LIVE

1976 წლის შემდეგ პირველად, აშშ-ს ეკონომიკა ჩინეთისაზე სწრაფად გაიზრდება

20 მაი 202219:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1190
1976 წლის შემდეგ პირველად, აშშ-ს ეკონომიკა ჩინეთისაზე სწრაფად გაიზრდება

ჩინეთში გახანგრძლივებული "ლოკდაუნის" ფონზე, შესაძლოა, 1976 წლის შემდეგ პირველად, აშშ-ის ეკონომიკის ზრდის ტემპმა ჩინეთისას გაუსწროს. 

Bloomberg Economics-ის ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკა მიმდინარე წელს მხოლოდ 2%-ით, აშშ-ის მთლიანი შიდა პროდუქტი კი 2.8%-ით გაიზრდება. 

მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის სტიმულირებისთვის პეკინი ფისკალურ, მონეტარულ და მარეგულირებ ზომებს მიმართავს, "ნულოვანი კოვიდის" სტრატეგიის პირობებში მათი გავლენა მცირდება. 

მას შემდეგ, რაც 1970-იანი წლების ბოლოს ჩინეთში დაიწყო კამპანია "რეფორმა და გახსნა", მას უფრო სწრაფი გაფართოების ტემპი ახასიათებს. 1976 წლის შემდეგ, ჩინეთისთვის 2%-იანი ზრდა ყველაზე მცირე მაჩვენებელია, თუმცა ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მაჩვენებლის შემთხვევაში, ჯერ კიდევ რჩება შესაძლებლობა, რათა აშშ-სთან სხვაობა შემცირდეს.

2%-იანი ზრდის ტემპთან შედარებით, გაცილებით მაღალი იქნება ჩინეთის მთავრობის ოფიციალური ზრდის სამიზნე მაჩვენებელი, რომელიც მიმდინარე წელს დაახლოებით 5,5%-ს შეადგენს, რაც ყველაზე დაბალია, რაც კი ოდესმე ჩინეთს დაუსახავს. 

Wall Street Journal-ის გასული თვის ინფორმაციით, სი ძინპინმა მთავრობის წევრებს უთხრა, რომ ჩინეთის ზრდა წელს აშშ-ს ზრდას უსწრებს. 

"თუნდაც "ნულოვანი კოვიდის" პოზიციის ნაკლებად სავარაუდო შემსუბუქებით, 5%-იანი ზრდა (რომ აღარაფერი ვთქვათ მთავრობის 5,5%-იანი სამიზნეზე) მიუღწეველია", - აღნიშნულია Bloomberg Economics-ის ანგარიშში. 

ზოგიერთი ეკონომისტის შეფასებით, ჩინეთის მშპ ამ კვარტალში აპრილის საცალო გაყიდვების და სამრეწველო წარმოების შემცირების ფონზე შემცირდა. 

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელიც კონგრესის კანონმდებლებს მოუწოდებს, მიიღონ საკანონმდებლო პაკეტი ჩინეთის წინააღმდეგ აშშ-ის კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად, ანალიტიკოსების შეფასებით, ზრდის ასეთ შედეგს აუცილებლად გამოიყენებს. 

გასული წლის მეოთხე კვარტალში, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აშშ-ში ეკონომიკა 5,5%-ით გაიზარდა, ჩინეთში კი - 4%-ით. ჯერ კიდევ გასარკვევია, შეუძლია თუ არა აშშ-ს, ჩინეთს კალენდარული წლის საშუალო მაჩვენებლის მიხედვით გაუსწროს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ტომ ჰენკოკი და კრის ენსტეი