მომხმარებლების ნაწილი "ბიზნეს ფორმულას" უყვება, რომ წამყვანი ონლაინ მაღაზიებიდან გამოწერისას შეფერხებას აწყდება. კერძოდ, Amazon-ის მიერ მომხმარებლებისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში წერია, რომ მითითებულ მისამართზე ამანათი არ გაიგზავნება, რადგან იქ არ ცხოვრობენ.
საუბარია აშშ-ს დელავერის შტატზე, რომელსაც ქართველი მომხმარებლები რეგისტრაციისას უთითებენ, რადგან ქართული გადამზიდი კომპანიების უმეტესობა სწორედ დელავერის შტატშია რეგისტრირებული.
დელავერის შტატი დამატებითი გადასახადებისგან გათავისუფლებულია, შესაბამისად წლებია ინდუსტრია ამ შტატს იყენებს. თავად გადამზიდავ კომპანიებში აცხადებენ, რომ ასეთი ფაქტები ფიქსირდება, თუმცა მასიური სახე არ აქვს და ძირითადად ცალკეული სელერების მხრიდან შექმნილი პრობლემაა.
"ასეთი პრობლემით მომხმარებელთა დიდი ნაწილი ნამდვილად არ მოგვმართავს, ცალკეული შემთხვევებია, ამიტომ არ მგონია, რომ პრობლემა დელავერის შტატთან დაკავშირებით არსებობდეს, სავარაუდოდ ცალკეული სელერები იკავებენ თავს," - აცხადებს "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას Kiwipost-ის საოპერაციო დირექტორი, ქეთევან შანიძე.
კიდევ ერთ პრობლემაზე მიუთითებენ კომპანია Inex Group-ში, სადაც აცხადებენ, რომ წესით, მიზეზი გახშირებული თაღლითური სქემებია საქართველოდან.
კერძოდ, ერთ წელზე მეტია, გახშირებულია შემთხვევები, როდესაც საქართველოდან გამოწერისას გადამზიდ კომპანიას ბოროტად იყენებენ. მომხმარებლები Amazon-ს უგზავნიან შეტყობინებას, რომ ამანათი არ მისულა მისამართზე და თანხის დაბრუნებას ითხოვენ, რის გამოც სელერები განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენენ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ როგორც გადამზიდ კომპანიაში განმარტავენ, ერთ წელზე მეტია ასევე გაზრდილია რუსი მომხმარებლების რიცხვი.
"ე.წ მიგრანტების ეფექტი იგრძნობა, ერთ წელზე მეტია გახშირებულია მათი მიმართვიანობა ქოლცენტრებშიც და ჩვენ ოფისებშიც, ძალიან აქტიურად იყენებენ ჩვენ პლატფორმას ამერიკიდან და დიდი ბრიტანეთიდან ნივთების გამოსაწერად," - აცხადებს Inex Group-ის ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი, მარიამ ხუციშვილი.
თავის მხრივ, ელექტრონული კომერციის სექტორის წარმომადგენლები საქართველოდან თაღლითური შემთხვევების განსაკუთრებულად გაზრდილ მაჩვენებელს მიგრანტებს უკავშირებენ. ეს კი იმ ფონზე, როდესაც საქართველო Etsy.com-ზე სწორედ ამ მიზეზითაა დაბლოკილი. უფრო ზუსტად კი, იმის გამო, რომ რუსეთიდან თაღლითური სქემები ამ პლატფორმის მისამართით აქტიური იყო, რუსეთთან ერთად საქართველოც, როგორც რისკ-ფაქტორი, დაიბლოკა.
ცნობისთვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსოფლიოს წამყვანი მაღაზიებიდან შეფერხებებს აწყდებიან საქართველოს მოქალაქეები, მსგავსი ფაქტი დაახლოებით 2 თვის წინ Ebay.com-ის შემთხვევაშიც დაფიქსირდა, როდესაც პლატფორმის ადმინისტრაცია ქართველ მომხმარებლებს გადამოწმების მიზნით ანგარიშებს უბლოკავდა.