების ექსპორტის მოცულობა გაზარდოს. 

საკონსულტაციო ფირმა FGE-ის წარმომადგენელი, არმაან აშრაფი ფიქრობს, რომ თებერვლიდან, როცა ევროკავშირის სანქციები ძალაში შევა, რუსული ნაფტა (ნავთობპროდუქტი, რომელიც ძირითადად პლასტმასის წარმოებაში გამოიყენება) გაზრდილი მოცულობით გაიგზავნება ისეთ ცენტრებში, როგორიცაა სინგაპური და ფუჯაირა (არაბთა გაერთიანებული საამიროები). 

სპეციალისტი ვარაუდობს, რომ ამ რეგიონებიდან საწვავი რეექსპორტზე გავა სხვა ქვეყნებში, რადგან შემსყიდველები ახლა პირდაპირ რუსეთიდან იმპორტს ერიდებიან.

მოსკოვის უკრაინაში შეჭრამ ენერგეტიკულ ბაზრებზე არეულობა გამოიწვია. მოსალოდნელია, რომ შეფერხებები 2023 წლამდე გაგრძელდება. რუსული ნედლი ნავთობის ნაკადების უმრავლესობაზე ევროკავშირის აკრძალვა დეკემბერში ამოქმედდება. ორი თვის შემდეგ კი, მსგავსი აკრძალვა შეეხება სხვა პროდუქტებს, მათ შორის ნაფტას.

სპეციალისტების მოლოდინით, შეზღუდვების ამოქმედების შედეგად რუსული ნედლი ნავთობის მოპოვება შემცირდება, თუმცა ადგილობრივ გადამამუშავებელ ქარხნებს ნაფტას გასაყიდად სივრცე მაინც დასჭირდებათ. 

კომპანია Vortexa-ს წინასწარი მონაცემებით, ივლისთან შედარებით, აგვისტოში რუსული ნაფტას ექსპორტი აზიაში 84%-ით გაიზარდა და დღეში დაახლოებით 130 000 ბარელი შეადგინა. საგულისხმოა, რომ ეს ზრდა ფიქსირდება ისეთ პირობებში, როცა ჩინეთში პლასტმასაზე მოთხოვნა შემცირებულია, ხოლო ადგილობრივ მწარმოებლებს მუშაობა მოგების მცირე მარჟით უწევთ. 

აშრაფის ვარაუდით, რუსული ნაფტა წლის დასაწყისში უკვე გადაიგზავნა ინდოეთში ურალის ტიპის ნავთობთან ერთად. მისივე თქმით, სხვადასხვა ტიპის ნავთობპროდუქტის შერეული სახით გაყიდვა შესაძლოა უფრო სარფიანი იყოს, ვიდრე პირდაპირ ნაფტას გაყიდვა. 

Citigroup მიუთითებს, რომ ევროკავშირის შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ, რუსეთიდან ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მთლიანი ნაკადები შესაძლოა შემცირდეს. მოსალოდნელია, რომ ვარდნა დღეში დაახლოებით 1,25 მილიონ ბარელს მიაღწევს, რაც სხვა ოფიციალურ პროგნოზებში დასახელებულ მონაცემთან შედარებით დაბალი მაჩვენებელია. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ელიზაბეტ ლოუ