LIVE

სლოკავეთში კორუფციის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ბრძოლა დაიწყო

10 თებ 202115:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 400
სლოკავეთში კორუფციის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ბრძოლა დაიწყო

ერთი წლის წინ ხელისუფლებასთან მჭიდრო კავშირში მყოფი ცნობილი ბიზნესმენის დაპატიმრებამ სლოვაკეთში შეშფოთება გამოიწვია. იგივე ეფექტი ჰქონდა გასულ კვირას კორუფციის ბრალდებით ჯოზეფ ბრჩელის დაკავებას. 59 წლის ყოფილი თანამდებობის პირი, რომელიც ყველა ბრალდებას უარყოფს, ორგანიზებული დანაშაულის და თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე დიდი სამიზნე იყო მას შემდეგ, რაც ქვეყანამ თითქმის 30 წლის წინ დამოუკიდებლობა მოიპოვა.

ორგანიზებული დანაშაულის ქსელში შედიოდნენ პოლიციის ყოფილი უფროსები, პროკურორები, საგადასახადო ადმინისტრაციისა და გამოძიების ხელმძღვანელები, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ათობით პოლიციელი და მოსამართლე.

კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ინიციატორი იგორ მატოვიჩი იყო, რომელმაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2020 წლის მარტში დაიკავა. მატოვიჩის წინამორბედს, რობერტ ფიკოს თანამდებობის დატოვება მძლავრი საზოგადოებრივი პროტესტის შედეგად მოუწია. 2018 წელს ანტიკორუფციული მკვლევარი, იან კუჩიაკი მოკლეს. ჟურნალისტმა გაახმაურა ცნობები ორგანიზებულ კრიმინალსა და პოლიტიკოსებს შორის კავშირებზე. ანტისამთავრობო დემონსტრაციების შემდეგ ფიკო გადადგა. კუჩიაკის მკვლელი და მისი ორი თანამზრახველი გასულ წელს გაასამართლეს.

მატოვიჩმა კორუფციასთან ბრძოლა არჩევნებში გამარჯვებიდან 2 თვეში, სახელმწიფო სტრატეგიული სასაქონლო რეზერვის ხელმძღვანელის, კაეტანა კიჩურის დაპატიმრებით დაიწყო. ეროვნული პოლიციის უფროსმა, მილან ლუკანსკმა 30 დეკემბერს სიცოცხლე ციხეში თვითმკლელობით დაასრულა. შემდეგი იყო მონიკა იანკოვსკა, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომელსაც ბრალად კორუფცია და ბიზნესმენ მარიან კოჩნერის საქმეში ჩარევა ედება. იანკოვსკა ბრალდებათა ნაწილს აღიარებს.

ერთ-ერთ მნიშვნელოვან საქმეზე, პროკურორები ამტკიცებენ, რომ ფიკოს მოკავშირე, ნორბერტ ბოდორი სამართალდამცავი ორგანოების მაღალჩინოსნების საიდუმლო ჯგუფს ხელმძღვანელობდა, რომლებიც ქრთამის მიღების საფუძველზე წყვეტდნენ, ვინ გაესამართლებინათ და რომელი საქმეები დახურულიყო. ბოდორი ბრალს არ აღიარებს, თუმცა მოსამართლემ გირაოს საფუძველზე გათავისუფლებაზე უარი უთხრა და ოპერაციას „ფულის გათეთრებისა და კორუფციის მეგა-მანქანა“ უწოდა.

გასულ კვირას სპეციალური პროკურორის თანამდებობაზე დანიშნული დანიელ ლიპსიჩის თქმით, ეს არის „კრიმინალური სისტემა, რომელიც მოიცავს პოლიციის, პროკურატურისა და სასამართლო ხელისუფლების მთავარ განყოფილებებს”. ლიპსიჩი თანამდებობაზე მას შემდეგ დაინიშნა, რაც მისი წინამორბედი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობაში დაადანაშაულეს. მისი თქმით, „სამთავრობო ინსტიტუტები, როგორიცაა პოლიცია და სასამართლო, ვერ ასრულებდნენ საკუთარ მისიას, რადგან ისინი დამნაშავეებზე მუშაობდნენ“.

მატკოვიჩის მთავრობის მთავარი გამოწვევა მართლმსაჯულების სისტემის მიმართ უნდობლობაა. ეს ქმნის რისკს, რომ სამართალდამცავი და სასამართლო სისტემის ძირეული განახლება ვერ მოხერხდება. ამასთან, პროკურორებს უჭირთ ბრალდებების პოლიტიკოსებთან და თანამდებობის პირებთან დაკავშირება, შესაბამისად, მათი დიდი ნაწილი არ გასამართლებულა. სლოვაკეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიკო ამბობს, რომ „ადამიანებს უმიზეზოდ აპატიმრებენ“ და „ეს ყველაფერი პოლიტიკურ მიზნებს“ ემსახურება.  

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: რადოსლავ ტომეკი და მაიკლ უინფრი