LIVE
ვიდეო
19 მაი, 2021 16:00
ბიზნესს აღსრულების ახალ კოდექსთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს
1202

პარლამენტმა აღსრულების ახალი კოდექსის განხილვები განაახლა, ბიზნესს კი პროექტთან დაკავშირებით კვლავ შენიშვნები აქვს.  

კერძო სექტორისთვის პრობლემად რჩება ახალი ნორმა, რომლის მიხედვითაც შესაბამისი საქმეები ტერიტორიული პრინციპის მიხედვით გადანაწილდება და ბიზნესს ერთი წლის განმავლობაში ეზღუდება უფლება, თავად შეარჩიოს აღმასრულებელი.

კერძო სექტორი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნორმა გააჭიანურებს აღსრულების პროცესს. როგორც „ბიზნეს ფორმულას“ ბიზნეს ასოციაციაში განუცხადეს, აღნიშნული შეზღუდვა განსაკუთრებით პრობლემური გახდება საფინანსო ინსტიტუტებისთვის, რაც საბოლოოდ ორგანიზაციებს რისკებსაც გაუზრდის.

შესაბამისად, ასოციაციის რეკომენდაციაა, რომ დარჩეს ავტომატური განაწილების პრინციპი, თუმცა აღმასრულებლებს ასევე ჰქონდეთ უფლება, დამოუკიდებლად დადებული კონტრაქტებით გათვალისწინებული საქმეებიც აიღონ.

„ეს შეზღუდვა აუცილებლად გამოიწვევს აღსრულების პროცესის დროში გაჭიანურებას და ზოგადად, შეამცირებს მის ხარისხს. ამ ნორმით ფაქტობრივად იზღუდება კონკურენცია, აღმასრულებლებს აღარ ექნებათ მოტივაცია, რომ დროულად დაასრულონ საქმეები, რადგან მათ მხოლოდ ტერიტორიული განაწილების პრინციპით დაეწერებათ საქმეები. საფინანსო სექტორისთვის აღსრულების პროცესის გაჭიანურება კი გაზრდილი რისკებს ნიშნავს, რაც აისახება საპროცენტო განაკვეთებშიც“,- განაცხადა ბიზნეს ასოციაციის იურიდიულმა დირექტორმა, ნიკა ნანუაშვილმა.

ცნობისთვის, ახალი საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, აღსრულების სფეროში მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება. კერძოდ, აღსრულების ეროვნულ ბიუროს ძირითადად მაკონტროლებლის ფუნქცია ექნება, ხოლო საქმეების უმეტეს ნაწილს კერძო აღმასრულებლები გადაიბარებენ.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ