LIVE
ვიდეო
03 მარ, 2023 19:00
ბიზნეს კლიმატზე ძალიან ნეგატიურ გავლენას მოახდენს - დაუშვილი რუსულ კანონზე
662

კომპანია „დიოს“ დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის თამაზ დაუშვილის განცხადებით, „აგენტების“ შესახებ კანონპროექტის კანონად ქცევა დააზიანებს საქართველოს ბიზნეს გარემოს და შეარყევს ქვეყნის იმიჯს.

„საკითხი საქართველოში ბიზნეს კლიმატზე ძალიან ნეგატიურ გავლენას მოახდენს. ბუნებრივია, ეს საქართველოს იმიჯსაც შეარყევს, ვინაიდან, ერთი შეხედვით, თითქოს ჩვეულებრივ კანონზეა საუბარი, მაგრამ თუ სიღრმისეულად ჩავწვდებით, ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის გამოცდილებიდან გამომდინარე, ძალიან ცუდ ასოციაციებს იწვევს“, - განაცხადა თამაზ დაუშვილმა "ბიზნეს ფორმულას" ეთერში.

მისი განმარტებით, „აგენტების“ შესახებ კანონპროექტის მიღებით ბევრი პრობლემა შეექმნებათ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებიც არასამთავრობო სექტორისგან სხვადასხვა სახის მნიშვნელოვან დახმარებებს იღებენ.  

„ეს საკითხი ყველა მოქალაქეს ეხება და მათ შორის მინდა აღვნიშნო მცირე და საშუალო ბიზნესი. ისინი ძალიან ბევრ საინტერესო პროექტში არიან ჩართული და დიდ დახმარებას იღებენ აშშ-ის თუ ევროკავშირის ფონდების სახით, რომელსაც სხვადასხვა ადგილობრივი ორგანიზაცია ახორციელებს.

მე საშუალო ბიზნესს წარმოვადგენ და ვგრძნობთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი პროექტების არსებობა ქვეყნის განვითარებისთვის. 15 წლის წინ, ჩვენს სფეროში ერთ-ერთმა პირველმა, ISO ხარისხის სერტიფიკატი ავიღეთ და ეს მოხდა ევროკავშირის პროგრამის დახმარებით. 10 000 ევრო იყო ამისთვის გამოყოფილი. ახლა რომ ჩვენი კომპანია ხარისხზე ორიენტირებული და წარმატებულია, სადაც უამრავი ადამიანია დასაქმებული, ამის გამოცაა. თუ ეს კანონპროექტი კანონად გადაიქცევა, მსგავს საკითხებს შეიძლება საფრთხე შეექმნას“, - აღნიშნა თამაზ დაუშვილმა.

„ქართული ოცნებიდან“ ფორმალურად წასული, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატებისგან დაკომპლექტებულმა მოძრაობა „ხალხის ძალამ“ პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტები დაარეგისტრირა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, იმ ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ, მოუწევთ დარეგისტრირდნენ, როგორც უცხოური გავლენის აგენტები.

მმართველი პარტიის წევრები რუსულ კანონში პრობლემას ვერ ხედავენ, თუმცა კანონპროექტს აკრიტიკებენ საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის ელჩები. 

2 მარტს საგარეო ურთიერთობებისა და თავდაცვის კომიტეტის წევრებმა რუსულ კანონს მხარი დაუჭირეს და იურიდიულ კომიტეტს გადასცეს განსახილველად. საკომიტეტო განხილვების პარალელურად, რუსული კანონპროექტები პარლამენტში და გარეთ გააპროტესტეს. დღის ბოლოს 3 აკრედიტებული ჟურნალისტი პარლამენტიდან ძალის გამოყენებით გააძევეს. გარეთ მიმდინარე აქციაზე კი 30-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 2 ჟურნალისტი დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან სტუდენტები და აქტივისტებიც.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ