LIVE

მისია შესრულებადია: დროა, გარემოსდაცვით გამოწვევებს შევეჭიდოთ!

26 აპრ 202217:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 845
მისია შესრულებადია: დროა, გარემოსდაცვით გამოწვევებს შევეჭიდოთ!

მსოფლიო, რომელშიც ვცხოვრობთ, ადამიანის მიერ გამოწვეული სოციალური, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური საფრთხეების წინაშეა. COVID-19-ის პანდემია, ეკონომიკური რეცესია, კლიმატის ცვლილება - და ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია. 2015 წელს გაეროს წევრი ქვეყნები გაერთიანდნენ, რათა მიეღოთ ჩარჩო დოკუმენტი, მსოფლიოს სტრატეგია, რომელიც ხელს შეუწყობდა ინკლუზიურ მდგრად განვითარებას და ეკონომიკურ ზრდას ყველა ქვეყანაში. გლობალური დღის წესრიგი განსაზღვრავს ამოცანებს, რომლებიც სახელმწიფოებს მიუთითებს, როგორ გადალახონ არსებული მდგრადობის გამოწვევები და, უფრო შორსაც წავიდნენ, გააუმჯობესონ ადამიანების ცხოვრების ხარისხი მთელს მსოფლიოში. სულ სხვაა, მისი განხორციელება. მდგრადი განვითარების დღის წესრიგის მიღწევა სასარგებლოა ხელისუფლებისთვის, ბიზნეს სექტორისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ადგილობრივი თემებისთვის, შესაბამისად, ყველა ეს მხარე მიზნების განხორციელების პროცესში საკუთარ როლს უნდა თამაშობდეს.

COVID-19 პანდემიამ წარმოაჩინა სოციალური პრობლემების მძიმე გავლენები ეკონომიკაზე; ამასთან, კლიმატის ცვლილების უარყოფით გავლენას კიდევ უფრო შორს შეუძლია წაგვიყვანოს. 2016 წელს მსოფლიოს ლიდერები - მთავრობები, კერძო სექტორი, დარგის ექსპერტები, - კვლავ გაერთიანდნენ კაცობრიობისთვის კიდევ ერთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიზნისთვის, პარიზის შეთანხმების მისაღწევად, რომლითაც დადეს პირობა, გლობალური ტემპერატურა პრეინდუსტრიულ დონესთან შედარებით 2.0 გრადუს ცელსიუსზე „ბევრად დაბალ“ ნიშნულზე შეენარჩუნებინათ, სასურველ დონედ კი 1.5 გრადუსი ცელსიუსი მიიჩნიეს. მართალია, ამ შეთანხმების შესრულებაზე ხელმომწერი სახელმწიფოების მთავრობები არიან პასუხისმგებელი, მაგრამ კერძო სექტორი კლიმატის გარიგებით დასახული ამოცანების მიღწევაში მაინც გადამწყვეტ როლს ასრულებს.

კლიმატის კრიზისი: სად ვართ?

ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს (NASA) 2021 წლის დასაწყისში გამოქვეყნებული სტატიის „2020 წლის კლიმატური მოვლენები“ თანახმად, ნახშირორჟანგის (CO2) დონე უკანასკნელი 650,000 წლის მანძილზე, ყველაზე მაღალია. ეკონომიკური რეცესიისა და ბევრი საწარმოს დახურვის მიუხედავად 2020 წელს ნახშიროჟანგის კონცენტრაციის საერთო დონე მაინც მზარდი იყო.

გარდა ამისა, NASA-ს მიმოხილვის თანახმად, 2020 წელი მძიმე იყო დიდი მასშტაბის ტყის ხანძრებით ავსტრალიაში, ციმბირსა და აშშ-ში. ავსტრალიის ხანძრების შედეგად თითქმის 19 მილიონი ჰექტარი დაიწვა, რამაც ატმოსფეროში მასიური კვამლის და სხვა ნაწილაკების გაფრქვევა გამოიწვია. ტემპერატურის მატების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა ციმბირში 2020 წელს, რეგიონის ზოგიერთ ნაწილში ეს ზრდა 37 გრადუსს აღწევდა. უფრო მეტიც, გოდარდის სახელობის კოსმოსური კვლევის ინსტიტუტის (GISS) ტემპერატურის ანალიზის თანახმად, ბოლო 30 წელიწადში არქტიკა სამჯერ უფრო სწრაფად თბება, ვიდრე დანარჩენი დედამიწა. დედამიწის ზედაპირის საშუალო გლობალური ტემპერატურა 2020 წელს გაუთანაბრდა 2016 წლის მაჩვენებელს, რომელიც რეკორდულად თბილი წელი იყო, ამავდროულად დედამიწის ისტორიაში, 1880 წლიდან მოყოლებული, ყველაზე თბილი 19 წელი 2000 წლის შემდეგ დაფიქსირდა.

კლიმატის ცვლილება ყველა ჩვენგანზე ახდენს გავლენას, განსაკუთრებით კი ღარიბ და მოწყვლად მოსახლეობაზე, ამასთან, საკვებისა და წყლის დეფიციტს უწყობს ხელს. თუ სახელმწიფოები არ გადადგამენ ნაბიჯებს სათბურის აირების გაფრქვევების შესამცირებლად, მომავალი წლები კიდევ უფრო მწვავე იქნება ბუნებრივი კატასტროფების შედეგად საზოგადოებების და საბაზრო ეკონომიკების თვალსაზრისით.

რატომ არის კლიმატის გარიგება მნიშვნელოვანი?

კლიმატის ცვლილებას მსოფლიომ პარიზის შეთანხმებით უპასუხა. პარიზის შეთანხმების განხორციელება მოითხოვს ეკონომიკურ და სოციალურ გარდასახვას, საჭიროებს, რაც შეიძლება სწრაფად, ტექნოლოგიურ განვითარებას და ინოვაციებს სათბურის აირების გაფრქვევების შესამცირებლად მთელს მსოფლიოში. ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად, ხელმომწერი განვითარებული სახელმწიფოები პასუხისმგებლობას იღებენ ფინანსურად დაეხმარონ და ინსტიტუციურად გააძლიერონ უფრო სუსტი სახელმწიფოები. შეთანხმების მხარე თითოეული ქვეყანა, მათ შორის, საქართველო, პასუხისმგებელია კლიმატის ცვლილების საპასუხოდ, 5 წელში ერთხელ, ამბიციური ეროვნული გეგმის შემუშავებაზე, რაც ხაზს უსვამს ადგილობრივ დონეზე სათბურის აირების გაფრქვევის შემცირებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, რათა მიღწეული იყოს პარიზის გარიგებით განსაზღვრული ამოცანები. ეს ნაბიჯები დააჩქარებს სახელმწიფოების გარდაქმნას დაბალი ნახშირბადის ეკონომიკებად და ამ პროცესში მათ მიერ შემუშავებული რეგულაციები პასუხისმგებლობას დააკისრებს ყველა ძირითად მხარეს, მათ შორის, ბიზნეს სექტორს.

გარემოსდაცვითი მდგრადობის ბიზნეს სარგებელი

მსოფლიოს ირგვლივ სულ უფრო მეტი ბიზნეს ლიდერი აღიარებს კლიმატის წინაშე არსებული გამოწვევების გადაუდებლობას და, 1.5 გრადუსის ტრაექტორიის თანმხვედრად, დგამს ნაბიჯებს საკუთარი ოპერაციების გარდასაქმნელად. ერთ-ერთი ინიციატივა, რომელიც აერთიანებს ბიზნესს გაფრქვევების შემცირების მიზნების ირგვლივ არის ბიზნესის ამბიცია 1.5°C კამპანია, რომელიც გაეროს ორგანოების გლობალური ქსელის, ბიზნესის და ინდუსტრიის ლიდერების მიერაა მხარდაჭერილი. კამპანიაში ჩართული კომპანიები იღებენ ვალდებულებას, დაისახონ მეცნიერებაზე დამყარებული გაფრქვევების შემცირების ამოცანები - თავის ღირებულებათა ჯაჭვის მთელს სისტემაში.

ჩნდება კითხვა - რატომ იღებენ კომპანიები ვალდებულებას კლიმატის მოქმედებებზე? გარდა საბაზრო ეკონომიკაზე კლიმატის ცვლილების გავლენების შესახებ ზემოთ მითითებული დამაჯერებელი არგუმენტებისა, კომპანიები ხედავენ ეკოლოგიურად მდგრად პროდუქტებსა და მომსახურებებში ბიზნესის ზრდის პოტენციალს. ნახშირბადის გაფრქვევების გამჟღავნების პროექტის (CDP) მიერ მსოფლიოს 500 ყველაზე მსხვილი კომპანიიდან გამოკითხული 225 კომპანიის პასუხებიდან გამომდინარე, კლიმატთან დაკავშირებული ბიზნეს შესაძლებლობები 2.1 ტრილიონ აშშ დოლარს აღწევს.

უფრო მეტიც, CDP-ის მიერ 2019 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, 215 ყველაზე დიდი გლობალური კომპანიის კლიმატის გავლენისგან მომავალი რისკები 1 ტრილიონი აშშ დოლარის ტოლია, რომელთაგან ბევრი მომდევნო 5 წელიწადში შეიძლება გამოვლინდეს. მსოფლიოს ირგვლივ დიდმა კომპანიებმა, მართალია, უკვე დაიწყეს საკუთარი ოპერაციების ტრანსფორმირება კლიმატთან დაკავშირებული მიზნების გათვალისწინებით, თუმცა მცირე და საშუალო საწარმოები სათანადოდ ვერ იყენებენ აღნიშნულ ჩარჩოს, რადგან არ აქვთ შესაბამისი ცოდნა და შესაძლებლობები. გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) მიერ ევროპის კომისიის მხარდაჭერით დანერგილი ახალი ბიზნეს მიდგომა, ეკო-ინოვაცია, ხელს უწყობს მდგრადობას პროდუქტის მთელს სასიცოცხლო ციკლში და ამავდროულად უზრუნველყოფს კომპანიის საქმიანობის ზრდასა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. მიდგომა შემუშავებულია განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოების მხარდასაჭერად კორპორაციული ტრანსფორმაციის პროცესში. ეკო-ინოვაციას შეუძლია ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო საწარმოებს ახალ და მზარდ ბაზრებზე შეღწევაში, პროდუქტიულობის გაზრდაში, ბიზნესისთვის ახალი ინვესტიციების მოზიდვაში, ღირებულებათა ჯაჭვში მოგების ზრდაში და დაეხმაროს მათ მზად დახვდნენ სხვადასხვა რეგულაციასა თუ სტანდარტს.

რა ხდება შემდეგ?

ჩვენ ვცხოვრობთ სწრაფი ცვლილებების სამყაროში, რომელიც მომდევნო წლებში კიდევ უფრო დაჩქარებულ მოქმედებას მოითხოვს სოციალური და კლიმატური გამოწვევების დასაძლევად. განსაკუთრებით ახლა, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები ხელახლა შეუერთდა პარიზის შეთანხმებას და ისახავს ამბიციურ კლიმატურ ამოცანებს, გლობალური პროცესები კვლავ სწრაფმავალ გზაზეა. მდგრადობა მომავლის ბაზრების მამოძრავებელი იქნება. მართალია, მნიშვნელოვანია მივყვეთ ამ პროცესს, გვქონდეს უახლესი ინფორმაცია და ვიმოქმედოთ დროულად, თუმცა შეუძლებელია ამის დამოუკიდებლად გაკეთება. სახელმწიფოს, ბიზნესის და სამოქალაქო საზოგადოების მიერ გადადგმული ნაბიჯები კოორდინირებული და თანმხვედრი უნდა იყოს. მომავალი ერთიანობას მოითხოვს. აღარ არის იმის დრო, რომ დავსვათ კითხვა რატომ? შეზღუდულია როგორ? და როდის? კითხვების დასმის დროც.

კონკრეტული, სწრაფი ნაბიჯების გადადგმის დროა!

სტატია მომზადებულია სალომე ზურაბიშვილის მიერ გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ყოველ კვარტალური ჟურნალისთვის SUSTAINABILITY SPOTLIGHT, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.

გამოგვყევით გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის Facebook გვერდზე