LIVE

ნავთობის ფასმა ზრდა განაახლა და ბარელზე $90-სკენ მიემართება

08 აგვ 202214:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 920
ნავთობის ფასმა ზრდა განაახლა და ბარელზე $90-სკენ მიემართება

ნავთობის ფასმა ვარდნის შემდეგ ზრდა განაახლა. West Texas Intermediate-ი ბარელზე $90-მდე გაიზარდა მას შემდეგ, რაც თავდაპირველად 1%-ზე მეტით შემცირდა.

ინვესტორები ბოლო თვეების განმავლობაში საქონლისგან დისტანცირდნენ. შენელებული ეკონომიკური ზრდა იწვევს მოლოდინებს, რომ ენერგიის მოხმარება შემცირდება, მათ შორის ბენზინისაც. ამ მოლოდინების ფონზე, WTI გასულ კვირას თითქმის 10%-ით დაეცა.

ნედლ ნავთობს არასტაბილური წელი აქვს. მისი ფასი წლის პირველ თვეებში, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა ივნისიდან, გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელების შესახებ შფოთების პარალელურად, შემცირება დაიწყო. პარალელურად, გაზრდილი ინფლაცია ცენტრალურ ბანკებს რეფინანსირების განაკვეთის ზრდისკენ უბიძგებს, რაც ინვესტორების მიხედვით, ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

Goldman Sachs-ის ანალიტიკოსის, დამიან კურვალინის მიხედვით, გრძელდება მოლოდინი, რომ ნავთობის ბაზარი მიმდინარე ფასების პირობებში არამდგრად დეფიციტში დარჩება.

ნავთობის ფასის მიერ 6-თვიანი მინიმუმის გადალახვის შემდეგ, ინვესვტორები მიმდინარე კვირაში ბაზრის კომენტარებს ელიან. აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაცია მოკლევადიანი პერსპექტივის გამოქვეყნებას სამშაბათს გეგმავს.

ივნისიდან მოყოლებული ნედლი ნავთობის ფასის ვარდნას თან ახლდა ბენზინის ფასების მდგრადი შემცირებაც, რასაც მიესალმება აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, რომელიც ქვეყანაში მზარდი ინფლაციის დაძლევას ცდილობს. ქვეყნის მასშტაბით ბენზინის საშუალო სამომხმარებლო ფასი 54 დღეა ეცემა და გალონზე $4-ს მცირედით აჭარბებს. ივნისში ბენზინის ფასი რეკორდულ $5-ს შეადგენდა.

თუმცა, Goldman Sachs-ის მიხედვით, ბენზინის ფასის კლების გაგრძელება ნაკლებ სავარაუდოა. ბანკის პროგნოზით საწვავის ფასი მეოთხე კვარტალში ისევ $4.35-მდე გაიზრდება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია