LIVE
ვიდეო
22 სექ, 2022 15:40
ბაზარზე შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების დეფიციტია
458

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების გადამზადების პროგრამა რამდენიმე თვის წინ განახლდა. მიუხედავად ამისა, ბაზარზე სპეციალისტების ნაკლებობაა.

როგორც კერძო სექტორის ნაწილი აცხადებს, კომპანიებში ვაკანსიებს აქვეყნებენ, კადრების პოვნა კი ჭირს.

დეფიციტის მიზეზად ბიზნესი ორ ფაქტორს ასახელებს: სპეციალისტების სერტიფიკატებს, რომლებიც სამი წლის წინ აიღეს, ვადა გაუვიდა. მათ ნაწილს კი კურსის გავლა და კომპეტენციის დადასტურება თავიდან უწევს. ამასთან, ახალი პროფესიის მიმართ დაინტერესება დაბალია. 

"ჯერჯერობით იმდენი კადრი კიდევ არ არის გადამზადებული, რომ სრულად აკმაყოფილებდეს მოთხოვნას. ვაკანსიები გვაქვს, თუმცა პრობლემურია როგორც დამწყები შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის, ისე გამოცდილის, სამსახურში აყვანა. პარალელურად, საკმაოდ გააქტიურებულია შრომის ინსპექცია, შემოწმებების ფაქტები უფრო მეტადაა გაზრდილი",- აცხადებს "ბიზნეს ფორმულასთან" OSHE Georgia-ს ვიცე-პრეზიდენტი, შოთა ნიჟარაძე.

ბიზნესის ნაწილი კვლავ ითხოვს, რომ ყველა კომპანიაში სპეციალისტის ყოლა სავალდებულო აღარ იყოს, რითაც კადრების დეფიციტის პრობლემა ნაწილობრივ მოგვარდება.

"თუ კომპანიებს ყურადღება ფოკუსირებულად მიექცევა და სპეციალისტის ყოლის ვალდებულება იქ გაჩნდება, სადაც აუცილებელია, ასეთი დეფიციტი ნაკლებად იქნება",- აცხადებს BLC Law Office-ის პარტნიორი იურისტი, ქეთი ქვარცხავა.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ