LIVE
ვიდეო
13 ივლ, 2023 15:29
ხორბლის მწარმოებლები ხვალ აქციას გამართავენ
387

მარცვლეულის რეალიზაციის პრობლემებთან დაკავშირებით, ხვალ, 14 ივლისს, წნორში, ხორბლის მწარმოებლები აქციას გამართავენ.

ფერმერები რამდენიმე დღეა აანონსებდნენ, რომ კიდევ ერთხელ შეიკრიბებოდნენ და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვდნენ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კი გუშინ განცხადება გაავრცელა, რომ ხორბლის მოსავლის აღება-დაბინავების პროცესი აქტიურ ფაზაშია, ადგილობრივი წისქვილკომბინატები სრული დატვირთვით მუშაობენ და ფერმერებს რეალიზაციის პრობლემა არ აქვთ.

თავის მხრივ, „მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციაში" სამინისტროს განცხადებას სიცრუეს უწოდებენ და აქციისთვის ემზადებიან. როგორც ასოციაციის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ბენიაიძე „ბიზნეს ფორმულასთან" განმარტავს, სექტორში არსებული პრობლემა გამწვავებულია და დარგის წარმომადგენლებს 3 ძირითადი მოთხოვნა აქვთ.

„პირველი, უნდა შესრულდეს პრემიერის ბრძანება, რომელიც 1 ტონა იმპორტირებულ ფქვილზე 200 ლარიანი გადასახადის დაწესებას ითვალისწინებდა და არ იმუშავა; მეორე მოთხოვნა 1 კილოგრამ საფურაჟე ხორბლის იმპორტზე 30-თეთრიანი გადასახადის დაწესებაა; მესამე მოთხოვნა კი, იმ დაპირების შესრულებაა, რაც საბანკო ვალდებულებების გადანაწილებას შეეხებოდა. ფერმერთა უმეტესი ნაწილი გაკოტრების პირასაა და იძულებულნი არიან, ხორბლის მოყვანაზე უარი თქვან“, - აღნიშნა ნიკოლოზ ბენიაიძემ.

ხორბლის მწარმოებლები საკუთარ მოთხოვნას ხვალ კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ, შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ