LIVE

Reuters-ის ამერიკელი თანამშრომლები გაფიცვას გეგმავენ

04 აგვ 202212:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 430
Reuters-ის ამერიკელი თანამშრომლები გაფიცვას გეგმავენ

Thomson Reuters-ის ჟურნალისტები შეერთებულ შტატებში ერთდღიანი გაფიცვისთვის ემზადებიან. 4 აგვისტოს დაგეგმილი გაფიცვა პირველი იქნება ათწლეულების განმავლობაში.

თანამშრომლების მტკიცებით, კომპანია არ აწარმოებდა სამართლიან მოლაპარაკებას ხელფასების ზრდის შესახებ, იტყობინება Communications Workers of America's NewsGuild-ი, რომელიც წარმოადგენს ამერიკულ Reuters-ის რეპორტიორებს, ფოტოგრაფებსა და ვიდეო ჟურნალისტებს. ჯგუფმა განაცხადა, რომ Reuters-ის 300-მდე თანამშრომლიდან დაახლოებით 90% აპირებს გაფიცვას.

Reuters-მა თანამშრომლებს შესთავაზა სამწლიანი კონტრაქტი გარანტირებული წლიური ანაზღაურების 1%-ით გაზრდით. პროფკავშირის თანახმად, ეს ნაბიჯი შეამცირებს თანამშრომლების მსყიდველუნარიანობას 9%-იანი ინფლაციის ფონზე.

გილდიის წევრები თვლიან, რომ Reuters-ის მენეჯერები არ მუშაობენ კეთილსინდისიერად და ასევე შეიტანეს საჩივარი აშშ-ის შრომითი ურთიერთობების ეროვნულ საბჭოში. მათ კომუნიკაცია აქვთ მედიის მუშაკთა გაფართოებულ ჯგუფთან, რომელიც ასევე აპროტესტებს დამსაქმებლების მხრიდან უსამართლო მოპყრობას.

Reuters-მა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და გააგრძელებს გილდიის კომიტეტთან მუშაობას, რათა მიაღწიონ შეთანხმებას “ორმხრივად მისაღები პირობებით”.

Reuters-ში დასაქმებულია 2500-მდე ჟურნალისტი თითქმის 200 ქალაქში. გილდია წარმოადგენს ისეთი გამოცემების პერსონალს, როგორიცაა Washington Post, Politico და Bloomberg Industry Group, Bloomberg LP-ის შვილობილი კომპანია. Bloomberg LP, Bloomberg News-ის დედა კომპანია, კონკურენციას უწევს Reuters-ს, როგორც ფინანსური სიახლეებისა და სერვისების მიმწოდებელი.

Reuters-ის გაფიცვა მედიის მუშაკთა გაზრდილი აქტივობისა და ორგანიზების ფონზე მიმდინარეობს. ბოლო წლებში NewsGuild-მა გაიმარჯვა პროფკავშირების არჩევნებში ისეთ გამოცემებში, როგორიცაა Los Angeles Times-ი. გარდა ამისა, გასულ წელს დააორგანიზა გაფიცვა ისეთ გამოცემებში, როგორიცაა Buzzfeed-ი და Miami Herald-ი.

Reuters-ის თანამშრომლებმა გაფიცვა დაამთხვიეს კომპანიის მეორე კვარტლის მოგების შესახებ განცხადებას, იმ იმედით, რომ მაქსიმალურ ყურადღებას მიიქცევდნენ მენეჯმენტისა და მომხმარებლებისგან. 

მიუხედავად იმისა, რომ ერთდღიანი გაფიცვები ზემოქმედებს კომპანიების საჯარო იმიჯზე, გილდია ელის, რომ გაფიცვა შეაფერხებს Reuters-ის ახალი ამბების მუშაობას და აიძულებს მენეჯმენტს, დაეყრდნოს უცხოელ ჟურნალისტებს ან რედაქტორებს მოვლენების გასაშუქებლად.

“გვაქვს საგანგებო გეგმები ამ მოკლევადიანი შეფერხების გადასალახად და დარწმუნებულნი ვართ, ყველა ჩვენს მომხმარებელს უმაღლეს დონეზე მივაწვდით მომსახურებას”,- ნათქვამია Reuters-ის განცხადებაში.

მედიაკომპანიამ მაისის პირველი კვარტლის მოგების ანგარიშში განაცხადა, რომ გაყიდვებმა და შემოსავალმა მოლოდინს გადააჭარბა. კომპანიის მთლიანი შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6%-ით გაიზარდა და $1,67 მილიარდს მიაღწია.

London Stock Exchange Group, რომელმაც მონაცემთა დამუშავების ბიზნესი შეიძინა Reuters-ისგან 2019 წელს, გადაუხდის მედია კომპანიას წელიწადში სულ მცირე $339 მილიონს 2048 წლამდე და “კონტრაქტი მოითხოვს კორექტირებას სამომხმარებლო ფასების ინდექსის ცვლილებებთან დაკავშირებით”.

მაისის მოგების განცხადებაში Thomson Reuters-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სტივ ჰუსკერმა აღნიშნა, რომ კომპანია ინვესტირებას განახორციელებს ბიზნესსა და თანამშრომლებში, მაგრამ გილდიის წევრებმა, რომელთა ბოლო პროფკავშირულ კონტრაქტს ვადა ამოეწურა 2020 წლის ბოლოს, განაცხადეს, რომ კომპანია არ ზრუნავს თანამშრომლებზე.

“მედია კომპანიების უმეტესობას უჭირს, მაგრამ ეს ჩვენ არ ვართ", - თქვა მაკლაფლინმა.

ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტის პრეზიდენტის, ჰეიდი შიერჰოლცის თქმით, ხელფასების 1%-ით ზრდა გამოიწვევს მსყიდველობითუნარიანობის 8%-ით შემცირებას. ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ ინფლაცია უახლოეს მომავალში არ შემცირდება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯოშ ეიდელსონი