![კონკურენციის სააგენტომ „ევროპის უნივერსიტეტი“ 15 000 ლარით დააჯარიმა](/uploads_script/articles/2022/06/03/0spmvk80nt0z7qn.jpg)
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ „ევროპის უნივერსიტეტი“ 15 000 ლარით დააჯარიმა. მიზეზი კონცენტრაციის შეუტყობინებლობაა.
როგორც კონკურენციის სააგენტოში აცხადებენ, უნივერსიტეტმა აპრილში „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი“ შეიძინა, რის გამოც, კონკურენციის კანონმდებლობის შესაბამისად, ვალდებული იყო სააგენტოსთვის წინასწარ წერილობითი შეტყობინება გაეგზავნა.
ჯარიმის დაკისრების პარალელურად, „ევროპის უნივერსიტეტს“ დაევალა, კანონმდებლობით დადგენილი სახით, კონცენტრაციის შესახებ შეტყობინება სააგენტოში წარადგინოს.
„კომპანიების შერწყმის (კონცენტრაციის) შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტო ინფორმირებული უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუ კომპანიების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა, საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება, ხოლო თითოეული კომპანიის წლიური ბრუნვა 5 მილიონ ლარზე მეტია.
სააგენტოს გვერდის ავლით, უწყების მიერ შეტყობინების განხილვამდე, ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევებში, კომპანიები მაქსიმუმ, 5%-მდე მოცულობით დაჯარიმდებიან. კონცენტრაციის შეფასების საფასური 5000 ლარით არის განსაზღვრული“, - აცხადებენ კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში.
2022 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულია 4221 კონცენტრაცია. კონკურენციის სააგენტოში აცხადებენ, რომ 2022 წლის იანვარ-მაისში თანხმობა 2 კონცენტრაციაზე გასცეს. ერთი საკითხი სამედიცინო სექტორში მოქმედი ეკონომიკური აგენტების გაერთიანებას ეხებოდა, მეორე კი - სამშენებლო სექტორს.