LIVE
ვიდეო
04 მარ, 2021 19:18
აცნობეთ თქვენს უფროსებს - მომავალი 4 დღიანი სამუშაო კვირისაა
725

2020 წელს, როცა მსოფლიო ჩაიკეტა, ბერლინში მდებარე ტექნიკური კომპანია Awin-ის 1000-მა თანამშრომელმა ის გააკეთა, რაც მილიონობით სხვამ: გახსნა ლეპტოპები და დაიწყო მუშაობა სამზარეულოდან და სასადილო ოთახებიდან. იმავდროულად, Awin-ის საქმიანობის მასშტაბი ონლაინ საცალო ვაჭრობის გამო გაიზარდა, რამაც თანამშრომლებზე ზეწოლის ზრდა განაპირობა.  

2020 წლის ზაფხულში კომპანიამ თანამშრომლებს განუცხადა, რომ ამიერიდან პარასკევის ლანჩის შემდეგ დასვენება შეეძლოთ. ექსპერიმენტი წარმატებული აღმოჩნდა - გაყიდვები, თანამშრომლების ჩართულობა და მომხმარებელთა კმაყოფილება გაიზარდა. იანვარში კომპანიამ გადაწყვიტა, გადაედგა ნაბიჯი 4 დღიანი სამუშაო კვირის დამკვიდრებისკენ ხელფასის შემცირების გარეშე.

„ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ბედნიერი, მოტივირებული და გაწონასწორებული თანამშრომლები საქმეს უკეთესად აკეთებენ“ - ამბობს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ადამ როსი.

Awin ახალი ტენდენციის ავანგარდშია. ვაკანსიების ვებ-გვერდ ZipRecruiter-ის ცნობით, ბოლო 3 წლის განმავლობაში სამჯერ გაიზარდა იმ განცხადებების წილი, სადაც 4 დღიანი სამუშაო გრაფიკია მითითებული. სამომხმარებლო საქონლის გიგანტმა Unilever დეკემბერში ამ იდეის 1 წლიანი ტესტირება ახალი ზელანდიის პერსონალისთვის დაიწყო.

ესპანეთის მთავრობა განიხილავს იმ კომპანიების სუბსიდირებას, რომლებიც თანამშრომლებს 4 დღიან სამუშაო კვირას შესთავაზებენ. დატვირთულ იაპონიაშიც კი, რომლის ენაში არსებობს სიტყვა karoshi - სიკვდილი გადატვირთვის გამო - დეპუტატები განიხილავენ თანამშრომლებისთვის დასვენების დამატებითი დღის მისცემის შესახებ.

„ოთხდღიანი კვირა იმპულსს იძენს“- ამბობს გაერთიანებული სმეგოს კვლევითი ცენტრის Autonomy-ს დირექტორი, უილ სტრონჯი: „კომპანიების დიდი უმრავლესობისთვის სამუშაო დროის შემცირება სრულიად რეალისტური მიზანია“.

მე-19 საუკუნის დასაწყისში დასაქმებულებს კვირაში სულ მცირე ერთი დასვენების დღე ჰქონდათ. 1926 წელს ჰენრი ფორდმა თანამშრომლებს 2 დღიანი დასვენების უფლება მისცა. ფორდი ამტკიცებდა, რომ მეტი თავისუფალი დროის შემთხვევაში მეტი ავტომობილი გაიყიდებოდა. მას ამერიკელმა ავტომწარმოებლებმაც მიბაძეს. გერმანიამ კი მხოლოდ მე-20 საუკუნის 60-იან წლებში გააუქმა შაბათის მორიგეობა, რასაც წინ პროფრკავშირების მიერ წარმოებული კამპანია უძღოდა.

ბოლო 20 წლის განმავლობაში განვითარებულ ქვეყნებში სამუშაო დრო თანდათანობით მცირდება. საფრანგეთმა 2000 წელს სამუშაო საათები კვირაში 35 საათამდე შეამცირა.

„ბევრი მოწინავე ეკონომიკა გამოცდილი სამუშაო ძალის დეფიციტს განიცდის“ - ამბობს ტერი გრეგორი, გერმანიის შრომის ეკონომიკის ინსტიტუტის მკვლევარი. „ეს უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს დასაქმებულებს, მოითხოვონ მოკლე სამუშაო საათები“.

ოთხდღიანი სამუშაო კვირის ფართოდ დამკვიდრება შესაძლოა რთული იყოს. ჩინეთის ელექტრონული კომერციის გიგანტის, Alobaba-ს მილიარდერი თანადამფუძნებელი, ჯეკ მა მიიჩნევს, რომ 6 დღიანი სამუშაო კვირა გრძელვადიანი წარმატებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. 2019 წელს დიდ ბრიტანეთში ლეიბორისტულმა პარტიამ არჩევნები წააგო იმის მიუხედავად, რომ ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩვნო დაპირება სტანდარტული სამუშაო კვირის 32 საათამდე შემცირება იყო.

ხელმძღვანელები კი ხელფასის შემცირებს გარეშე სამუშაო საათების შეკვეცისგან თავს იკავებენ. „არ მჯერა, რომ მოკლე სამუშაო საათები მნიშვნელოვნად გაზრდის პროდუქტიულობას“, ამბობს გერმანიის ეკონომიკის ინსტიტუტის შრომის ბაზრის ანალიტიკოსი, ჰოლგერ შეფერი.

რედინგის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, ბიზნესის თითქმის ორი მესამედი მიიჩნევს, რომ 4 დღიანმა სამუშაო კვირამ პროდუქტიულობა გაზარდა. ჯგუფმა, რომელსაც ბრიტანეთის ყოფილი ჩრდილოვანი კანცლერი, ჯონ მაკდონელი ხელმძღვანელობდა, წერილი მიწერა ქვეყნების ლიდერებს, მათ შორის ჯო ბაიდენს, ბორის ჯონსონს და ანგელა მერკელს და მოუწოდა, მიიღონ ოთხდღიანი კვირა სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად, სამუშაო კულტურის გადახედვისა და ენერგიის მოხმარების შემცირების მიზნით.

აგვისტოში, გერმანიის 2.3 მილიონიანი წევრის მქონე IG Metall- მა გააჟღერა ინიციატივა სამუშაო საათების შემცირების შესახებ ჯანმრთელობის კრიზისისა და ავტოინდუსტრიაში სეისმური ცვლილებების ფონზე. ავტომწარმოებელი Renault დაახლოებით 13,000 თანამშრომელს აგვისტოს შუა რიცხვებამდე პარასკევობით დასვენების საშუალებას მისცემს. ამით კომპანია შემცირებული შეკვეთების ფონზე ხარჯების დაზოგვას ცდილობს. თანამშრომლების ანაზღაურება უცვლელი რჩება მხოლოდ იმიტომ, რომ მათი ხელფასები სახელმწიფო უმუშევრობის შეღავათებით კომპენსირდება.

Awin საცდელი პროგრამის შედეგებს ზაფხულში შეაფასებს, თუმცა როსი ამბობს, რომ გამოცდილება იმდენად პოზიტიურია, წარსულ გამოცდილებასთან დაბრუნება შეუძლებელია. „კომპანიები ადრე ზრუნავდნენ ადამიანების ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, მაგრამ არასდროს ზრუნავდნენ მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. მე ვხედავ, რომ ეს იცვლება და ჩვენ გვინდა ვიყოთ ამის მამოძრავებელი ძალა“.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სტეფან ნიკოლა

მეტის ჩვენება