
მილენიალებზე გავრცელებული სტერეოტიპების საწინააღმდეგოდ, ეს თაობა მშობლების სარდაფებში სულაც არ ცხოვრობს. ისინი მრავალმილიონიანი ღირებულების სახლებს ანიჭებენ უპირატესობას.
მილენიალები-როგოც 1981 წლიდან 1996 წლამდე დაბადებულ ადმიანებს ეძახიან - აშშ-ს საბინაო ბაზრის მყიდველთა ყველაზე დიდ წილს, 38%-ს წარმოადგენენ.
როგორც აღმოჩნდა, მილენიალები ისევე არიან დაინტერესებული სახლის შეძენით, როგორც წინა თაობები, "ისინი, უბრალოდ, უფრო დიდხანს ელოდნენ პირველ შენაძენს” - ამბობს ბრედლი ნელსონი, Sotheby's International Realty- ის მარკეტინგის მთავარი დირექტორი.
დისტანციურმა მუშაობამ ამ თაობის წარმომადგენლებს საშუალება მისცა უძრავი ქონება უფრო პატარა და ხელმისაწვდომ ქალაქებში ეყიდათ, ნათქვამია Sotheby's- ის ახალ მოხსენებაში.
ასაკის მატებასთან ერთად, მილენიალების ყურადღება მდგრად განვითარებაზე გადავა და მათი პრეფერენციები ფუფუნების საგნებზე იქნება მიმართული. 72 მილიონიანი ზრდასრულთა ჯგუფი, რომელსაც ეს თაობა წარმოადგენს, უძრავი ქონების განვითარების მიმართულებაზე აუცილებლად დიდ ზეგავლენას მოახდენს.
განსაკუთრებულ ფოკუსში მოექცევა ტექნოლოგიური განვითარება და ეკოლოგიური ღირებულებები. ეს ტენდენციები სამომავლოდ მთავარი მამოძრავებელი იქნება უძრავი ქონების ბაზარზე.
Sotheby's-ის ანგარიშის მიხედვით, ასპენში მესამე კვარტალში გაყიდვების მთლიანმა მაჩვენებელმა რეკორდულ 1.5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, ხოლო პარკ სიტის ზოგიერთ უბანში, იუტაში, საშუალო გაყიდვების ფასები ზაფხულის განმავლობაში 50% –ით გაიზარდა.
მილენიალები სახლს ირჩევენ იმის მიხედვით თუ სად უნდათ ცხოვრება და არა იმის მიხედვით სად მუშაობენ - ამბობს ნელსონი. ეს ასაკობრივი ჯგუფი თავიანთ ცხოვრების საერთო წესზე და ხარისხზე მეტს ფიქრობს. ეს ტენდენცია მეორე დონის ბაზრებს ინტერესთა სიის სათავეში აქცევს.
იგივე ტენდენციებია აშშ-ს გარეთაც.
საერთო ჯამში, ძვირადღირებული უძრავი ქონების ბაზარი ზრდისთვის მომწიფებულია.
Sotheby's International Realty-ის დეკემბრის კვლევის თანახმად, შვილობილი კომპანიების 63% -მა დაადასტურა რომ, მომავალი სამი წლის განმავლობაში ფუფუნების სახლების ფასები გაიზრდება. გამოკითხულთა 70% -ზე მეტმა განაცხადა, რომ მოთხოვნა 2020 წლის ბოლოს უკვე გაიზარდა .
მიუხედავად ამისა, მოკლევადიან პერსპექტივაში, ვაქცინების განაწილებამ და საკარანტინო შეზღუდვებმა შეიძლება შეაფერხოს უცხოელი მყიდველის ინტერესი.
ფაქტორია ისიც, რომ ახალგაზრდა, შეძლებული მყიდველების სწრაფად მზარდი ჯგუფისთვის ბაზარზე მწირი არჩევანია. განსაკუთრებით ისეთი ვარიანტების, რომლებიც მილენიალების უნიკალურ გემოვნებას დააკმაყოფილებს.
მიუხედავად ამისა, ნელსონი დასძენს, რომ "სიმდიდრის შექმნის ზრდასთან და კაპიტალის ღირებულების შემცირებასთან ერთად, მაღალი კლასის საბინაო ბაზრისთვის დამაიმედებელი მდგომარეობა იქმნება."
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჟაკლინ დავალოსი