LIVE

I კვარტალში ადგილობრივი ტურისტული ვიზიტები 13%-ით გაიზარდა - საქსტატი

14 ივნ 202212:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1081
I კვარტალში ადგილობრივი ტურისტული ვიზიტები 13%-ით გაიზარდა - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის I კვარტალში 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 მილიონ 239 ათასით შეადგინა. მათ ქვეყნის ტერიტორიაზე 1 მილიონ 380 ათასი ვიზიტი განახორციელეს.

I კვარტლის მონაცემებით, ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 13.3%-ით აღემატება.

მიმდინარე წლის სამ თვეში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 626 ათასით განისაზღვრა, რაც 13.1%-ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

ვიზიტორების 38% 31-დან 50 წლამდე იყო. ამასთან, ქალების რაოდენობა ვიზიტორების ჯამური მოცულობის 53.4%-ს შეადგენდა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 45.6% თბილისის მაცხოვრებელი იყო, 11% მოდიოდა ქვემო ქართლის რეგიონზე, 10.6% კი - იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებზე.

საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა თბილისში (საშუალოდ 331.9 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 211.7 ათასი ვიზიტი თვეში).

ვიზიტების უმრავლესობა (51.9%) განხორციელდა მეგობრებისა და ნათესავების მონახულების მიზნით.

2022 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა 210 მილიონი ლარი იყო. აღნიშნული მონაცემები 14%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი 2%-ით გაიზარდა და 152.2 ლარს გაუტოლდა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ქართველი ვიზიტორები საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტებისას, ყველაზე დიდი თანხას საყიდლებში ხარჯავდნენ.