LIVE

განვითარებადი ბაზრების ვალუტები ევროზონის რეცესიის რისკის წინაშე დგანან

07 აგვ 202221:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 818
განვითარებადი ბაზრების ვალუტები ევროზონის რეცესიის რისკის წინაშე დგანან

აღმოსავლეთ ევროპის მთავარ ვალუტებს, რომლებზეც უკრაინაში მიმდინარე ომი უკვე აისახა, ევროზონის მოსალოდნელი რეცესიის გამო კიდევ ერთი დარტყმა ელით.

Bloomberg-ის მონაცემებით, მოვაჭრეები უნგრული ფორინტის, პოლონური ზლოტისა და ჩეხური კრუნას მიმართ უფრო პესიმისტურად არიან განწყობილი, ვიდრე სხვა განვითარებადი ქვეყნების ვალუტების მიმართ, რუსული რუბლისა და თურქული ლირას გამოკლებით. Goldman Sachs-ი, Fidelity International-ი და InTouch Capital Markets-ი ვარაუდობენ, რომ ევროს შესუსტების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპა სხვა განვითარებად ბაზრებზე მეტად იზარალებს.

ეს სამი ვალუტა განსაკუთრებით დაუცველია ევროზონის მერყევი მოთხოვნის მიმართ, რომელიც თითოეული ქვეყნის ექსპორტის დაახლოებით 60%-ს ყიდულობს.

მიუხედავად იმისა, რომ "საერთაშორისო სავალუტო ფონდმა" ივლისში განაცხადა, რომ მსოფლიო ეკონომიკა შესაძლოა მალე რეცესიის ზღვარზე აღმოჩნდეს, ევროზონის პერსპექტივები მაინც განსაკუთრებით მძიმეა. რეკორდული ინფლაცია და რუსული ენერგიის მიწოდების შეწყვეტის გაზრდილი ალბათობა საერთო სავალუტო ზონაში ვარდნის საშიშროებას აჩენს.

Goldman Sachs-ის სტრატეგების თქმით, თუ ევრო დოლართან მიმართებით შესუსტებას განაგრძობს, აღმოსავლეთ ევროპის ვალუტები, სავარაუდოდ, ყველაზე დიდ ვარდნას განიცდიან განვითარებად ბაზრებზე. ცნობისთვის, ივლისის ბოლოს, ამერიკულმა ბანკმა ევროს სამთვიანი სამიზნე $1.05-დან $0.99-მდე შეამცირა.

ასევე აღსანიშნავია, რომ თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად რეგიონის ვალუტები ყველაზე მეტად დაზარალდნენ. ომის დაწყების დღიდან ფორინტი დოლართან მიმართებით 17%-ით, ხოლო ევროსთან მიმართებით 8,2%-ით გაუფასურდა. ზლოტი ამ პერიოდში აშშ-ს ვალუტასთან მიმართებით 12%-ით შესუსტდა, ხოლო კრუნა 9,6%-ით დაეცა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ნეტი იდაუ ისმაილ