LIVE
ვიდეო
06 ოქტ, 2021 15:51
ვირტუალური ზონის კომპანიებმა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება გაასაჩივრეს
1148

ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მქონე კომპანიების ნაწილმა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება დავების საბჭოში გაასაჩივრა.

კერძოდ, 10-მდე კომპანია უწყების მიერ პრაქტიკის მოულოდნელ ცვლილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც საწარმოებს მოგების გადასახადი დაერიცხათ. კომპანიებს მიაჩნიათ, რომ საგადასახადო უწყების მოთხოვნა გაუმართლებელია, განსაკუთრებით იმ ნაწილში, როდესაც შემოსავლების სამსახური ძველი პერიოდის დავალიანების გადახდასაც ითხოვს.

როგორც „ბიზნეს ფორმულას“ აუდიტორულ კომპანია GLCC-ში განუცხადეს, წლების განმავლობაში აღნიშნული კომპანიები მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულები იყვნენ და შემოსავლების სამსახურსაც ამ დრომდე მათთვის აღნიშნული გადასახადის გადახდა არ მოუთხოვია. კერძო სექტორი მიიჩნევს, რომ ახლა უწყებამ შემოსავლების მობილიზების მიზნით კანონმდებლობაში არსებული ხარვეზი გამოიყენა.

„ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მქონე კომპანიებს დაეკისრათ მოგების გადასახადის გადახდა, მათ შორის გასული წლების პერიოდზეც, დავების საბჭოში უკვე გავასაჩივრეთ 10-მდე კომპანიის მსგავსი შემთხვევა. საწარმოები მზად არიან, საგადასახადო პრაქტიკის ცვლილების შემდგომ პერიოდზე გადაიხადონ გადასახადი. თუმცა ძველ პერიოდზე დარიცხვა, როდესაც არანაირი რეგულაცია არ არსებობდა და გადახდასაც არავინ ითხოვდა, უსამართლოდ მიგვაჩნია“,- განაცხადა GLCC-ის მმართველმა პარტნიორმა, ირაკლი გაფრინდაშვილმა.

ცნობისთვის, შემოსავლების სამსახურმა ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მქონე კომპანიების მიმართ საგადასახადო პრაქტიკა რამდენიმე თვის წინ შეცვალა და მათ მოგების გადასახადის გადახდა მოსთხოვა. კერძო სექტორის ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურს ამ დრომდე არ გაუსწორებია კანონმდებლობაში არსებული ხარვეზიანი ჩანაწერი, რაც აჩენს რისკს, რომ შესაძლოა მომავალშიც არაერთი კომპანია აღმოჩნდეს მსგავსი პრობლემის წინაშე.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ