LIVE

სურსათის სააგენტომ ბათუმის აგრარულ ბაზარში 2,5 ტონა საეჭვო ხორცი დალუქა - პროდუქცია განადგურებულია

22 აგვ 202213:51
3 წუთის საკითხავი
clock clock 444
სურსათის სააგენტომ ბათუმის აგრარულ ბაზარში 2,5 ტონა საეჭვო ხორცი დალუქა - პროდუქცია განადგურებულია

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, როტაციის პრინციპით დაკომპლექტებულმა ინსპექტირების ჯგუფებმა ბათუმის აგრარული ბაზარი შეამოწმეს. სახელმწიფო კონტროლი ხორცის სარეალიზაციო ობიექტებში განხორციელდა, სადაც ხორცის შენახვისა და რეალიზაციის პირობები შემოწმდა. სააგენტოში აცხადებენ, რომ კონტროლის შედეგად, ბაზარში 2,5 ტონა საეჭვო ხორცი დაილუქა და პროდუქცია განადგურდა. მათივე განმარტებით, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და მათ საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.

„ობიექტების ნაწილი აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, თუმცა, ზოგ მათგანში გამოვლინდა ისეთი სახის შეუსაბამობები, როგორიცაა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ხორცის რეალიზაცია ვეტერინარული ნიშანდების გარეშე, რაც ნიშნავს, რომ პირუტყვი სასაკლაოს გვერდის ავლით არის დაკლული; ტან-ხორცის არასათანადო დანაწევრება, როცა არ იყო მოცილებული ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი მაღალი რისკის პათოგენური მასალა.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სამართალდამცავების ჩართულობით, გაატარა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები - დაილუქა და განადგურდა 2,5 ტონა საეჭვოდ მიჩნეული ხორცი, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი“, - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივლისი-აგვისტოს პერიოდში 800-მდე ობიექტი შემოწმდა, მათ შორის, სასაკლაოები და ხორცის სარეალიზაციო ობიექტები. კონტროლის შედეგად, 10 000 კგ-მდე ხორცი დაილუქა.