LIVE
ვიდეო
07 მაი, 2021 18:35
ფინანსთა სამინისტრო წესებს ცვლის - ვინ გადაიხდის მოგების გადასახადს?
574

თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შემდეგ ფინანსთა სამინისტრო მოგების გადასახადის გადახდას ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მქონე კომპანიებს სთხოვს. ეს იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული სტატუსის მქონე კომპანიები ამ გადასახადისგან გათავისუფლებულები არიან.

აუდიტორულ კომპანიებში განმარტავენ, რომ სამინისტრომ პრაქტიკა კანონმდებლობაში ცვლილებების გარეშე შეცვალა. როგორც „ბიზნეს ფორმულას“ „გრანთ თორნთონში“ განუცხადეს, შემოსავლების სამსახური აღნიშნული სტატუსის მქონე კომპანიებს უკავშირდება და მათ დამატებით მოთხოვნებს უყენებს. მათი დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი საწარმოებს მოგების გადასახადის დეკლარირებისკენ და გადახდისკენ მოუწოდებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ფინანსთა სამინისტრომ პრაქტიკა შესაბამის სექტორთან კომუნიკაციის გარეშე შეცვალა და მსგავსი მიდგომა ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე უარყოფითად აისახება.

„შემოსავლების სამსახური უკავშირდება ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მქონე კომპანიებს და სთხოვს, რომ გადაიხადონ მოგების გადასახადი. თუმცა მსგავსი პრაქტიკა ამ წლების განმავლობაში არ იყო და ამ კომპანიებმაც სწორედ იმიტომ  მიიღეს აღნიშნული სტატუსი, რომ ამ შეღავათით ესარგებლათ. ამ სფეროში მომუშავე კომპანიებს როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ინვესტორები ჰყავთ და მათთვის ძალიან ცუდი სიგნალია, როდესაც სახელმწიფო ასე რადიკალურად ცვლის თამაშის წესებს, არ ზუსტდება კანონმდებლობა და სექტორთან კომუნიკაცია არ ხდება“,- განაცხადა „გრანთ თორნთონის“ პარტნიორმა, პაატა შურღაიამ.

ცნობისთვის, შემოსავლების სამსახურმა რამდენიმე კვირის წინ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში მომუშავე კომპანიების ნაწილსაც მიმართა მოგების გადასახადის დეკლარირების მოთხოვნით. ეს კი იმ ფონზე, როდესაც თიზებში მომუშავე საწარმოები ასევე გათავისუფლებულები არიან მოგების გადასახადისგან.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ