LIVE
ვიდეო
10 ოქტ, 2022 12:35
შრომის ინსპექცია ე.წ. ტაბელების წარმოებაში ცვლილებებს განიხილავს
899

ე.წ. ტაბელების წარმოების პროცესში შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს. როგორც „ბიზნეს ფორმულას“ შრომის ინსპექციაში განუცხადეს, ცვლილებებზე მუშაობა მიმდინარეობს და მასში დაინტერესებული ბიზნეს ასოციაციებიც არიან ჩართული. 

ამასთან, უწყებაში არ აკონკრეტებენ, რა სახის ცვლილებებია მოსალოდნელი. 

აღსანიშნავია, რომ ბიზნესის ნაწილი საკითხზე ინფორმირებული არაა და არც სამუშაო პროცესშია ჩართული.

"დიოს" მმართველი პარტნიორი, თამაზ დაუშვილი „ბიზნეს ფორმულასთან“ აცხადებს, რომ კომუნიკაცია აუცილებელია, რათა შემდგომ აღსრულების ნაწილში პრობლემები არ შეიქმნას. 

„საჭიროა გარკვეული კომუნიკაცია ბიზნესთან, რომ გავიგოთ რა შედეგამდე მივედით და რა პრობლემებია. მოხერხდა თუ არა კომპანიების მხრიდან აღნიშნული რეგულაციის აღსრულება და როგორ შეიძლება მისი გაუმჯობესება იმისთვის, რომ რეფორმას შედეგი ჰქონდეს, ბიზნესმა კი ეს მინიმალური დანახარჯებით განახორციელოს“,- აცხადებს თამაზ დაუშვილი.

ე.წ. ტაბელების წარმოებაში ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობენ ბიზნეს ასოციაციაში. ნიკოლოზ ნანუაშვილის შეფასებით, კომპანიებისთვის სამუშაო საათების აღრიცხვის ფორმა უნდა გამარტივდეს. მათ შორის, ცვლილება უნდა შეეხოს დისტანციურად დასაქმებულ თანამშრომლებს.

„საშუალო თუ მსხვილ ბიზნესს ჩვენ ამ სახით ზედმეტ ბიუროკრატიას ვუმატებთ. ბიზნესს ისედაც ბევრი საქმე აქვს და აწუხებს ის, რომ ამ ყველაფრის შესრულებას სჭირდება დამატებითი ადამიანური და ფინანსური რესურსი“,- აცხადებს ბიზნეს ასოციაციის იურისტი, ნიკოლოზ ნანუაშვილი.

ცნობისთვის, 2021 წლის 1-ელი მარტიდან ახალი შრომის კოდექსის საფუძველზე, საქართველოში მოქმედ ყველა კომპანიას თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაო საათების ზუსტი აღრიცხვა ევალება. შრომის ინსპექცია დარღვევის შემთხვევაში კომპანიებს 200-დან 1000 ლარამდე აჯარიმებს.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ