LIVE
ვიდეო
19 ივლ, 2021 20:20
ახალი გარემოსდაცვითი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო კომპანიების ნაწილი დაჯარიმდა
1143

ახალი გარემოსდაცვითი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო კომპანიები, მათ შორის ფეროშენადნობი პროდუქციის მწარმოებლების ნაწილი, დაჯარიმდა. საუბარია მსხვილი საწარმოებისთვის დაწესებულ რეგულაციაზე, რომლის მიხედვითაც, 1-ელ ივნისამდე კომპანიებს თვითმონიტორინგის სისტემები უნდა დაემონტაჟებინათ.

როგორც „ბიზნეს ფორმულას“ ფეროშენადნობთა ასოციაციაში განუცხადეს, აღნიშნული სისტემების დაყენება კომპანიების უმეტესობამ ვერ მოასწრო, რისი მიზეზიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ საწარმოებისთვის მიცემული არაგონივრული ვადა გახდა.

ასოციაციის ინფორმაციით, კომპანიები 10 ათასი ლარით დაჯარიმდნენ და შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმები სასამართლოშია გადაგზავნილი. ახლა კომპანიები სამინისტროს კიდევ ერთხელ მიმართავენ და სთხოვენ, ვალდებულების შესასრულებლად გარკვეული დრო მიეცეთ, ამ პერიოდში კი აღარ მოხდეს მათი ხელმეორედ დაჯარიმება.

„გარემოს დაცვის სამინისტრომ კომპანიები შეამოწმა და იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ მონიტორინგის სისტემების დაყენება ვერ მოვასწარით, ჯარიმები გამოწერეს. სამინისტრომ ამ რეგულაციის ამოქმედებამდე ცოტა ხნით ადრე შეგვატყობინა, თუ კონკრეტულად რა პარამეტრების მოწყობილობები უნდა გვეყიდა, შესაბამისად, ვერ მოესწრო ამ ვალდებულების შესრულება. ეს დეტალები დროულად რომ გვცოდნოდა, შევძლებდით, უფრო ადრე შეგვეკვეთა ახალი დანადგარები“,- განაცხადა ფეროშენადნობთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნუგზარ კევლიშვილმა "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას.

ცნობისთვის, მსხვილმა საწარმოებმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალი რეგულაციის გადავადება რამდენჯერმე სთხოვეს, თუმცა უწყებამ კომპანიებს უარი უთხრა. სამინისტროში მიაჩნიათ, რომ საწარმოებს ახალი გარემოსდაცვითი ვალდებულების შესასრულებლად საკმარისი დრო ჰქონდათ.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ