LIVE

შეუძლია შვეიცარიას დარჩეს ნეიტრალური პუტინის ფაშიზმის მიმართ?

20 აგვ 202212:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1232
შეუძლია შვეიცარიას დარჩეს ნეიტრალური პუტინის ფაშიზმის მიმართ?
Denis Balibouse/AFP via Getty Images

"ნეიტრალური შვეიცარია რომ არ არსებობდეს, მისი გამოგონება მოგვიწევდა", - განაცხადა 1962 წელს აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ.

თავის ტრადიციულ, ჰუმანურობისკენ მიმართულ მოწოდებებში, შვეიცარიამ შეძლო მსოფლიოში მიმდინარე ამბებში ეთამაშა ნეიტრალური, სასარგებლო და ფრთხილი როლი.

ნეიტრალიტეტზე, რაც საუკუნეების მანძილზე შვეიცარიელების იდენტობის ნაწილია, ბევრის თქმა შეიძლება. 2022 წელს, ისევე, როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს, ამ მიდგომის გამართლება სულ უფრო ძნელდება.

რაოდენ ირონიულადაც უნდა ჟღერდეს, ისინი, ვინც ამჟამად ამ საკითხს ააქტიურებენ, კრემლში სხედან. ამ თვეში მოსკოვმა უარით გაისტუმრა შვეიცარიის შეთავაზება, რუსეთში უკრაინის ინტერესების დაცვის შესახებ. ეს მნიშვნელოვანი იქნებოდა კიევისთვის, რომელიც ითხოვს ინფორმაციას მიმდინარე წელს რუსეთში გატაცებული უკრაინელი ბავშვებისა და სამოქალაქო პირების შესახებ. 

შვეიცარიის მიერ საერთაშორისო სამართლის ფარგლებში გაკეთებული შეთავაზება ნეიტრალურ ერებს უფლებამოსილებას ანიჭებს, აწარმოონ ურთიერთობები იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც დიპლომატიური კავშირი გაწყვეტილი აქვთ. 

შვეიცარია მსგავს თანამშრომლობას სთავაზობს აშშ-სა და ირანს, ასევე ირანსა და ეგვიპტეს. ამასთანავე, ის წარმოადგენს ორმხრივ საკონსულო ინტერესებს საუდის არაბეთსა და ირანს, ისევე, როგორც რუსეთსა და საქართველოს შორის. თუ ქართველს ვიზა სჭირდება ან რაიმე პრობლემების წინაშე დგება რუსეთში ყოფნისას, მოსკოვში შვეიცარიის საელჩოში მას სრულფასოვან დახმარებას აღმოუჩენენ.

რაც შეეხება რუსეთ-უკრაინას, იმისთვის, რომ დიპლომატიური ტანდემი შედგეს, მასში სამივე მხარე უნდა ჩაერთოს. დღეს კი რუსეთი უარზეა, რადგან არ აღიქვამს შვეიცარიას ნეიტრალურად. 

თებერვალში პუტინის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, შვეიცარია დიპლომატიურ ბეწვის ხიდზე გადის. ბევრი დასავლელი დიპლომატი მიიჩნევს, რომ შვეიცარია ზომაზე მეტად ნეიტრალურია.

ამბობენ, რომ იქაურ ბანკებში, სკოლა-ინტერნატებსა და სხვა დაწესებულებებში, რუსული ფული აქტიურად ტრიალებს. შვეიცარიულ ბაზარზე რუსული ნავთობი და სხვა რესურსებიცაა ხელმისაწვდომი. ჭორების დონეზე იმასაც ამბობენ, რომ ამ ალპურმა ერმა, შესაძლოა თვით პუტინის ოჯახის წევრებსაც კი უმასპინძლოს. 

აღსანიშნავია, რომ შვეიცარიამ, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი, მხარი დაუჭირა ამ უკანასკნელის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, რის გამოც, რუსეთმა იგი "მტრული ქვეყნების" სიაში შეიყვანა.

შვეიცარიის განმარტებით, "ნეიტრალიტეტი არ ნიშნავს მიუკერძოებლობას: ნეიტრალურ ქვეყანასაც კი აქვს პოლიტიკური აზრის ქონისა და თანამშრომლობის უფლება, და შეუძლია დაიცვას თავისი ფუნდამენტური ღირებულებები, როგორებიცაა დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები." ნეიტრალიტეტი მხოლოდ და მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას არ შეუძლია გახდეს საერთაშორისო კონფლიქტის მხარე. ეს ასევე გამორიცხავს ისეთ სამხედრო ალიანსებში გაწევრიანებას, როგორიცაა ნატო.

ასე რომ, დაე, შვეიცარია დარჩეს შვეიცარიად, რადგან სხვაგვარად მისი გამოგონება მოგვიწევდა. დაე, იყოს ის ნეიტრალური ქვეყანა, რომლის ფუნქციაცაა შუამავლობა, მედიაცია, არბიტრაჟი და, დაე, ერთ მშვენიერ დღეს, მორიგ სამშვიდობო მოლაპარაკებებსაც უმასპინძლოს. მაგრამ, დაე, ამავდროულად შვეიცარიელებს ისიც ახსოვდეთ, რომ მათი ნეიტრალიტეტი სამართლებრივი, დიპლომატიური და სამხედრო ხასიათისაცაა და არა - მხოლოდ მორალური. და, დაე, მათ ეს პუტინსაც შეახსენონ. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ანდრეას კლუტი