LIVE
ვიდეო
07 აპრ, 2021 17:50
"იმერეთი გრინერი" VS "საპარტნიორო ფონდი" - ნიდერლანდური კომპანია გადაწყვეტილებას ასაჩივრებს
1265

კომპანია "იმერეთი გრინერი“ "საპარტნიორო ფონდის" გადაწყვეტილებას, კომპანიის გაკოტრებასთან დაკავშირებით, სასამართლოში ასაჩივრებს. კომპანიის დირექტორი "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას აცხადებს, რომ კომპანიას მართლაც აქვს ფინანსური პრობლემები, რაც უმეტესად პანდემიამ გამოიწვია. დირკ ალემანი ამბობს, რომ „საპარტნიორო ფონდის“ გარდა კომპანიას სხვა კრედიტორებიც ჰყავს, თუმცა მათ კომპანიის გაკოტრება არ სურთ.

"კრედიტორების ნაწილთან მოლაპარაკება დასრულებულია, ნაწილთან კი ახლაც მიმდინარეობს",- აღნიშნავს კომპანიის დირექტორი.

"იმერეთი გრინერი“ "საპარტნიორო ფონდისა“ და ნიდერლანდური კომპანია Food Venture-ის ერთობლივი პროექტია. პროექტის პარტნიორები არიან ნიდერლანდური კომპანია Food venture B.V, "თიბისი ჯგუფი" და Georgian Fresh holding B.V, რომლებმაც სასათბურე მეურნეობის განვითარების ოპერირების მიზნით, „შპს იმერეთი გრინერი" დააფუძნეს.

"იმერეთი გრინერი" საქართველოში პირველი მაღალტექნოლოგიური საწარმოა. წარმოების აწყობა მარტივი არ ყოფილა და ის არაერთ სირთულესთან იყო დაკავშირებული. გვქონდა გარკვეული ფინანსური პრობლემები, რაც ძირითადად პანდემიამ გამოიწვია. სირთულეები გვქონდა პროდუქციის გაყიდვისასაც, რადგან ჩვენი პროდუქციის რეალიზება უმეტესად რესტორნებსა და სასტუმროებში ხდებოდა. საკმაოდ რთული წელი გვქონდა და კრედიტორების უმეტესობასთან შეთანხმებას მივაღწიეთ. ვთვლით რომ გაკოტრების საჭიროება არ არის, ყველა მხარს გვიჭერს, რომ კომპანია გადავარჩინოთ",- ამბობს კომპანიის დირექტორი.

ნიდერლანდურ კომპანიაში ამბობენ, რომ მათ მიერ საწარმოში განხორციელებული ინვესტიცია 2 მილიონი ევროა, რაც მათთვის "დაკარგული ინვესტიციაა", თუმცა ამის მიუხედავად, კომპანიის გაკოტრება არ სურთ და იმედოვნებენ, რომ "საპარტნიორო ფონდთან" შეთანხმებას მიაღწევენ. 

საკითხის შესახებ "საპარტნიორო ფონდის" პოზიციას „ბიზნეს ფორმულა“ მკითხველს მიღებისთანავე შესთავაზებს.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ