LIVE

ბიტკოინის და სხვა კრიპტოვალუტების ფასები იზრდება

08 აგვ 202218:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 497
ბიტკოინის და სხვა კრიპტოვალუტების ფასები იზრდება

ბიტკოინის ფასი სხვა კრიპტოვალუტებთან ერთად იზრდება. ინვესტორები აშშ-ში სამუშაო ადგილების ძლიერი მონაცემების ფონზე ციფრულ აქტივებს უბრუნდებიან.

უმსხვილესი კრიპტოვალუტის ფასი 4%-ით გაიზარდა და ლონდონის ვაჭრობაში $24,000-ს გადააჭარბა. მეორე უმსხვილესი ციფრული მონეტა, ეთერიუმი 3%-ით გაიზარდა და მისი ფასი დაახლოებით $1,770-ს შეადგენს. სექტორი ევროპული და აშშ-ის აქციების ბაზრების პარალელურად ძლიერდება.

ზრდის ეპიზოდი აშშ-ში ძლიერ სახელფასო მონაცემებს მოჰყვა, რაც მიანიშნებს, რომ მსოფლიოს უმსხვილესმა ეკონომიკამ შესაძლოა მძიმე დაშვებას თავი აარიდოს მაშინაც კი, როდესაც ფედერალური სარეზერვო სისტემა პოლიტიკას აგრესიულად ამკაცრებს.

გამწვანების ეპიზოდში მონაწილეობდნენ ალტერნატიული მონეტებიც (ალტკოინები). Bloomberg-ის მონაცემების მიხედვით, Solana-მ, Polkadot-მა და Avalanche-მა ბოლო 24 საათის განმავლობაში 3%-ით მოიმატეს.

კრიპტო აქტივების ხანგრძლივმა კლებითმა ბაზარმა ბიტკოინს მიმდინარე წელს ღირებულების 47% დააკარგვინა, ხოლო ყველა დროის პიკს მისი ამჟამინდელი ფასი 65%-ით ჩამოუვარდება. კრიპტო კომპანიების გაკოტრების და Terra-ს ჩამოშლის ფონზე, კრიპტო ბაზარს მცირე ზრდის სერიების მიღმა მყარი აღდგენა გაუჭირდა.

მიუხედავად იმისა, რომ კრიპტო ინვესტორებისთვის ინფლაციის წინააღმდეგ ჰეჯირების შესაძლებლობას წარმოადგენს, ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტების ფასებზე ბაზრის ტრადიციული ფაქტორების გავლენა, როგორიცაა მონეტარული პოლიტიკა, სულ უფრო მეტად იზრდება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ემილი ნიკოლი