LIVE
ვიდეო
18 იან, 2023 14:40
Biletebi.ge თიბისი ბანკს კონკურენციის შეზღუდვაში ადანაშაულებს
1106

ონლაინ პლატფორმა Biletebi.ge თიბისი ბანკის მხრიდან კონკურენციის პირობების უხეშ დარღვევაზე მიუთითებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ თიბისი ბანკი საკუთარ გავლენას იყენებს და შვილობილი კომპანიის, TKT.ge-ს მეშვეობით, ექსკლუზიურ კონტრაქტებს აფორმებს, რაც ბაზარზე არაკონკურენტულ გარემოს ქმნის.

„მონოპოლური მდგომარეობის დასაკავებლად, თიბისი ბანკი ცდილობს, გახდეს დომინანტი ამ სფეროში და სხვა კომპანიებს მთელი საბანკო რესურსით ებრძვის. თუ შესაბამის კანონს არ მივიღებთ, საბოლოო ჯამში მოხდება ისე, რომ ბაზარზე მხოლოდ ერთი მოთამაშე დარჩება. ბანკს ვერავინ ვერ შეეჯიბრება და ვერაფერს ვერ მოუგებს, რადგან მათ შეუძლიათ საკუთარი კომპანიები წლების განმავლობაში წაგებაზე ამუშაონ“, - აცხადებს „ბიზნეს ფორმულასთან“ საუბრისას,  Bilerebi.ge-ს თანადამფუძნებელი, გიორგი ჩხიკვიშვილი.

ამის საპასუხოდ „ბიზნეს ფორმულას“ საბანკო ასოციაციაში განუცხადეს, რომ დღეს ქვეყანაში საბანკო სექტორი არის ერთადერთი, რომელსაც სხვა არაპროფილურ აქტივებში წილის ფლობა შეზღუდული აქვს, გარდა საფინანსო ნაწილისა, რაც უკვე მათი პირადი საქმიანობის გაგრძელებაა.

„კონკრეტული სექტორები არის, რომელში მონაწილეობაც არ ეზღუდება ბანკს. საფინანსო სექტორში მონაწილეობა არაპროფილური არ არის. კონკრეტული სექტორები არის დაშვებული, რომელიც პირდაპირ ბანკების საქმიანობასთან არის დაკავშირებული,“ - აცხადებს, საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი, ალექსანდრე ძნელაძე.

Biletebi.ge-ს დამფუძნებლები მარეგულირებლის მიერ საკითხით დაინტერესების და ბაზრის მოკვლევის საჭიროებაზე საუბრობენ. თიბისი ბანკი ბილეთების პლატფორმა TKT.ge-ს საკონტროლო პაკეტის, კერძოდ 55%-ის მფლობელი 2019 წლიდან გახდა. 

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ