LIVE

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ჩინეთმა რუსული ენერგიის ხარჯები $35 მილიარდამდე გაზარდა

22 აგვ 202211:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 547
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ჩინეთმა რუსული ენერგიის ხარჯები $35 მილიარდამდე გაზარდა

მაშინ, როცა უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, ქვეყნები რუსული ენერგიის ყიდვას ერიდებიან, ჩინეთმა გაზარდა ენერგორესურსების მოცულობა, რომელსაც ის მოკავშირე ქვეყნისგან იღებს.  

ჩინეთის საბაჟოს მონაცემები, რომლებიც მარტიდან ივლისამდე პერიოდს მოიცავს, აჩვენებს, რომ რუსულ ნედლ ნავთობზე, ნავთობპროდუქტებზე, გაზსა და ქვანახშირის შესყიდვებზე ომის დაწყების შემდეგ, ჩინეთმა $35 მილიარდი დახარჯა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით $20 მილიარდი იყო.

იმპორტის ღირებულებაზე გავლენა ასევე იქონია ენერგიაზე გაზრდილმა ფასმა, თუმცა აღსანიშნავია, რომ წელს ჩინეთი რუსეთისგან ყიდულობს უფრო დიდი მოცულობის რესურსს, ზოგ შემთხვევაში, საბაზროზე ნაკლებ ფასადაც კი.

ჩინეთში რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტი ივლისში, წინა წელთან შედარებით, 14%-ით, 7,4 მლნ ტონამდე გაიზარდა და მინიმუმ გასული ხუთი წლის განმავლობაში მაქსიმალურ მოცულობას მიაღწია. ამავე დროს, ფოლადის წარმოებისთვის საჭირო კოქსის მოცულობა 2 მილიონამდე გაიზარდა და 63%-იანი ზრდა დააფიქსირა. ახლა რუსეთი ჩინეთისთვის საწვავის მთავარი მიმწოდებელია. ამ პოზიციაზე მან ინდონეზია ჩაანაცვლა.

მიუხედავად იმისა, რომ ივლისში რუსეთიდან ნედლი ნავთობის იმპორტი წინა თვესთან შედარებით, 7,15 მილიონ ტონამდე შემცირდა, ის გასულ თვესთან შედარებით, მაინც 8%-ით მეტია. ამ შემთხვევაშიც, რუსეთი ჩინური გადამამუშავებელ ქარხნების მთავარი მიმწოდებელია.

თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი ივლისში ასევე შემცირდა დაახლოებით 410 000 ტონამდე, თუმცა ერთი წლის წინანდელთან შედარებით, ზრდა 20%-ზე მეტია.

ეს მოცულობა არ მოიცავს მილსადენებით იმპორტის მონაცემებს, რის შესახებაც სტატისტიკას საბაჟო წლის დასაწყისიდან არ ავრცელებს, თუმცა ცნობილია, რომ ის რუსეთიდან ჩინეთში საწვავის ტრანსპორტირების მთავარი გზაა.

ეკონომიკის შენელების მიუხედავად, ჩინეთმა ივლისში რუსულ ენერგეტიკაზე ხარჯები  $7,2 მილიარდამდე გაზარდა. გასული წლის იმავე თვეში ეს მონაცემი $4,7 მილიარდს შეადგენდა.  

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ეილინგ ტანი