LIVE

შვედეთი დეფიციტის შესავსებად მზის ენერგიაზე გადადის

28 მაი 202215:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 1050
შვედეთი დეფიციტის შესავსებად მზის ენერგიაზე გადადის
Patrik Ekenblom/Alight AB

შვედეთში, რომელიც ცნობილია გრძელი, ბნელი ზამთრით, მზის ენერგიის ბუმია.

მზის ენერგიის გამოყენება ყველაზე სწრაფი გზაა სამხრეთ შვედეთში ორი დახურული ბირთვული რეაქტორის გაუქმების შედეგად შექმნილი დეფიციტის შესავსებად. რეგიონში მომხმარებლები ცდილობენ მიიღონ მწვანე ენერგია სტაბილურ ფასებში. მზის ენერგია სწრაფად ეწევა ქარს, რადგან დეველოპერები ამონტაჟებენ პანელებს სახურავებზე და დასახლებულ ადგილებში არასაკმარისად ათვისებულ მიწებზე.

მიუხედავად იმისა, რომ მზის ნაკლებობა შემაფერხებელი ფაქტორია, ყოველი ახალი ელექტროენერგიის სიმძლავრე შეამცირებს იმპორტს ევროპიდან, სადაც ფასები სამჯერ მეტია, ვიდრე შვედეთში.

პროექტები ასევე სწრაფად ვითარდება, რადგან დეველოპერები პირდაპირ დებენ მომხმარებლებთან ელექტროენერგიის გაყიდვის გარიგებებს და არ არიან დამოკიდებული მთავრობის მხარდაჭერაზე, ამბობს ჰარალდ ოვერჰოლმი, Alight AB-ის აღმასრულებელი დირექტორი, რომელმაც მიმდინარე თვეში დაიწყო შვედეთის უდიდესი მზის სადგურის პროექტი.

კომპანიები სწრაფად იზრდებიან, შედეგად, მიმდინარე წელს ქვეყანაში მთლიანი სიმძლავრე 2 გიგავატამდე გაიზრდება. ეს აღემატება რინგჰალსის ორი ბირთვული რეაქტორის სიმძლავრეს, რომელთა მუშაობა 2020 წელს შეჩერდა.

“ჩვენ ვაფორმებთ კონტრაქტებს უშუალოდ ენერგორესურსების მომხმარებელ კომერციულ პარტნიორებთან და ეს არის ის, რაც განაპირობებს განვითარებას“, - თქვა ჰარალდ ოვერჰოლმმა.

მიუხედავად იმისა, რომ ფართომასშტაბიანმა ჰიდრო და ქარის პროექტებმა შეამცირეს ელექტროენერგიის ღირებულება ჩრდილოეთში, გამომუშავების სიმძლავრის ნაკლებობამ და გადატვირთულმა ქსელებმა აიძულა სამხრეთ შვედეთი, ელექტროენერგიის იმპორტი დაეწყო.

სამხრეთ შვედეთში არიან დიდი მომხმარებლები, როგორიცაა SSAB-ის ფოლადის და ქაღალდის ქარხნები, მაგრამ მოთხოვნა და ელექტროენერგიის უფრო მაღალი ფასები რეგიონში არ იყო საკმარისი ქარის ენერგიისა და ქსელის გაფართოების ნებართვის პროცესის დასაძლევად. მუნიციპალიტეტები და შინამეურნეობები კვლავ სკეპტიკურად უყურებენ დიდ ტურბინებს და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში.

მზის ენერგიის დეველოპერები არ აწყდებიან იგივე პრობლემას. ისინი იყენებენ არასაკმარისად ათვისებულ მიწას ან ამონტაჟებენ პანელებს სახურავებზე, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს ინტეგრაციის პროცესს.

მსხვილი პროექტების უმეტესობა ასევე აფორმებს გრძელვადიან  გარიგებებს პირდაპირ კლიენტებთან, რაც საკმარისია სახელმწიფო სუბსიდიების გარეშე ფუნქციონირებისთვის. მყიდველები ნაკლებად ექვემდებარებიან ძალიან არასტაბილურ ბაზარს.

“საზოგადოებრივი გამოკითხვების თანახმად, მზის ენერგია ორჯერ უფრო პოპულარულია შვედეთში, ვიდრე ქარი. ეს ქმნის მეტ ბიომრავალფეროვნებას, არ გამორიცხავს მიწის სხვაგვარ გამოყენებას გრძელვადიან პერსპექტივაში”, - განაცხადა ოვერჰოლმმა.

მიმდინარე თვეში Alight-მა წამოიწყო 18 მეგავატიანი პროექტი სკუპურში, რომელიც გაყიდის პროდუქტებს რესტორნების მომსახურების კომპანიაზე. მსგავსი გარიგება გაფორმდა Swedbank-თან ლინკოპინგში. კომპანია გეგმავს კიდევ 600 მეგავატი სიმძლავრის აშენებას სამხრეთ შვედეთში მომდევნო ორი წლის განმავლობაში.

სხვა კომპანიები, როგორიცაა Helios Nordic Energy, OX2 და European Energy, ასევე გეგმავენ ახალ სიმძლავრეების დამატებას.

თუმცა, კომპანიები სერიოზული პრობლემის წინაშე დგანან - მზის ნაკლებობა.

Bloomberg NEF-ის მონაცემებით, გამოწვევა ნიშნავს, რომ სკანდინავიური მზის ენერგია ჯერ კიდევ ჩამორჩება სხვა ევროპული ქვეყნების მაჩვენებელს.

Merlin & Metis AB-ის ენერგეტიკული ბაზრების კონსულტანტის, კრისტიან ჰოლცის თქმით, დამატებითი სიმძლავრე სრულად ვერ ჩაანაცვლებს დახურულ რეაქტორებს, თუმცა შეამცირებს ფასებს სამხრეთ შვედეთში.

“თუ გადავხედავთ გერმანიას, რომელმაც ასევე დახურა ატომური ელექტროსადგურები და ააშენა მზის ენერგიის დიდი სიმძლავრეები, დავინახავთ აშკარა გავლენას ძალიან დაბალ ფასებზე. ასევე ვიწყებთ საკმაოდ დიდი მოცულობის დამატებას შვედეთში და ეს გამოიწვევს ფასთა შორის განსხვავებას”,- განაცხადა ჰოლცმა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯესპერ სტერნი