LIVE

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მოგების 76% ერთ კომპანიაზე მოდის

11 თებ 202108:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 879

2020 წელს მიკროსაფინანსოების ჯამურმა მოგებამ 44.8 მლნ ლარი შეადგინა. თუმცა  მოგების დიდი ნაწილი რამდენიმე კომპანიაზე მოდის, ხოლო მისოების უმეტესობა ზარალზეა.

კერძოდ, 34 მლნ ლარზე მეტი „რიკო ექსპრესზე“ მოდის, რომლის ძირითად საქმიანობას სალომბარდე სესხები წარმოდგენს. მოგებაზე გავიდა იმ კომპანიების ნაწილიც, რომელთა ძირითადი საქმიანობა, ასევე არა უშუალოდ ბიზნესის დაკრედიტება, არამედ ფულადი გზავნილების მიმართულებაა.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციაში განმარტავენ, რომ როგორც გასული წლების, ასევე შარშანდელი მონაცემები სექტორში არსებულ რეალურ ვითარებას არ ასახავს, რადგან მოგებაზე მყოფი კომპანიების უმეტესობა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ტრადიციულ საქმიანობას, ანუ მცირე ბიზნესის დაკრედიტებას, არ ეწევა. ასოციაციაში ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ სექტორში არსებული უფრო რეალური ვითარება მას შემდეგ გამოჩნდება, რაც კომპანიები აუდირებულ დასკვნას გამოაქვეყნებენ.

"შეიძლება ერთმა ან ორმა მსხვილმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ, რომელიც ძიირთდად მოგებას წერს სავალუტო ოპერაციების ან ლომბარდული პორრფელის ხარჯზე, შეცვალოს მთლიანი სექოტრის შედეგები. თუმცა ეს ზოგად სურათს არ აჩვენებს სექტორში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. არის ბევრი კომპანია, რომელიც უშუალოდ ბიზნესის დაკრედიტებაზე, სოფლის მეურნეობის სექტორზე მუშაობს და ისინი შესაძლოა, ზარალზეც იყვნენ, რადგან ამ სექტორებზე უარყოფითად აისახა კრიზისი და შესაბამისი ზარალი მიიღეს კომპანიებმაც", - განაცხადა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის ხელმძღვანელმა, ბესო შენგელიამ. 

2020 წლის ბოლოსთვის მიკროსაფინანსო სექტორს სულ 1.18 მლრდ ლარის მოცულობის სესხები ჰქონდა გაცემული. ამასთან, 2020 წლის განმავლობაში მისოების რაოდენობა 48-დან 40 კომპანიამდე შემცირდა. ბოლო წლების განმავლობაში კი ბაზრის მონაწილეების რაოდენობა თითქმის განახევრებულია, რისი მიზეზიც სექტორისთვის დაწესებული კაპიტალის დამატებითი მოთხოვნები და სხვა რეგულაციებია.