LIVE
ვიდეო
31 ოქტ, 2022 11:28
მთავრობა თხილის სუბსიდირებისთვის ₾20 მილიონს გამოყოფს
2513

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა თხილის წარმოების სუბსიდირების პროგრამას იწყებს და ამისთვის ბიუჯეტიდან პირველ ეტაპზე, დაახლოებით, 20 მლნ ლარი გამოიყოფა.

ღარიბაშვილის განმარტებით, პროგრამის ფარგლებში, თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო საქონლის ღირებულების სუბსიდირება მოხდება.

„თხილის წარმოებაში ძალიან ბევრი თანამოქალაქეა ჩართული. წელს თხილის კარგი მოსავალი არ იყო, ხარისხი შედარებით გაუარესდა. ამას ემატება ისიც, რომ მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე, მოთხოვნა და ფასები შემცირდა. ყველაფრის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, რომ ხელი შევუწყოთ თხილის სექტორში დასაქმებულ ფერმერებს და მაქსიმალურად დავეხმაროთ. თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა ითვალისწინებს თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობას, თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო საქონლის ღირებულების სუბსიდირების გზით. ამისთვის პირველ ეტაპზე, დაახლოებით, 20 მლნ ლარს გამოვყოფთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა ფიზიკური პირი, რომელსაც საკუთრებაში, ან სარგებლობაში აქვს 0.2-დან 3 ჰექტრამდე თხილის ფართობი, 1 ჰექტარზე დაანგარიშებით 500 ლარის დახმარებას მიიღებს. აღსანიშნავია, რომ ფერმერებს აგრობარათები გადაეცემათ, სადაც შესაბამისი თანხის ოდენობით ქულები დაირიცხება. ბარათით თხილის მოვლისთვის საჭირო სხვადასხვა საქონლის შეძენა იქნება შესაძლებელი. 

იმ ფერმერებს კი, რომლებსაც 3 ჰექტარი და უფრო მეტი მოცულობის თხილის ფართობები აქვთ, შეეძლებათ ისარგებლებენ შეღავათიანი აგროკრედიტით საბრუნავი საშუალებებისთვის. ამ შემთხვევაში სახელმწიფო სესხის 8%-ს დააფინანსებს.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ