LIVE

ომბუდსმენი ბათუმში მშენებლობებისთვის დამტკიცებული საგამონაკლისო წესის შეჩერებას ითხოვს

18 აგვ 202213:54
3 წუთის საკითხავი
clock clock 601
ომბუდსმენი ბათუმში მშენებლობებისთვის დამტკიცებული საგამონაკლისო წესის შეჩერებას ითხოვს

საქართველოს სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და ბათუმში დაგეგმილი მშენებლობების განსახორციელებლად დამტკიცებული დროებითი საგამონაკლისო წესის შეჩერება და არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა.

სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული დროებითი რეგულაცია სამშენებლო კომპანიებს უფლებას აძლევს, შენობა-ნაგებობის მშენებლობის პროცესი უსაფრთხოების, მშენებლობის ძირითადი პირობების, სიმტკიცის, მდგრადობის, სახანძრო უსაფრთხოებისა და ევაკუაციის წესების დაცვის გარეშე წარმართონ.

„პარლამენტმა 2022 წლის 23 ივნისს, საგაზაფხულო სესიის ბოლო კვირას დაჩქარებული წესით შეიტანა ცვლილებები საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში. ცვლილებების საფუძველზე შესაძლებელი გახდა ბათუმში დაგეგმილ მშენებლობათა ფართო წრეზე არ გავრცელდეს ისეთი სახის სამშენებლო ვალდებულებები, რომლებიც უზრუნველყოფს შენობა-ნაგებობის უსაფრთხოებას, ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოსა და შშმ პირთა მისაწვდომობის უფლების რეალიზებას.

სადავო რეგულირებით, 2027 წლამდე ბათუმის განაშენიანების გენერალური გეგმის დამტკიცებამდე, დასაშვები გახდა შენობა-ნაგებობებისთვის დადგენილი უსაფრთხოების ნორმების და ფუნქციური ზონით დადგენილი პირობების დარღვევით, განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის (კ-2) და შენობა-ნაგებობის მაქსიმალური სიმაღლის ნებისმიერი მოცულობით გადაჭარბება, ასევე კანონმდებლობით დადგენილი ყველა სხვა სავალდებულო პირობის უგულებელყოფა, გარდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კანონმდებლობით განსაზღვრული რეგულაციებისა“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათი შეფასებით, განსაკუთრებით საგანგაშოა შენობა-ნაგებობის სიმტკიცის, მდგრადობის, სახანძრო უსაფრთხოებისა და ევაკუაციის ნორმების დაუცველად სამშენებლო პროექტების განხორციელების შესაძლებლობა, რაც დიდ რისკს ქმნის ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის და არღვევს კონსტიტუციის მე-10 მუხლით დადგენილ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, მიიღოს შესაბამისი ზომები ადამიანის სიცოცხლის დასაცავად.

„სადავო ნორმებით შეჩერებულია მშენებლობების განხორციელებისას შშმ პირებისთვის მისაწვდომობის უზრუნველყოფის პირობაც, რითიც სახელმწიფო არღვევს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით ნაკისრ ვალდებულებას საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრული, თანასწორი და დამოუკიდებელი მონაწილეობისთვის უზრუნველყოს შშმ პირებისთვის მისაწვდომი გარემო.

გასაჩივრებული წესი დასაშვებად მიიჩნევს ბათუმში ისეთი სამშენებლო პროექტების განხორციელებას, რომელსაც შეუძლია ჯანმრთელობისთვის უვნებელ საცხოვრებელ გარემოზე სერიოზული უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს, გამოუსწორებელი შედეგი მოიტანოს სწორი ქალაქგეგმარებისთვის, რეკრეაციული და საჯარო სივრცეების შენარჩუნებისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სახალხო დამცველის აპარატის შეფასებით, წლების განმავლობაში აქტიური, ქაოტური და სპონტანური მშენებლობების შედეგად სივრცითი მოწყობის თვალსაზრისით ბათუმში არსებული მძიმე მდგომარეობის შემსუბუქებისათვის აუცილებელია ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება და არა პირიქით, კიდევ უფრო დამძიმება.

„განაშენიანების გენერალური გეგმისა და კოდექსით დადგენილი მოთხოვნების გარეშე, მასიური მშენებლობების განხორციელებამ შესაძლოა, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს გარემოს დაცვის უფლებას. 

მოსალოდნელი გამოუსწორებელი ზიანის თავიან არიდების მიზნით, კონსტიტუციური სარჩელით ასევე ვითხოვთ, შეჩერდეს სადავო ნორმების მოქმედება სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე“, - აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში. 

საკითხს გამოეხმაურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე. მისი განცხადებით, აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებს დაიცავენ.