LIVE
ვიდეო
12 მაი, 2021 15:30
ინფრასტრუქტურული კომპანიები ხარჯების ინდექსაციის შემოღებას ითხოვენ
454

ინფრასტრუქტურული კომპანიები სამინისტროს მიმართავენ და სახელმწიფოსთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანას ითხოვენ. სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ გაძვირებული სამშენებლო მასალების და ტრანსპორტირების გამო პროექტების შესრულებას საფრთხე ემუქრება.

კომპანიებმა ერთობლივი წერილით უკვე მიმართეს ინფრასტრუქტურის სამინისტროს. დარგში მომუშავე კომპანიები ხარჯების ინდექსაციის მეთოდის შემოტანას და პროექტებში გაზრდილი დანახარჯების ასახვას ითხოვენ.

როგორც „ბიზნეს ფორმულას“ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციაში განუცხადეს, თუ სამინისტროს მხრიდან გარკვეული ნაბიჯები არ გადაიდგმება, შესაძლოა კომპანიებმა ფუნქციონირება ვეღარ გააგრძელონ.

„სამშენებლო მასალების გაძვირება, მათ შორის ბიტუმზე ფასების ზრდა კომპანიებისთვის ძალიან დამაზარალებელია. ამ პირობებში, არის საშიშროება, რომ პროექტები შესაძლოა გაჩერდეს ან გაიწელოს დიდი ვადით. ასევე კომპანიები ვეღარ შეძლებენ დასაქმებულებზე ანაზღაურების გაცემას. შესაბამისად, ჩვენ ინფრასტრუქტურის სამინისტროს შევთავაზეთ სქემა, რომლის ფარგლებშიც ინდექსაციის მეთოდის მიხედვით მოხდება ანაზღაურება და გათვალისწინებული იქნება ვალუტის გაუფასურებაც“,- განაცხადა ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ანა საბახტარიშვილმა.

ამასთან, ინფრასტრუქტურული კომპანიები ვერც მთავრობის მიერ დაპირებული შეღავათებით სარგებლობენ, რისი მიზეზიც შესაბამის დადგენილებაში არსებული ტექნიკური პირობებია.

ცნობისთვის, მთავრობამ გასულ წელს სექტორის ხელშეწყობის მიზნით პროგრამა შეიმუშავა, რომლის ფარგლებშიც ინფრასტრუქტურულ კომპანიებს სამშენებლო მასალების გაძვირების შემთხვევაში ხელშეკრულების ღირებულების გაზრდის შესაძლებლობა უნდა ჰქონოდათ.  

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ