კომუნიკაციების კომისიის ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს საქართველოში მობილურ ინტერნეტს 3.75 მილიონი აბონენტი იყენებდა. 2020 წელთან შედარებით, მონაცემები 494 ათასითაა გაზრდილი.
გასულ წელს ყველაზე მეტი, 1.35 მლნ მობილური ინტერნეტის აბონენტი „სილქნეტს“ ჰყავდა, 1.34 მლნ - „მაგთიკომს“, ხოლო 1.06 მლნ - „ბილაინს“.
კომუნიკაციების კომისიის თანახმად, მობილური ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობა ყოველ წელს მნიშვნელოვნად იზრდება და საქართველოს მოსახლეობასთან მიმართებაში 109%-ს შეადგენს. 2017 წლიდან 2021 წლის ბოლომდე საშუალოდ მობილური ინტერნეტ მომხმარებლების რაოდენობის წლიურმა ზრდამ 9.5% შეადგინა, ხოლო 2020 წელთან შედარებით ზრდა 15% იყო.
ამასთან, გასულ წელს მობილური ინტერნეტ ტრაფიკი რეკორდულად გაიზარდა. მობილური მომსახურების აბონენტებმა, 2020 წელთან შედარებით, დაახლოებით 65%-ით მეტი - 311 პეტაბაიტამდე მობილური ინტერნეტი მოიხმარეს. ანგარიშის თანახმად, აღნიშნული განპირობებულია როგორც მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობის, ასევე, ბაზარზე ახალი თაობის ტელეფონების რაოდენობის ზრდით. მობილური ინტერნეტის მოხმარების ზრდა ასევე 4G ქსელისა და მომსახურების განვითარებას უკავშირდება, რასაც პანდემიიდან გამომდინარე ინტერნეტზე გაზრდილი მოთხოვნა დაემატა.
2021 წელს მთლიანი მობილური ინტერნეტ მოხმარების 91% 4G ტექნოლოგიაზე მოდიოდა, რაც 2020 წლის იგივე მაჩვენებელზე 6%-ით მეტი იყო. 4G ტექნოლოგიის მოხმარების ზრდასთან ერთად, იკლო 2G და 3G ტექნოლოგიებით მოხმარებული ინტერნეტ ტრაფიკის რაოდენობამ. 2021 წელს 3G-ის მოხმარებამ 9%, ხოლო 2G-ს - 0.1% შეადგინა.
4G ტექნოლოგიის ტრაფიკის წილის მიხედვით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს „ბილაინს“ (92.5%), „მაგთიკომსა“ (92.3%) და „სილქნეტს“ (87.7%).