LIVE
ვიდეო
28 სექ, 2022 15:54
არასტანდარტული ვაშლი ბიუჯეტიდან ₾4 მილიონით დასუბსიდირდება
753

გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე წელს არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირებაზე ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარით მეტი იხარჯება. კერძოდ, წელს ამ მიზნით 4 მილიონი ლარის დახარჯვაა დაგეგმილი.

ISET-ის მთავარი მკვლევარი, ია კაცია „ბიზნეს ფორმულასთან“ აცხადებს, რომ სუბსიდირების ასეთი მექანიზმი სექტორის განვითარებას მნიშვნელოვნად შეაფერხებს, რამდენადაც ფერმერებს ხარისხის გაუმჯობესების მოტივაციას უკარგავს.

„ვხედავთ, რომ წლების განმავლობაში ფერმერები დამოკიდებული ხდებიან სახელმწიფოს დახმარებაზე. სუბსიდირება შესაძლოა გამართლებული იყოს იმ შემთხვევაში, როდესაც სექტორში რაიმე ტიპის ჩავარდა არსებობს, მაგრამ 14 წლიანი დარგის დამოკიდებულება სუბსიდირებაზე, ფასების შესახებ ინფორმაციის რღვევას იწვევს. თავად დარგის განვითარებაზე კი უარყოფითად აისახება“,- აცხადებს ია კაცია.

ამასთან, ფერმერთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა ვაშლის წარმოება და ასევე მზარდია ექსპორტი, თუმცა საერთაშორისო ბაზრებზე პროდუქტზე მოთხოვნა არ არის. სარეალიზაციოდ ვარგისი ვაშლის 95% კი რუსეთში გადის.

„ძირითადი შემოსავალი ვაშლის მწარმოებელი ფერმერებისთვის არის მაღალხარისხიანი ხილის რეალიზაცია სხვადასხვა ბაზრებზე. სახელმწიფოს ჩართულობა მნიშვნელოვანია ბაზრების დივერსიფიცირების ნაწილში და ასევე სამაცივრე ინფრასტრუქტურის მოწყობაში“,- აღნიშნა, ფერმერთა ასოციაციის აგრონომიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ედვარდ შერმადინმა.

სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, 26 სექტემბრის მდგომარეობით, საწარმოებმა 8 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი გადაამუშავეს, ადგილობრივმა ფერმერებმა ამ გზით 2 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს. შეგახსენებთ, რომ პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა წელს 120 000 ტონა ვაშლის მოსავალს ელის.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ