LIVE
ვიდეო
09 თებ, 2023 16:15
შენობების ენერგოეფექტურობის პასპორტიზაცია სავარაუდოდ წელს დაიწყება
1252

შენობების ენერგოეფექტურობის პასპორტიზაცია სავარაუდოდ, წელს დაიწყება. შესაბამისად, მომხმარებელი ბინის შეძენისას ინფორმირებული იქნება, რომელი კლასის შენობაში იცხოვრებს ენერგოეფექტურობის თვალსაზრისით.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, სახელმწიფომ აიღო ვალდებულება და 2020 წელს შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ კანონი მიიღო. ამავე წლიდან აშენებული საჯარო სკოლები და ბაღები მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მოწმდება. თუმცა, კერძო სექტორი ამ მხრივ კონტროლს მიღმა რჩება.

მსხვილი დეველოპერების ნაწილი "ბიზნეს ფორმულასთან" ამბობს, რომ მათ მიერ აშენებულ კორპუსებში ენერგოეფექტურობის კომპონენტები გათვალისწინებულია, თუმცა იმასაც ადასტურებენ, რომ მცირე ზომის კომპანიების შემთხვევაში ეს პრინციპი ირღვევა. 

იმის მიუხედავად, რომ არსებული რეგულაციის აღსრულებაში ხარვეზებია, 2029 წლისთვის ბიზნესს დამატებით ახალი რეგულაციები ექნება შესასრულებელი - კანონით წინასწარ განისაზღვრება კონკრეტულ შენობაში წელიწადში რამდენ კვ/სთ ენერგიას მოვიხმართ.

სტუ-ს პროფესორის, ენერგო აუდიტორის ნანი მეფარიშვილის განმარტებით, სამშენებლო სექტორისთვის ახალი რეგულაცია ფასების გაზრდის წინაპირობა გახდება.

"კერძო სექტორი ახლა, რასაც უნდა და როგორც უნდა ისე აშენებს. მომავალში კი, ამ რეგულაციებს უნდა დაექვემდებაროს. ცხადია, ეს სიახლე მშენებლობას გააძვირებს, მაგრამ სამაგიეროდ შეამცირებს ენერგიის მოხმარებას. ჩვენ ენერგო დამოკიდებული ქვეყანა ვართ, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ენერგიის ნაკლები მოხმარება და ალტერნატიული ენერგიის წყაროების გამოყენება,“ - განმარტავს მეფარიშვილი. 

კერძო ბიზნესი რომ სრულად ვერ ითვისებს ენერგოეფექტურობის პოტენციალს, ამის შესახებ ნათქვამია GIZ-ის (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) ანგარიშში, რასაც კადრების სიმცირით და თანამედროვე სტანდარტების არცოდნით ხსნიან. ასევე, პროფესიული სასწავლებლები ვერ უზრუნველყოფენ კადრების გადამზადებას. ენერგო აუდიტორების თქმით, ახალაშენებული შენობების ნაწილი შეიძლება ენერგოეფექტური იყოს, ნაწილი - არა. კანონის ამოქმედების შემთხვევაში კი, მარტივად მოხდება ამის დადგენა.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ