წელს საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი რეკორდულ დონეზეა. საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 154.6%-ით გაიზარდა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ იწარმოება, მსუბუქი ავტომობილები ქვეყნისთვის ნომერ პირველი საექსპორტო საქონელია. 11 თვეში საქართველომ 1 946 941 000 დოლარის ავტომობილები გაყიდა, რაც მთლიანი ექსპორტი 34.9%-ია.
აღსანიშნავია, რომ დასავლეთის სანქციების გავლენით, მკვეთრად შემცირდა საქართველოდან რუსეთში ავტომობილების ექსპორტი. კერძოდ, 3 აგვისტოს აშშ-დან, 26 სექტემბერს კი ევროკავშირიდან შემოყვანილი მანქანების საქართველოდან რუსეთსა და ბელარუსში ექსპორტი/რეექსპორტი აიკრძალა. შედეგად, აგვისტოდან ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, რუსეთში მხოლოდ 123 ავტომობილი გავიდა, მაშინ როდესაც, მხოლოდ ივლისში 1 054 ერთეული იყო გაყიდული. საპირისპიროდ, ავტომობილების ექსპორტი მზარდი ტენდენციით ხასიათდება ცენტრალური აზიის ქვეყნებში.
კერძოდ, 11 თვის მონაცემებით, უმსხვილესი საექსპორტო ბაზრებია:
- ყირგიზეთი -$556 მლნ
- ყაზახეთი - $544 მლნ
- აზერბაიჯანი -$409 მლნ
- სომხეთი - $264 მლნ
- რუსეთი - $67 მლნ
ასევე რეკორდულ დონეზე და ნომერ პირველია მსუბუქი ავტომობილები იმპორტშიც. იანვარ-ნოემბერში ავტომობილების იმპორტი 92%-ით გაიზარდა და $2 880 963 800 შეადგინა, რაც მთლიანი იმპორტის 20.5%-ია.